Facebook Twitter

საქმე №ას-1366-2020 4 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები : 1. “A.S.A”

წარმომადგენელი - გ.ს–ი

2. შპს „რ.ა–ი“

წარმომადგენელი - ი.ნ–ა

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“, შპს „პ.კ.ე–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2016წ. განჩინებით სს „ს.ბ–ის’’ (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი საარბიტრაჟო მოსარჩელე“) და შპს „პ.კ.ე–ის“ (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე საარბიტრაჟო მოსარჩელე“) შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. ცნობილ იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: პირველი საარბიტრაჟო მოსარჩელის სარჩელი შპს „რ.ა–ის“ და A.S.A-ს (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე“, „მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე“, ერთად მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ დაკმაყოფილდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს პირველი საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 170 000 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა 168 559,64 აშშ დოლარი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 1 440,36 აშშ დოლარი) და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 35 000 ლარის გადახდა; მეორე საარბიტრაჟო მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და საარბიტრაჟო მოპასუხეებს მეორე საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 1 093 453.08 აშშ დოლარის (სესხის ძირი თანხა) გადახდა (ტ.1, ს.ფ. 58-61, 92-94).

2. 01.12.2016წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2016წ. განჩინების ბათილად ცნობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე, განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სააპელაციო სასამართლოს 14.11.2016წ. განჩინების აღსრულების შეჩერება (ტ.1, ს.ფ. 95-107).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.12.2016წ. განჩინებით მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად (ტ.6, ს.ფ. 153,154).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.12.2016წ. განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2016წ. განჩინების (მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე) აღსრულება (ტ.6, ს.ფ. 155-159).

5. 19.12.2016წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება (ტ.7, ს.ფ. 1-14).

6. 18.04.2017წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა პირველი საარბიტრაჟო მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2016წ. განჩინების ბათილად ცნობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე, განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სააპელაციო სასამართლოს 14.11.2016წ. განჩინების აღსრულების შეჩერება (ტ.8, ს.ფ. 47-55). 28.04.2017წ. განჩინებით განცხადება განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტ.8, ს.ფ. 274-277).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.05.2017წ. განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2016წ. განჩინების (მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე) აღსრულება (ტ.9. ს.ფ. 185-189).

8. 17.05.2017წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა პირველი საარბიტრაჟო მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება (ტ.9, ს.ფ. 1-17).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2020წ. განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეების განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2016წ. განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საარბიტრაჟო მოპასუხეების საჩივრებზე მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეწყდა საქმის წარმოება. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.12.2016წ. და 23.05.2017წ. განჩინებები ამავე სასამართლოს 14.11.2016წ. განჩინების (მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე) აღსრულების შეჩერების შესახებ (ტ.10, ს.ფ. 240-285).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივრები წარადგინეს საარბიტრაჟო მოპასუხეებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, კერძო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

12. სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი. თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობა ამომწურავად განსაზღვრავს საერთო სასამართლოების კომპეტენციას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებთან მიმართებით და ადგენს იმ ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში სასამართლოს გზით ჩარევა (სუსგ Nას-144-144-2018, 29.03.2018წ.).

13. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

14. მხარეები უფლებამოსილნი არიან ნების ავტონომიის ფარგლებში შეთანხმდნენ დავის განსახილველად არბიტრაჟისათვის გადაცემაზე, რაც უზრუნველყოფს არბიტრაჟის, როგორც ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და კრძალავს სასამართლოს მხრიდან არბიტრაჟის საქმიანობაში ინტერვენციას, კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა. ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი განმტკიცებულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში: დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლითაც, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

15. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში - საქართველოს უზენაესი სასამართლო.

16. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეებს: არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ; სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

17. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და ცალსახად ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების საკითხებზე მსჯელობის უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოებს, რომელთა მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობასაც სსსკ არ ითვალისწინებს (მუხ. 356 21, 35624).

18. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრები შეეხება სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო მოპასუხეების განცხადებები სააპელაციო სასამართლოს 14.11.2016წ. განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეწყდა წარმოება საარბიტრაჟო მოპასუხეების საჩივრებზე მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და გაუქმდა სასამართლოს 13.12.2016წ. და 23.05.2017წ. განჩინებები, რომლითაც შეჩერდა სააპელაციო სასამართლოს 14.11.2016წ. განჩინების აღსრულება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან, გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები შედის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში, ამ წარმოების ფარგლებში მიღებული განჩინებები კი, იქნება ეს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო აქტი თუ უფლებამონაცვლის დადგენის ან უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებები, კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

19. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: N ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის უფლებამოსილი განიხილოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვინაიდან არ არსებობს მისი კანონიერების შემოწმების თაობაზე კერძო საჩივრების დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა. პალატის ზემოხსენებული განმარტებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: სუსგ-ბები: Nას-1009-1040-2011, 06.07.2011წ., Nას-804-753-2017, 28.07.2017წ., Nას-144-144-2018, 29.03.2018წ., Nას-1258-1178-2017, 09.10.2017წ., Nას-1564-2019, 04.11.2019წ.). კერძო საჩივრები დაუშვებელია და არ არსებობს მათი განსახილველად მიღების წინაპირობები. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე.

21. მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის კერძო საჩივარს ერთვის ჯამში 100 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ტ.10, ს.ფ.293, 330). სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან კერძო საჩივარი რჩება განუხილველად, მეორე საარბიტრაჟო მოპასუხეს სრულად უნდა დაუბრუნდეს 09.11.2020წ. და 19.11.2020წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. “A.S.A”-ს და შპს „რ.ა–ის“ კერძო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. “A.S.A”-ს (რეგისტრაციის ნომერი B..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შპს „ბი-ჯი-აი ე.ს.ჯ–ას“ (ს/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #611, გადახდის თარიღი 09.11.2020წ.), ასევე თ.გ–ას (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 19.11.2020წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე