Facebook Twitter

საქმე №ას-1378-2020 7 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ლ.დ–ა, ე.დ–ა (საჩივრის ავტორები)

მოწინააღმდეგე მხარე - ც.ჭ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ც.ჭ–ძის საჩივარი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს ,,ა.-..’’-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქმეზე №ა/98, ე.დ–ას მოთხოვნის გამო, ლ.დ–ას მიმართ, ქალაქ ქუთაისში, ...... მდებარე სახლის ნაწილისა და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

2020 წლის 28 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს ლ.დ–ამ და ე.დ–ამ 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების, შეცდომების გასწორების და განმარტების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ლ.დ–ას და ე.დ–ას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის ავტორებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის წინა პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებისმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით. დასახელებული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ არბიტრაჟში საქმის წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და სასამართლოს უფლება არ გააჩნია, ჩაერიოს ან ნებისმიერი გზით ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სასამართლო არეგულირებს საარბიტრაჟო წარმოების კონკრეტულ ეტაპებს, ზემოხსენებულ კანონში ზუსტად და ამომწურავადაა მითითებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს არბიტრაჟთან დაკავშირებულ იმ საქმეთა კატეგორიას, რომლებსაც იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ასეთად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და ცალსახად ადგენს, რომ დავები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ სხვა ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამასთან, ხსენებული ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს კანონი არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი კერო საჩივარი ეხება შპს ,,ა.-...’’-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარდგენილი განცხადების (დამატებითი გადაწყვეტილების მიღების, შეცდომების გასწორების და განმარტების შესახებ) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებას, რაც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ყოველგვარი დავა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით შედის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში და ამ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის (საჩივრის) შეტანა არ დაიშვება.

ზემოხსენებული განმარტებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ №1093-1013-2017; №ას-1258-1178-2017; №ას-1078-1029-2013, №ას-1009-1040-2011, №- 804-753-2017, №-1564-2019 (b)).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 396-ე, 414-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.დ–ას და ე.დ–ას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე