Facebook Twitter

საქმე №ას-1682-2018 15 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ.ო–ძე, ჟ.მ–ი, გ.ო–ძე, ჯ.ო–ძე, მ.თ–ძე, ზ.ო–ძე, მ.ო–ძე, გ.ო–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ო. კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდით: ....) მდებარე: ქ. ბათუმში, ...... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება"), 2014 წლის 14 აგვისტოდან წარმოადგენს შპს „ფ.ო. კ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) საკუთრებას, რომელსაც მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ: ზ.ო–ძე, ჟ.მ–ი, გ.ო–ძე, ჯ.ო–ძე, მ.თ–ძე, ზ.ო–ძე, მ.ო–ძე, გ.ო–ძე (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) და მიუხედავად მესაკუთრის მოთხოვნისა არ ათავისუფლებენ საცხოვრებელ სახლს.

2. მოპასუხეების მიერ წარდგენილი, 2015 წლის 24 მარტით დათარიღებული საგადახდო დავალების თანახმად, მოპასუხე ჟ.მ–ის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხულია 8 946 აშშ დოლარი.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის მისი გადაცემა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო უძრავ ქონებას კანონიერად ფლობენ; მფლობელობის უფლება მოსარჩელისაგან აქვთ მინიჭებული, რასაც ადასტურებს მოპასუხეების ჩართულობა უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოებში და უძრავი ქონების გამოსასყიდად სოლიდური ოდენობით თანხის გადახდა.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

6. საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით განსაზღვრა, რომ მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულების წარდგენით უნდა დაედასტურებინა სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ყოფნისა და მოპასუხეთა მხრიდან ამ ქონებით სარგებლობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი. მოპასუხეებს კი, სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის ფაქტი უნდა ემტკიცებინათ.

7. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მითითება ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე, არც მხარეთა შორის უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმების არსებობა და ამ შეთანხმების ფარგლებში, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ქონების გამოსასყიდი თანხის გადახდის ფაქტი დაადგინა.

8. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დადებული ნებისმიერი გარიგების ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ წერილობითი ფორმა. ამასთან, მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც ამ ფაქტის დასადასტურებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი მტკიცებულება ვერ წარადგინა.

9. საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 24 მარტით დათარიღებული საგადასახადო დავალება, რომლითაც მოპასუხე ჟ.მ–მა მოსარჩელის ანგარიშზე 8 946 აშშ დოლარი გადარიცხა, უძრავ ქონებაზე გარიგების დადებისა და ამ ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია, რამდენადაც ქვითარი გადახდილი თანხის დანიშნულების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას არ შეიცავდა.

10. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელესთან ქონების გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმების არსებობა ვერ დადასტურდებოდა ვერც მოწმის სახით დაკითხული პირთა ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოები მოპასუხეების ჩართულობით იმ მიზნით წარმოებდა, რათა რამდენიმე წლის მანძილზე უძრავი ქონების გაქირავების შედეგად ამონაგები თანხის სანაცვლოდ, მოსარჩელე კ–იას სადავო უძრავი ქონება ყოფილი მესაკუთრეებისათვის საკუთრებაში დაებრუნებინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის შესახებ, უსაფუძვლო იყო.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სრულად გაიზიარა ამავე განჩინების 6-10 პუნქტებში მითითებული საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები.

14. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე მითითებით განმარტა საკუთრების უფლება.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა. ამასთან, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს არ მიუთითებიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე და არ წარუდგენიათ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნდათ.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2015 წლის 24 მარტს მოპასუხე ჟ.მ–ის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული 8 946 აშშ დოლარის მიზნობრიობა არ დგინდებოდა და იგი მოპასუხეებს ვერ აქცევდა სადავო უძრავი ქონების სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელებად.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

18. კასატორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებაა, მაგრამ მოპასუხეებს, რამდენადაც მათ სურთ სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვა, დაწყებული აქვთ მესაკუთრისთვის თანხების გადახდა. ამჟამად მოპასუხეებს გადახდილი აქვთ 17 000 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხის გადახდა ქონების აუქციონზე შეძენის შემდეგ განხორციელდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონო მფლობელობას ადგილი არ აქვს. მოპასუხეებს მინიჭებული აქვთ სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება.

18.2. სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად უნდა შეეფასებინა მოპასუხეთა მხრიდან 17 000 აშშ დოლარის გადახდის მიზნობრიობა. აღნიშნულის საპირისპიროდ სააპელაციო პალატამ მხოლოდ მიუთითა, რომ გადახდილი თანხის მიზნობრიობა არ დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ არც წინამდებარე დავის ზეპირი მოსმენის წესით განხილვა უზრუნველყო.

18.3. სადავო უძრავ ნივთზე სარემონტო სამუშაოები მოპასუხეთა ჩართულობით წარმოებდა, რაც ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ უკანონო მფლობელობას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებაში არ შეჭრილან, არამედ ნივთის ფლობა მოსარჩელესთან შეთანხმებით ხდებოდა.

18.4. მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად ვერ გასწია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასაბუთება.

19. კასატორებმა საკასაციო საჩივარის ფარგლებში იშუამდგომლეს საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის თაობაზე.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

29. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

30. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (იხ. ტომი 1. ს.ფ. 25), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორები საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასადასტურებლად უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმების არსებობაზე აპელირებენ, რომლის ფარგლებშიც, მათი მტკიცებით, მოსარჩელისთვის გადახდილი აქვთ 17 000 აშშ დოლარი. დავის ფარგლებში დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის ანგარიშზე, 2015 წლის 24 მარტით დათარიღებული საგადასახადო დავალების თანახმად, რომელიც გადახდილი თანხის დანიშნულების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას არ შეიცავს, მოსარჩელის ანგარიშზე მხოლოდ 8 946 აშშ დოლარი აქვთ ჩარიცხული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეთანხმება გამოსყიდვის შესახებ, შესაძლოა, შედგეს უშუალოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით ან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, დამოუკიდებელი შეთანხმების სახით. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დადებული ნებისმიერი გარიგების ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებულია წერილობითი ფორმა. სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს გამყიდველის უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებით განკარგოს გამოსყიდვის უფლების გამოყენების საკითხი.

35. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარდენილა. ასეთ პირობებში, ვერც სადავო უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოებში მოპასუხეთა მონაწილეობის მიღება ადასტურებს მათი მხრიდან უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლების განხორციელების ფაქტს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხეთა ახსნა-განმარტებით აღნიშნული სადავო ფაქტის დადგენილად მიჩნევა შეუძლებელია.

36. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმების არსებობა რომც დადგენილიყო, აღნიშნული არ წარმოშობს ნივთის ფლობის უფლებას, თუ ამ საკითხზე მხარეთა შორის არ არსებობს სპეციალური შეთანხმება.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი წინამდებარე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 15 ოქტომბრის საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.ო–ძის, ჟ.მ–ის, გ.ო–ძის, ჯ.ო–ძის, მ.თ–ძის, ზ.ო–ძის, მ.ო–ძის, გ.ო–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორების ზ.ო–ძის, ჟ.მ–ის, გ.ო–ძის, ჯ.ო–ძის, მ.თ–ძის, ზ.ო–ძის, მ.ო–ძის, გ.ო–ძის წარმომადგენლის პ.შ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. კასატორებს ზ.ო–ძეს (პ/ნ .......), ჟ.მ–ს (პ/ნ ......), გ.ო–ძეს (პ/ნ .......), ჯ.ო–ძეს (პ/ნ ........), მ.თ–ძეს (......), ზ.ო–ძეს (........), მ.ო–ძეს (პ/ნ ........), გ.ო–ძეს (პ/ნ .......8) დაუბრუნდეთ მ.ფ–ძის (პ/ნ .......) მიერ 2018 წლის 10 დეკემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე