Facebook Twitter

საქმე №ას-634-2020 19 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

რ.კ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.გ–ძის(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება ქ. რუსთავში, ........ ქუჩა N3-ში მდებარე უძრავი ნივთი (ბინა N7), საკადასტრო კოდით: N....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“). მოპასუხე ფლობს მას და მოსარჩელეს არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. აუქციონი, რომელზეც მოსარჩელემ შეიძინა ბინა, ჩატარდა დარღვევით, კერძოდ, მოპასუხეს სააღსრულებო წარმოების შესახებ შეტყობინება არ მიუღია, შემძენს ბინა არ უნახავს და იგი კეთილსინდისიერი შემძენი არ არის.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.01.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.

4.2. მას ფლობს მოპასუხე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4.3. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

4.4. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე, 172-ე, 162-ე, 168-ე და 312-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას მართლზომიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს თავის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

5. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მანვე მოითხოვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინების, კერძოდ, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების, გაუქმება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო სასამართლომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებულ წინმსწრებ განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი:

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას.

6.2. საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს: ა. განსახილველი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას. ბ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში იხილება მოპასუხის სარჩელი, სადაც სადავოა უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 მაისის განკარგულება N A17117333- 022/001.

6.3. დაუსაბუთებელია აპელანტის მსჯელობა საქმის განხილვის შეუძლებლობის თაობაზე, რამდენადაც სსკ-ის 312.2 მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი. სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ ბინა აუქციონზე შეიძინა მიზერულ ფასად, თანაც ისე, რომ ბინა არ უნახავს, რაც მოწმობს მის არაკეთილსინდისიერებას.

7.2. სასამართლოს არ გამოუკვლევია, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას. მოპასუხისთვის გასაგები იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნა, მას რომ მიეთითებინა ბინის გასხვისების სურვილზე ან მაგალითად, სამეწარმეო მიზნით გამოყენებაზე. მოსარჩელის განმარტება, რომ არ ეთანხმება მისი კუთვნილი სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მიერ ფლობას, მოპასუხეს მიაჩნია უფლების ბოროტად გამოყენებად.

7.3. სადავო უძრავ ნივთს მოპასუხესთან ერთად ასევე ფლობენ მოპასუხის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, რასაც მოწმობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. ირღვევა მათი უფლებები.

7.4. არასწორად არ იქნა გაუქმებული განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელემ უკანონოდ მოიპოვა საკუთრება სადავო უძრავ ქონებაზე. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში აუქციონის შედეგების ბათილობა იხილება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობას. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება ადმინისტრაციული სარჩელით დავის გადაწყვეტამდე.

7.5. სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ სადავო უძრავ ქონებაზე თავისი მართლზომიერი მფლობელობა ვერ დაამტკიცა. ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდებოდა, რომ აუქციონი ჩატარდა უკანონოდ, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი შემძენია, ხოლო მოპასუხე - მართლზომიერი მფლობელი. სხვა შემთხვევაში მოპასუხისათვის მართლზომიერი მფლობელობის მტკიცების ტვირთის დაკისრება არასწორია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

13. სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

14. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს.

15. რაც შეეხება მოპასუხის ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

16. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთებს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

17. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი თავად წყვეტს ვის მიმართ გააჩნია პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოსარჩელის ადრესატი მოპასუხეა. მის მიმართ აღძრული სავინდიკაციო მოთხოვნა სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა (სუსგ Nას-1208-2019, 21.11.2019წ., 69; Nას-ას-568-527-2017, 30.06.2017წ., 1.5.4.; Nას-756-2020, 29.10.2020წ., 15, 22; ). მოპასუხე თავის საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს მისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებაზე.

18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

19. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები განსახილველ საქმეზე არ არსებობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, რომელსაც მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს. შესაბამისად, არ დადასტურდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას კასატორის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 23.05.2018წ. განკარგულების ბათილობის მოთხოვნით მიმდინარე ადმინისტრაციული დავის განხილვის დასრულებამდე (შდრ. სუსგ №ას-1551-2018, 31.01.2019წ., №ას-415-415-2018, 04.05.2018წ.).

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

21. კასატორთა მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-901-867-2016, 09.12.2016 წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ვ.გ–ძეს (პირადი ნომერი ........) უკან დაუბრუნდეს დ.ა–ძის (პირადი ნომერი .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 03.10.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ლევან მიქაბერიძე