Facebook Twitter

საქმე №ას-629-2019 28 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -

ნ.ქ–ძე, გ.გ–ძე, გ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 სექტემბრის №15027222-015/001 განკარგულების საფუძველზე, სს ,,ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) აუქციონზე შეიძინა ქ. ქობულეთში, ...... მდებარე უძრავი ქონებები (ს/კ: ......; ……. და ......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“).

2. 2015 წლის 12 და 16 ოქტომბერს მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა.

3. 2015 წლის 12 და 16 ოქტომბრამდე სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ა.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „თავდაპირველი მესაკუთრე“, კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკუთრებას.

4. სადავო უძრავ ქონებას, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემდეგაც, მოპასუხე იკავებს და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ ათავისუფლებს.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ქონებას უკანონოდ არ ფლობდა, მისი მშობლიური სახლი დატვირთული იყო იპოთეკით და გასხვისდა აუქციონის გზით, თუმცა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის თაობაზე არ ჰქონია.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთვნენ ნ.ქ–ძე, გ.გ–ძე და გ.გ–ძე (შემდგომში - „მესამე პირები“).

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოპასუხის გამოსახლების გზით, სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

9. საქალაქო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციაზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა საკუთრების უფლების მნიშვნელობა.

10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისთვის საჭირო იყო შემდეგი წინაპირობების დაკმაყოფილება: 1) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ სამივე წინაპირობის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის კუთვნილ ნივთს მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. მოპასუხე იყო სადავო ქონების მესაკუთრე, სანამ მოსარჩელე აუქციონზე შეიძენდა ქონებას, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს ქონების მართლზომიერად ფლობის საფუძველს, რამდენადაც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის პრეტენზიების წაყენებიდან - გამოეთავისუფლებინა თავდაპირველ მესაკუთრეს ბინა, მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობა წყდება და თუ არ მოხდება ქონების გამონთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა, მოპასუხე (ფაქტობრივი მფლობელი) მისი არამართლზომიერი მფლობელი ხდება.

12. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზეა რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები და სრულად გაიზიარა წინამდებარე განჩინების 8-11 პუნქტებში მითითებული სამართლებრივი შეფასებები.

16. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი, თუმცა მსგავსი მტკიცებულება სასამართლოში არ წარდგენილა. იმაზე მითითება, რომ სადავო ქონება მოპასუხეს წინაპრებისგან მემკვიდრეობის გზით აქვს მიღებული, წინარე პერიოდში წარმოადგენდა მის საკუთრებას და მისი ერთადერთი საცხოვრისია, ვერ მიიჩნევა იმგვარ შედავებად, რაც სადავო ქონებაზე მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

18. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: სადავო უძრავი ქონება ნამდვილად იყო იპოთეკით დატვირთული და მოსარჩელემ იძულებით აუქციონზე 672 300 ლარად შეიძინა, თუმცა მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად დადგინდა ის ფაქტი, რომ სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე და მესამე პირები არამართლზომიერად ფლობენ, რამდენადაც სადავო უძრავი ქონება მოპასუხეს წინაპრების მიერ აქვს დატოვებული და მთელი ცხოვრებაა აღნიშნულ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს, ამასთან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები ( მოპასუხე და მესამე პირები).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

28. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

29. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 14-19), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

32. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის დასადასტურებლად უთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ქონება თავდაპირველად, აუქციონზე რეალიზაციამდე, მისი საკუთრება იყო, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგო, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება და კასატორიც სადავოდ არ ხდის, რომ ქონება იპოტეკით იყო დატვირთული, იგი სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 სექტემბრის №15027222-015/001 განკარგულების საფუძველზე, მოსარჩელემ შეიძინა და აღირიცხა მის საკუთრებად, შესაბამისად, კასატორის ზემოთ აღნიშნული არგუმენტები არ არის საკმარისი მისი მხრიდან სადავო უძრავ ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტის დასადასტურებლად.

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 18 დეკემბრის №77 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%- 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა.გ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ვ.ლ–ას (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 15 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე