საქმე №ას-543-543-2018 19 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის, ასევე, მის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორ ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს (ს/კ #....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 130 ლარის გადახდა.
2019 წლის 15 აპრილს ხსენებულ გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა, ასევე, შესწორებული სააღსრულებო ფურცლის გადაცემა. განცხადების თანახმად, ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის 2019 წლის 14 ივნისის წერილით ირკვევა, რომ გ–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 ივნისის #2105 ბრძანებით 2018 წლის 28 ივნისს დასრულდა რამდენიმე ა(ა)იპ-ის რეორგანიზაცია შერწყმით/გაერთიანებით. რეორგანიზაცია შეეხო ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს და საბოლოოდ დაფუძნდა ახალი იურიდიული პირი _ ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (ს/კ #4...).
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა, შეაფასა მასზე დართული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობის დადგენის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს იურიდიული პირის რეორგანიზაცია, ამასთანავე, ნორმის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დაიშვება პროცესის ყველა სტადიაზე, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლო განხილვა დასრულებულია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა, ვინაიდან პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე, აღსრულება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისათვის სასამართლო პროცესში მოიაზრება, ხსენებული ნორმის გამოყენება დასაშვებია მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გ–ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 ივნისის #2105 ბრძანებისა და ა(ა)იპ გ–ის მინიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წერილის შესწავლის შედეგად იზიარებს განმცხადებლის პოზიციას ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის რეორგანიზაციის თაობაზე, რომლის უფლებამონაცვლესაც სხვა იურიდიულ პირებთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი წარმოადგენს.
მართალია, ხსენებული დოკუმენტიდან ნათლად დგინდება უფლებამონაცვლეობა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, აღმასრულებელს შეეძლო სასამართლოსათვის მომართვის გარეშე გადაეჭრა უფლებამონაცვლეობის საკითხი, თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რეორგანიზაციის განხორციელების თარიღზე _ უფლებამონაცვლე იურიდიული პირი ჩამოყალიბდა სწორედ 2018 წლის 28 ივნისს და ამ აქტის რეგისტრაციის მომენტიდან მიენიჭა რეორგანიზაციას სამართლებრივი მნიშვნელობა. საკასაციო სამართალწარმოება დასრულდა 2019 წლის 22 თებერვალს და ამ დროისათვის რეორგანიზაციის დასრულების მიუხედავად, უფლებამოსილ პირს სასამართლოსათვის არ მოუწოდებია უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სწორედ ამან განაპირობა როგორც გადაწყვეტილებაში, ისე _ მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში წინამორბედი იურიდიული პირის მითითება.
ამდენად, ვინაიდან საქმის განხილვის დასრულებამდე მოხდა იურიდიული პირის რეორგანიზაცია, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს აღმასრულებლის მოთხოვნას სასამართლო წესით უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე.
რაც შეეხება უფლებამონაცვლის საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის ამოწერას, საკასაციო პალატა ამ მოთხოვნას უარყოფს და განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც უფლებამონაცვლის დაშვებამდე სააღსრულებო ფურცელი არ არის გაცემული. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ 2019 წლის 15 აპრილს გასცა რა სააღსრულებო ფურცელი, არ არსებობს უფლებამონაცვლის საწინააღმდეგოდ მისი ხელახლა გაცემის წინაპირობა, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიით, მსგავსად 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებისა, სააღსრულებო ფირცელში მითითებული ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის (ს/კ #4....) უფლებამონაცვლედ მიჩნეულ უნდა იქნას ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (ს/კ #....).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება მოვალის უფლებამონაცვლის დადგენისა და მის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის #ას-543-543-2018 გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე 2019 წლის 15 აპრილს გაცემულ #ას-543-543-2018 სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის _ ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის (ს/კ #4..) უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნას ა(ა)იპ გ–ის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (ს/კ #4...).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე