Facebook Twitter

საქმე №ას-454-2020

20 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - კ.კ–ი, რ.ბ–ძე და თ.ბ–ი (მოპასუხები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სს „ლ.ბ–მა“, როგორც შპს მისო „რ–ის“ უფლებამონაცვლემ (შემდგომ – მოსარჩელე, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.კ–ის (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე), თ.ბ–ისა და რ.ბ–ძის (შემდგომ – თავდები მოპასუხეები) მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტისა და 23.293.04 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოპასუხეებმა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ბოლო გადახდიდან გასულია 39 თვე ანუ 3 წელი და 3 თვე, შესაბამისად, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას შესრულებაზე.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დააკისრათ 23.293.04 აშშ დოლარის (ძირი – 13.614.04, სარგებელი – 9678.21 აშშ დოლარი) გადახდა, რაც მოპასუხეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 23293,04 აშშ დოლარიდან 789,56 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 1735,75 ლარის გადახდა და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სარჩელი 789,56 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

7. 2019 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება, რადგან აღნიშნულის გარეშე საქალაქო სასამართლომ უარი განუცხადა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე და მოსარჩელე ვერ იკმაყოფილებს სააღსრულებო წარმოების შედეგად მოპასუხეთაგან კუთვნილი თანხის მიღების ინტერესს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ-ის) 262-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას, ხოლო განმარტების მიზნად კი – მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი – აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს. გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან;

10. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასაშვებია არა ყველა გადაწყვეტილების განმარტება, არამედ მხოლოდ ისეთის, რომლის შინაარსიც გაუგებარია (ბუნდოვანია). ე.ი. გადაწყვეტილების განმარტება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები ან სასამართლო აღმასრულებელი ზუსტად ვერ ადგენენ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ამასთან, განმარტებით არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. დაუშვებელია, განმარტებით მოხდეს მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სავსებით გასაგები და ნათელია. იგი არ არის ბუნდოვანი და გაურკვეველი. სარეზოლუციო ნაწილით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 23293,04 აშშ დოლარიდან 789,56 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 1735,75 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სარჩელი მოპასუხეთა მიმართ 789,56 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 1676,73 ლარისა და 99,9 ლარის გადახდა.

12. ამდენად ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობა შეამცირა 789,56 აშშ დოლარით, დანარჩენ ნაწილში – 22503,48 აშშ დოლარის ნაწილში (23 293,04 აშშ დოლარს - 789,56 აშშ დოლარი=22503,48) კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და სააღსრულებო ფურცლის გაცემაც უნდა მოხდეს ამავე სასამართლოს მიერ.

13. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი. განმცხადებლის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლომ განმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არ გამომდინარეობს სსსკ-ის 262-ე მუხლის დანაწესიდან.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, რაც გამორიცხავს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (შდრ. სუსგ-ები №ა-3605-გან-5-2017, 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; №ას-267-255-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება).

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.

16. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაშე შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესახებ, თუმცა საპასუხო წერილით ეცნობა, რომ გაუკრვეველია, რა ნაწილში უნდა ამოიწეროს სააღსრულებო ფურცელი და ზემოდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საჭიროებდა განმარტებას, კერძოდ, არ არის მითითებული, რა თანხის ნაწილში დატოვა სააპელაციო პალატამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად.

17. ერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს იმგვარად, რამ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 22 503,48 აშშ დოლარის გადახდა, რა ნაწილშიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არც გასაჩივრებულა.

18. მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების გარეშე, იგი ვერ შეძლებს საქალაქო სასამართლოდან სააღსრულებო ფურცლის მიღებას და კუთვნილი თანხის მისაღებად სააღსრულებო წარმოების წამოწყებას.

სამოტივაციო ნაწილი:

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

21. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

22. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს.

23. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ 31.03.2017წ. საქმე №ას-267-255-2017).

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში რაიმე გაუგებარ და ორაზროვან დებულებაზე ვერ მიუთითა, რის გამოც განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი განჩინების განმარტებაზე, მეტიც, განმცხადებლის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი განცხადებიდანაც და განსახილველი კერძო საჩივრიდანაც ირკვევა, რომ მისთვის სრულიად ნათელია, თუ რა ნაწილში უნდა აღსრულდეს მოცემულ საქმეზე როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები. აშკარაა, რომ განმცხადებლის მოთხოვნას საფუძვლად დაედო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის 2019 წლის 18 დეკემბრის პასუხი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საკასაციო პალატის დასკვნით უშუალოდ სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტის შინაარსის სახეცვლას არ იწვევს და შესაბამისად ვერც გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს წარმოქმნის.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

26. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კომპეტენცია კერძო საჩივრის განხილვისას შეზღუდულია გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივარში სადავოდ გამხდარი გარემოებების შეფასებით. კერძო საჩივრის ავტორს კი, საქალაქო სასამართლოს უარი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე სათანადო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით სადავოდ არ გაუხდია.

27. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილს თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ ისეთი საკითხის განხილვის შედეგად, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღება, სასამართლო გამოტანს განჩინებას. აღნიშნული პროცედურა უზუნველყოფს მხარის უფლებას, საჭიროების შემთხვევაში მხარემ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს იგი.

28. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვისას საკასაციო პალატა უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერება.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სააპელაციო პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. წინამდებარე განჩინების პუნქტი 4) რაიმე სახის ბუნდოვანებას არ შეიცავს. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობა შეამცირა 789,56 აშშ დოლარით, რაც შეეხება 22503,48 აშშ დოლარს, ამ ნაწილში (23 293,04 აშშ დოლარს - 789,56 აშშ დოლარი=22503,48) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.

30. სსსკ-ის კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სს ,,ლ.ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე