საქმე №ას-886-2020
28 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ.ტ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ფ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ფ.ბ.ს–ომ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ტ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო და მოითხოვა მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით, სულ – 6588 ლარი, პირგასამტეხლო – ხელფასის 50%-ს - 549 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მოსარჩელე დაწესებულებაში დასაქმებული იყო 2006 წლის 15 მაისიდან სხვადასხვა პოზიციაზე. დასაქმებულის სურვილით და შრომის კოდექსის იმჟამად მოქმედი 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 7 ივნისს.
3. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, დამსაქმებელმა მოპასუხეს მის სამსახურეობრივ ელფოსტაზე გაუგზავნა, ხოლო მენეჯერმა პირადად ხელზე ჩააბარა დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შესახებ შეტყობინება, რომლის მიხედვით დამსაქმებელმა 6 თვით შეუზღუდა კონკურენტ დამსაქმებელთან ფინანსურ ორგანიზაციაში დასაქმების უფლება. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული და კანონით ნებადართული შეზღუდვის პირობების შესრულების შემთხვევაში დაპირდა კომპენსაციის სახით ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ანაზღაურების გადახდას, არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, მოპასუხე დასაქმდა სხვა კონკურენტ ორგანიზაციაში, ფინანსური მომსხურების სფეროში.
4. მოპასუხემ ასევე დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაფრთხილების ერთთვიანი ვადა.
5. საკრედიტო ოფიცერს კომპანიის ხარჯზე ჩაუტარდა არაერთი ტრეინინგი, გაეხსნა კორპორაციული ელექტრონული ფოსტა, წვდომა ძირითადად ბანკის ელექტრონულ/ მატერიალურ ფაილებზე, რომელიც ეხება ბანკის უამრავ შიდა პროცედურას/ პოლიტიკის დოკუმენტებს, ფინანსური მომსახურების პროდუქტების სახელმძღვანელოებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ვებგვერდზე კატალოგის სახით, სპეციალურ სასწავლო საინფორმაციო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მასალებს, რომელიც განთავსებულია ბანკის სპეციალურ საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმაზე. მითითებული პლატფორმა ადმინისტრირდება ბანკის დამფუძნებელი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ადაპტირებულია შვილობილი კომპანიების ქვეყნების სპეციფიკის გათვალისწინებით.
6. მოპასუხე დასაქმებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც მუშაობდა მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმების დღეს. შესაბამისად, მისი მომავალი თუ არსებული კლიენტების არეალი იგივეა, რაც აქამდე იყო და, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც პირდაპირ შეხება აქვს ბანკის კლიენტებთან/მომხმარებლებთან მას აქვს შესაძლებლობა, კონკურენტ დამსაქმებელთან გადაიბიროს მოსარჩელის კლიენტები. დაწესებული დასაქმების შეზღუდვა ამ შემთხვევაში გონივრული და ბანკის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის პროპორციულია.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია. შრომის კოდექსით დადგენილია ვალდებულებათა შესრულების შემდეგი რიგითობა: იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი იყენებს შრომითი საქმიანობის 6-თვიან შეზღუდვას და ატყობინებს დასაქმებულს აღნიშნულის თაობაზე, მას უპირობოდ ეკისრება ვალდებულება, დასაქმებულს გადაუხადოს შრომის ანაზღაურება, რის გარეშეც არ შეიძლება მიჩნელ იქნეს დასაქმების შეზღუდვა ამოქმედებულად. მოპასუხემ წარადგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ საკომპენსაციო თანხა არ ჩარიცხულა, ამდენად, დასაქმების შეზღუდვა დასაქმებულის მიმართ საერთოდ არ ამოქმედებულა.
8. მოსარჩელის მიმართვა დასაქმების შეზღუდვის გამოყენების თაობაზე, თავისი ხასიათით, წარმოადგენს პირობით გარიგებას და მისი ნამდვილობა დამოკიდებულია შემდგომი ქმედების – ყოველთვიური და არაერთჯერადი ანაზღაურების გადახდაზე, რის გარეშეც არ შეიძლება დასაქმების შეზღუდვა მიჩნეულ იქნას კანონის საფუძველზე ამოქმედებულად.
9. მოპასუხის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო, 1098 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა, ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 549 ლარის დაკისრების ნაწილში და, დასაქმების შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო, 5490 ლარის გადახდის ნაწილში.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე, 365-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ითხოვს 1098 ლარის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას. მითითებული თანხა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე – 2000 ლარზე ნაკლებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
15. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემული დავა შეეხება, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შეზღუდვის შესახებ პირობის დარღვევის გამო, თანხის ანაზღაურებას. შესაბამისად, სასამართლოს, პირველ რიგში, უნდა გამოეკვლია ამგვარი დარღვევის არსებობა.
16. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა არა მხოლოდ ქონებრივი ინტერესით, არამედ იმ ნაწილშიც, თუ რამდენად სწორად იქნა დადგენილი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობა. აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავი ტიპის საქმეებზე (სუსგ საქმე №ას-1041-2019).
სამოტივაციო ნაწილი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.
19. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
20. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
21. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ები 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017, 16.09.2020წ. საქმე №ას-586-2019).
22. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
23. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს ფულადი ვალდებულების შესრულების ირგვლივ, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის დარღვევის გამო თანხის ანაზღაურება.
24. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო, 1098 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა, ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 549 ლარის დაკისრების ნაწილში და, დასაქმების შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო, 5490 ლარის გადახდის ნაწილში.
25. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელით მოთხოვნილი 1098 ლარის ანაზღაურების შესახებ მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დავის საგანის ღირებულება მოცემულ დავაში 1098 ლარით სწორად განსაზღვრა. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო არგუმენტზე ვერც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს. მხარის მიერ განმარტებულ შრომით-სამართლებრივ საკითხებზე სასამართლო იმსჯელებდა საქმის არსებითად განხილვის შემთხვევაში, თუმცა, როგორც აღინიშნა, წინამდებარე სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ეტაპზე კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და მისი არსებითად განხილვა ვერ მოხდება.
27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. თ.ტ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე