საქმე №ას-565-2020 19 ნოემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – იბა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრები - მ.შ–ი, მ.ტ–ძე, რ.ქ–ძე, ა.თ–ძე
წარმომადგენელი - თ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2020წ. განჩინება უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.07.2017წ. გადაწყვეტილებით ი.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მამკვიდრებელი“) სასარჩელო მოთხოვნა იბა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრების - მ.შ–ის, მ.ტ–ძის, რ.ქ–ძისა და ა.თ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.06.2018წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.03.2019წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.06.2018წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.06.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.07.2017წ. გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა დაეკისრათ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.03.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
3. 18.05.2020 წელს მამუკა შუბითიძემ, როგორც მოსარჩელის მემკვიდრემ, მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესახებ განცხადებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“) და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელის შეცვლა ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.2020წ. განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, 20.03.2020წ. გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა განმცხადებელი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე დაედგინა უფლებამონაცვლეობა, რადგან შესაძლოა არსებობდნენ სხვა მემკვიდრეები, რომელთაც ექნებათ პრეტენზია სამკვიდროს მიღებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა განმცხადებელი.
8. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
9. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ.: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019 წელი).
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ განმცხადებლის დაშვების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) შემდეგი მუხლები: 1328 (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის), 1306 (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლი), 1336.1 (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)), 1424 (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან), 142.2 (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1433 (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან).
11. დადგენილია, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა 20.03.2020წ.. განმცხადებელმა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილმა), 17.05.2020წ., ანუ კანონით დადგენილ ვადაში, სანოტარო ორგანოში შეიტანა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება (იხ.: ნოტარიუსის მიერ გაცემული მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ, ტ.III, ს.ფ. 202-204), რაც როგორც თავად სანოტარო აქტშიც არის მართებულად აღნიშნული, ნიშნავს სამკვიდროს მიღებას. შესაბამისად, უშუალოდ სამკვიდრო მოწმობის წარუდგენლობა ვერ იქონიებს გავლენას უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტაზე (შდრ. სუსგ №ას-1285-1206-2015, 23.02.2016წ. (28-29 პუნქტები), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემა, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაშია სავალდებულო და როგორც წესი, ის ერთგვარი იურიდიული ფიქციის მატარებელია რეგისტრაციასავალდებულო უფლებების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვისთვის და ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემას არ შეიძლება დავუკავშიროთ სსსკ-ით განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის ინსტიტუტი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, მემკვიდრეებად მოწვეულმა სხვა პირველი რიგის პირებმა სსკ-ის 1434-ე მუხლით დადგენილი წესით უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე (იხ.: სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, ტ.III, ს.ფ. 209-214), რაც, სსკ-ის 1446-ე მუხლიდან გამომდინარე, შეუქცევადია.
12. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან განმცხადებელმა სსკ-ით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდროს მიღების თაობაზე და ის გარდაცვლილი მამკვიდრებლის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეა (შვილია), მან სამკვიდრო მიიღო, რაც მოიცავს ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მამკვიდრებლისათვის მიკუთვნებული თანხის მოთხოვნის უფლებას. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე,419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იბა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრების - მ.შ–ის, მ.ტ–ძის, რ.ქ–ძისა და ა.თ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2020წ. განჩინება უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ლევან მიქაბერიძე