საქმე №ას-1170-2019 3 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. შ–ძე, შ. შ–ძის უფლებამონაცვლე პ. შ–ძე, იბა „ი.... “, იბა „ი...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დ. და შ. შ–ძეების სარჩელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობების „ი...-სა“ და „ი.... -ის“ მიმართ, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების, საცხოვრებელი ფართისა და ავტოფარეხის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით დ. შ–ძის და შ. შ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და სარჩელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი.... -ის“ მიმართ მოთხოვნების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. და შ. შ–ძეები აღიარებულ იქნენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი.-ის“ პირველი კატეგორიის მენაშენეებად, რომელთაც შესრულებული აქვთ ვალდებულება – ქ.თბილისში, ....... ქუჩასა და ..... შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით კორპუსში დ. შ–ძეს ანაზღაურებული აქვს 114.40 კვ.მ ოთხოთახიანი ბინის, ხოლო შ. შ–ძეს – 100 კვ.მ სამოთახიანი ბინის ღირებულება, დ. შ–ძის და შ. შ–ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2014 წლის 14 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ინდივიდუალური ბინამშენებლობის ამხანაგობა „ი.... -ის“ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
3. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ.გ–მა და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განმცხადებლის ძირითად არგუმენტს წრამოადგენს ის, რომ იგი, როგორც ამხანაგობის წევრი, საქმის განხილვაზე არ ყოფილა მიწვეული. ამხანაგობას გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოეშვა გარკვეული უფლებები და მოვალეობები მოსარჩელის მიმართ და ქონების გადაცემის მთხოვნით აღძრულია ახალი სარჩელი ამხანაგობის მიმართ, შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ახალი დავის ფარგლებში ისე დაეკისრება ვალდებულების შესრულება მოსარჩელეების მიმართ, რომ მას არ მიეცა საშუალება, დაეცვა საკუთარი საპროცესო უფლებები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.გ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
3. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის წინაპირობების არსებობა. განსახილველი ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. იმის გასარკვევად, სახეზეა თუ არა ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე განმცხადებლის მოთხოვნის მატერიალურ საფუძვლებზე:
3.1. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი.... -ის“ პირველი კატეგორიის მენაშენეებად, რომელთაც შესრულებული აქვთ ვალდებულება – ქ.თბილისში, ..... და შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით კორპუსში დ. შ–ძეს ანაზღაურებული აქვს 114.40 კვ.მ ოთხოთახიანი ბინის, ხოლო შ. შ–ძეს – 100 კვ.მ სამოთახიანი ბინის ღირებულება;
3.2. განმცხადებლის განმარტებით, ის წარმოადგენს ამავე ამხანაგობის წევრს, ხოლო, მოსარჩელეებს მიმართული აქვთ სასამართლოსათვის ახალი სარჩელით და მოითხოვენ ამხანაგობისაგან ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, ლ.გ–ი მიიჩნევს, რომ მას, როგორც ამხანაგობის წევრს, სოლიდარული ვალდებულება წარმოეშვება მოსარჩელეების სასარგებლოდ.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს ერთობლივი საქმიანობის მომწესრიგებელ წესებზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამხანაგობის ხელშეკრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მესამე პირების წინშე წევრთა პასუხისმგებლობის სტანდარტი: სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე უპირველესად უნდა დადგინეს მოსარჩელეების სტატუსი ერთობლივ საქმიანობაში, კერძოდ, ისინი წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს, რომელთაც შესრულებული აქვთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თუ წარმოადგენენ შემკვეთებს ამხანაგობასთან მიმართებაში და იმყოფებიან ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში. შესაფასებელია ასევე ლ.გ–ის სტატუსიც, კერძოდ, რა ვალდებულების შესრულება აქვს მას ნაკისრი ამხანაგობის ხელშეკრულებით, რადგანაც, თუკი მოსარჩელეები ამავე ამხანაგობის წევრებს წარმოადგენენ, მაშინ მათი მოთხოვნა ლ.გ–ის მიმართ შეიძლება გამოიხატოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო, თუკი ამხანაგობა იმყოფება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელეებთან, მაშინ არ არის გამორიცხული შესრულების მოთხოვნის მიმართ ლ.გ–ის სოლიდარული პასუხისმგბელობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
5. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ლ.გ–ის მიმართ ვერ იქნება პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ექნება ახალი სარჩელის ფარგლებში შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შესაბამისად დაიცვას საკუთარი საპროცესო უფლებები. ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იყო აღიარებითი სარჩელი და დავა განხილული იყო ფიზიკურ პირსა და ამხანაგობას შორის, ამავე ფიზიკური პირის მიკუთვნებითი მოთხოვნის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ამხანაგობის მოქმედი წევრების მიმართ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება მიიჩნია პრეიუდიციული ძალის მქონედ და სწორედ სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის გათვალისწინებით დააკისრა ამ პირებს ვალდებულების შესრულება (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ №ას-547-510-2017, 4 მაისი, 2018 წელი).
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით განიხილა ლ.გ–ის განცხადება, არ გამოუკვლევია განცხადების გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რის გამოც, არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღნიშნული საფუძვლით პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში გადმოცემული სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და განსაზღვროს განცხადების წარმატებულობის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.გ–ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი