საქმე №ას-796-2020 9 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ს.კ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საიჯარო დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „თ.ს.კ–ამ“ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.მ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ საიჯარო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტს უწყება მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა ადრესატის უფლებამოსილ წარმომადგენელს. კერძოდ, აპელანტის კანცელარიის თანამშრომელს - ქ.ლ–ძეს. სასამართლო უწყებით აპელანტს განემარტა სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობა და გამოუცხადებლობის თანმდევი შედეგები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2019 წლის 11 ნოემბერს. ამდენად, მას სხდომის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 24 დღით ადრე მიეწოდა.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო ინფორმირებული არ ყოფილა დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის შესახებ, რომლის გამოც მხარემ სასამართლოში დროულად გამოცხადება ვერ შეძლო.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სხდომის გადადების კანონისმიერი წინაპირობები და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანად ჩათვალა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. 2019 წლის 11 ნოემბერს აპელანტს ჩაბარდა გზავნილი, რომელსაც ერთვოდა 9 ფურცელი, რაც თავად გზავნილის შინაარსითაც დასტურდება. კერძოდ, გზავნილს მხოლოდ სააპელაციო შესაგებლის ასლი ერთვოდა, რომელიც 9 ფურცელია. გზავნილს სასამართლოს სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება არ ერთვოდა;
11.2. გზავნილში არის შემდეგი ჩანაწერი: „05.12.19წ. 12:00 საათზე“. სასამართლო სხდომა მართლაც აღნიშნულ თარიღში გაიმართა. თუმცა, რადგან გზავნილს უწყება არ ერთვოდა, გაურკვეველი იყო აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენდა თუ არა სხდომის თარიღს. უწყება პროცესუალურ-სამართლებრივი დოკუმენტია და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ რეკვიზიტებს უნდა შეიცავდეს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ჩანაწერის გზავნილში მითითება არ შეიძლება უწყების ჩაბარებად ჩაითვალოს და სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები მოჰყვეს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
16. გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2019 წლის 5 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
20. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ აპელანტს სასამართლოს სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება არ ჩაბარებია.
21. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს უწყების ადრესატისთვის ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესს.
22. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
23. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სააპელაციო შესაგებლის ასლი და სასამართლო უწყება (იხ. გზავნილი, ტ.2. ს.ფ. 50). გზავნილი 2019 წლის 11 ნოემბერს ჩაბარდა აპელანტის კანცელარიის თანამშრომელს - ქ.ლ–ძეს. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით, რომლითაც ირკვევა, რომ მხარეს ჩაბარდა უწყება და შესაგებელი (იხ. ტ.2. ს.ფ. 54). საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ გზავნილზე არის შემდეგი ჩანაწერი: „უწყება 05.12.19წ 12:00 საათზე“, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ გზავნილს მხოლოდ სააპელაციო შესაგებლის ასლი ერთვოდა და აპელანტი სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია აპელანტისთვის უწყების ჩაბარების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი, რომლის გამაქარწყლებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ მას ჰქონდა. მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება კი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
25. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ გზავნილზე მითითებულია მხარისათვის გზავნილის 9 ფურცლად გაგზავნის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ ეს გარემოება, იმ პირობებში, როდესაც გზავნილზე - უწყების გაგზავნის, ხოლო უკუგზავნილზე უწყების ჩაბარების თაობაზე არის აღნიშნული, სხდომაზე მხარის სათანადო წესით მიუწვევლობის ფაქტს ვერ ადასტურებს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად აპელანტის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „თ.ს.კ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი