საქმე №ას-235-2020 23 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „წ. და გ.ტ–ები“(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მყიდველი) 2015 წლის 15 მარტსა და 2016 წლის 31 მაისს შპს „წ. და გ.ტ–ებისგან“ (შემდეგში: გამყიდველი, კომპანია, მეორე აპელანტი, კასატორი) შეიძინა სხვადასხვა დიამეტრის მილები, სულ 27 464 ლარის ღირებულების. აპელანტს აღნიშნული სარწყავი მილები ესაჭიროებოდა კარტოფილის მოსარწყავად, რომელიც დარგული ჰქონდა 4 ჰა-ზე.
2. მყიდველმა, ქ.თბილისში შეძენილი მილები, სატვირთო მანქანის მეშვეობით ორჯერ გადაიტანა ახალქალაქის რაიონის სოფელ ......., რაშიც გადაიხადა 750-750 ლარი, სულ 1500 ლარი.
3. მყიდველმა, მილებით ნათესების მორწყვა ვერ შეძლო, ვინაიდან იგი მალევე გამოვიდა მწყობრიდან და წყალმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილას. 2017 წლის 7 მარტის ცნობა №02 და პოლიეთილენის დაწნევითი (d-110 მმ) მილის ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლების თანახმად, პოლიეთილენის დაწნევის მილები არ აკმაყოფილებს გოსტი 18599-2001 ცვლილება #1, ცხრილი №2, ცხრილი №3, პ.5.2 ცხრილი №5 მოთხოვნებს, კერძოდ მილის შიდა და გარე კედლების ზედაპირი არაერთგვაროვანია, შიდა კედლის ზედაპირი ხორკლიანია, გვერდითი ზედაპირი ფოროვანია - რაც დაუშვებელია, სტანდარტის მოთხოვნით ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯვისას მინიმალური ზღვარია 350%, გამოსაცდელი ნიმუშისა კი 0.5-21% რაც კატეგორიულად დაუშვებელია (ტ.1,ს.ფ. 16-17).
4. მოსარჩელე, რამდენჯერმე დაუკავშირდა მოპასუხეს და სატელეფონო საუბრის დროს აუხსნა არსებული ვითარება, ამასთან, მოითხოვა ნაკლის გამოსწორება. მოპასუხე დაპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, რაც დაპირებად დარჩა. მოგვიანებით კი საერთოდ აღარ უპასუხეს მოსარჩელის სატელეფონო ზარებს. 2016 წლის 1 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი, თუმცა მასზე პასუხი არ გაუცია.
5. საქსტატის 2017 წლის 1 აგვისტოს მონაცემების თანახმად, 2016 წლის კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე განისაზღვრა 14,9 ტონა, ხოლო 1 კგ-ს ფასად განისაზღვრა - 0,41 ლ (ფერმის კართან) და 0,95 ლ - წლიური საშუალო.
6. სარჩელის მოთხოვნა
6.1. მყიდველმა, 2017 წლის 3 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე კომპანიისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 28 965 ლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით 25 800 ლარის დაკისრება მოითხოვა.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 965 ლარის ანაზღაურება. მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 25 800 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
9. მხარეთა სააპელაციო საჩივრები
9.1. დასახელებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა (მოსარჩელემ), გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
10.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი და წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).
10.3. სააპელაციო სასამართლომ, პირველი აპელანტის სააპელაციო პრეტენზიის პასუხად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა „მტიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ამავე მუხლითაა განმარტებული მიუღებელი შემოსავალი, კერძოდ, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (იხ. საქმე სუსგ №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი). მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ საქმე №ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).“ და განმარტა, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოსავლის აღებისას განცდილი ზიანი, მოსავლის დანაკლისის სახით, გამოწვეული იყო მხოლოდ მოპასუხისგან შეძენილი ნაკლიანი ნივთისგან, რის გამოც ვერ მორწყო კარტოფილი.
10.4. სააპელაციო სასამართლომ მეორე აპელანტის პრეტენზიების პასუხად განმარტა, რომ 2017 წლის 3 ივლისის შემოწმების აქტის თანახმად, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია მხოლოდ მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელის მიერ (აღნიშნული აქტის ხელმოწერაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა), აღნიშნულია, რომ მოსარჩელის განმარტებით, კომპანიისგან შეძენილი პოლიეთილენის სწრაფი გადაბმის 110 მ-იანი, 125 მმ-იანი 6 მ-ის სიგრძის მილები 2016 წლის აგვისტოს თვიდან 2017 წლის 3 ივლისამდე დასაწყობებული იყო მისი საცხოვრებელი ბინის ეზოში ღია ცის ქვეშ. მილებს აღენიშნებოდა გრუნტის კვალი, გადაბმის კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნამყოფია ექსპლუატაციაში. ამავე ეზოში დგას რუსული წარმოების მაღალი წნევის ტუმბო ,,სნპ“. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის ივლისის თვიდან ამ ტუმბოზე მიერთებული ზემოაღნიშნული წყლის და გაზის ტექნოლოგიებიდან შეძენილი მილებით ახორციელებდა წყლის მიწოდებას ნაკვეთში. მისი განმარტებით ტუმბოზე მიმაგრებული მანომეტრის ჩვენების საშუალებით არეგულირებდა წნევას, რაც შეეხება ჰაერის გამომშვებ სარქველებს და უკუ სარქველებს, როგორც საჭიროა სისტემის გამართული მუშაობისთვის, კერძოდ, ჰიდრავლიკური დარტყმების შესამცირებლად მილის დეფორმაციის და დაზიანების თავიდან ასაცილებლად სარწყავ სისტემაზე დამონტაჟებული არ ჰქონდა. აღნიშნული მილებით მოსარჩელეს წყალი მიჰყავდა მკვეთრი დაქანების, აღმართსა და დაღმართის რელიეფზე. მარტივი გაზომვით, ტელეფონის გამოყენებით წყლის წყაროდან ყველაზე მაღალ წერტილამდე დონეებს შორის სხვაობა არის 60 მეტრამდე. 1710-1770 მეტრი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, როდესაც მაღალი წნევის მილებით წყლის მიწოდება ხდება ანალოგიურ რელიეფზე და დიდ დისტანციაზე აუცილებელია ჰაერის გამომშვები სარქველის დამონტაჟება (დასაწყისში ყველაზე მაღალ წერტილსა და მაგისტრალის ბოლოში, უკუსარქველი) და წნევის დამგდები, რომელთა არქონის შემთხვევაში, გარდაუვალია მილების დაზიანებები.
10.5. მილების მონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცედურების ტექნიკური ინფორმაციის თანახმად, ტუმბოს ტექნიკური მონაცემებით, რომლითაც მოსარჩელე ახორციელებდა წყლის მიწოდებას ნაკვეთში, მინიმალური წარმადობის შემთხვევაში, 100 მ3/სთ, 1600მ მანძილზე წყლის მისაწოდებლად, 30 მეტრიანი რელიეფურ დონეთა შორის სხვაობის დროს, საჭირო იყო გამოეყენებინა 180 მმ დიამეტრის, 6 ატმოსფეროზე გათვლილი პ/ე მილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ამოცანის შესრულება (100მ3-ის 1600 მეტრ მანძილზე მიწოდება, მაქსიმალური სამუშაო წნევით 5,5 ატმოსფერო) შეუძლებელი იქნებოდა. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა იმგვარად უნდა დაპროექტებულიყო, რომ თავიდან აცილებულიყო არასწორი გამოყენებისაგან გამომდინარე საფრთხე ან თუკი ეს შეუძლებელი იყო, მაშინ ადეკვატური გამაფრთხილებელი ინფორმაცია უნდა მიწოდებულიყო, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა არ გამოეყენებინა არასწორად.
10.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ნოემბრის დასკვნის თანახმად, როგორც ტუმბოს მარკირებიდან ჩანს, ტუმბო არის მუშაობის ორი რეჟიმით - პარალელური და მიმდევრობითი. პირველ რეჟიმში მუშაობის დროს, ტუმბოს წყლის საჭირო რაოდენობა (30ლ/წმ, განმცხ. მონაცემები), უნდა მიეწოდებინა 33 მეტრის სიმაღლეზე 1600 მეტრის სიგრძეზე. სინამდვილეში, თუ სწორად იქნება შერჩეული მილის დიამეტრი, ტუმბო ანვითარებს ისეთ სიმძლავრეს, რომ ამ სიმაღლეზე ის აწვდის 432 მ3/სთ ანუ 114 ლ/წმ საჭირო ხარჯის - 30 ლ/წმ ანუ 114 მ3/სთ d=125 მმ მილში გატარების დროს, საჭირო დაწნევის სიდიდე აღწევს ძალიან დიდ რიცხვს - 12 449 ატმოსფეროს (ექსპერტის გაანგარიშებით). ასეთი დიდი დაწნევა გამოიწვია მილის დიამეტრის სიმცირემ დიდი ხარჯის პირობებისთვის და ამით განპირობებულმა მილის წინაღობამ. ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ ტუმბოს გაშვების მომენტში, უცნობია რომელ რეჟიმში მუშაობდა იგი. სავარაუდოა, რომ იყო მიმდევრობით რეჟიმში რადგან, დიდმა განვითარებულმა წნევამ მალე დააზიანა მილები, პარალელურ რეჟიმში უფრო გვიან დააზიანებდა. 30 ლ/წმ გადასაქაჩად 1600 მ სიგრძეზე და 32 მეტრის სიმაღელზე, საჭიროა PE100 PN 10 SDR17 d=160 ტიპის მილი. დამწნევ ხაზზე, ურდულის შემდეგ, აღნიშნული ტუმბოს შემთხვევაში, უნდა დადგეს მანომეტრი და წნევის რეგულატორი, დარეგულირებული 8-9 ატმოსფეროზე.
10.7. სასამართლო სხდომაზე, ექსპერტმა თ.ჭ–ძემ დამატებით განმარტა, რომ მილების ამგვარი დაზიანება შეეძლო გამოეწვია, როგორც აღნიშნულ მილებში მაღალი წნევით სარწყავი წყლის მიწოდებას, აგრეთვე ამ მილების ნაკლიანობას. იმ ექსპერტიზის ფარგლებში, რაც მან ჩაატარა საქმეში წარმოდგენილი დასკვნის გასაცემად, დაზიანების კონკრეტული მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდებოდა, ამისთვის საჭირო იყო სხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება, რაც მას არ განუხორციელებია. მან დაადგინა მილების დაზიანების სახე, თუმცა რეალური მიზეზები ამ დაზიანებისა შესაძლოა ყოფილიყო ორივე შემთხვევა, მაღალი წნევა ან მათი ხარვეზიანობით დამზადება, რისი დაბეჯითებით თქმაც არსებული მოცემულობით შეუძლებელია.
10.8. მოპასუხემ, მილების დაზიანების საფუძვლად ტუმბოს სიმძლავრეზე მიუთითა თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ტუმბო სრული დატვირთვის დროს ავითარებდეს უფრო მეტ წნევას, ვიდრე ამას გაუძლებდა მილები, თუმცა აღსანიშნავია, რომ წნევის დარეგულირება შესაძლებელია და ტუმბოს ჩართვიდან ავტომატურ რეჟიმში არ ხდება მაქსიმალური წარმადობით და სრული დატვირთვით მუშაობა. მოსარჩელის ინტერესის სფეროც კი ვერ იქნებოდა 6 ატმოსფერული წნევის მილებში გაეშვა 10 ატმოსფერული წნევა წყალი, რაც მილების სრულად ან ნაწილობრივ დაზიანებას გამოიწვევდა.
10.9. მოპასუხე კომპანიის ცნობის თანახმად 2016 წელს კომპანია ხელმძღვანელობდა თურქული სს „ე.ე.პ. თ.ს–ის“ სტანდარტით, რომლის მიხედვით 110 მმ-ის დიამეტრის პოლიეთილინის მეორადი გრანულიდან დამზადებული სარწყავი მილის კედლის სისიქე, რომლის სამუშაო ატმოსფერო არის 5 ბარი, არ უნდა იყოს 3.4 მმ-ზე ნაკლები. მილის კედლის სისქე შესაძლებელია იყოს არაერთგვაროვანი, იგი შეიძლება მერყეობდეს 3.4. მმ-დან 4.2 მმ-დე.
10.10. სააპელაციო სასამართლომ კვლავ გაამახვილა ყურადღება, რომ მოსარჩელე რამდენჯერმე დაუკავშირდა მოპასუხეს და სატელეფონო საუბრის დროს აუხსნა არსებული ვითარება, ამასთან, მოითხოვა საქმის გამოსწორება. მოპასუხე დაპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, რაც მხოლოდ დაპირებად დარჩა. მოგვიანებით კი საერთოდ აღარ უპასუხეს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს. 2016 წლის 01 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი, თუმცა მასზე პასუხი არ გაუცია.
10.11. ამდენად, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ აპელანტს/მოაპსუხე მხარეს არ წარუდგენია შესაბამისი მარკირების არსებობის ფაქტი, არ წარუდგენია საკონტროლო შემოწმების აქტი, სანამ წარმოებაში გაიშვებოდა მილები და არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება წარმოებული და შექმნილი პროდუქციის დროს ან/და რეალიზაციამდე, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნაკლის მქონე. ამასთან, კომპანიამ, მოსარჩელის მიერ სადავო მილებში ნორმაზე მაღალი წნევით წყლის ნაკადის გაშვებით დაზიანების ფაქტი ვერ დაადასტურა.
11. კომპანიის საკასაციო საჩივარი
11.1. კომპანიამ, საკასაციო საჩივარი წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით მოსარჩელემ, მაღალი სიმძლავრის ტუმბო გამოიყენა, რომელსაც აუცილებელი დამცავი საშუალებები არ გააჩნდა, ხოლო აღნიშნული ტუმბო მაქსიმალურ 8 ატმოსფეროს ანვითარებს, რამაც მილების, რომელთა წნევამედეგობა 5 ატმოსფერო იყო, დაზიანება გამოიწვია.
11.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები შედგენილია სხვა პროფილისა და განათლების მქონე ექსპერტების მიერ, ვიდრე, სადავო საკვლევი საკითხისთვის იყო საჭირო, ამასთან, არ იყო დაცული ნიმუშის აღების სტანდარტი.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
19. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
21. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი პრეტენზია მოპასუხის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელისგან შეძენილი მილების უხარისხობას ეხებოდა, რომელიც ექსპლუატაციის დროს გამოვლინდა. აღნიშნულის დასტურად, კი მოსარჩელემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნაზე მიუთითა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზიები, ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და დამატებით აღარ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე (ექსპერტიზის დასკვნების თაობაზე ვრცლად იხ. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წინამდებარე განჩინების 10.10-10.11 ქვეპუნქტები).
23. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „წ. და გ.ტ–ების“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „წ. და გ.ტ–ებს“ (ს/კ:.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ვ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1449.45 ლარის (საგადახდო დავალება N 93959/3453, გადახდის თარიღი 6.02.2020), 70% - 1 014.61 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსარმართლეები: თ. ზამბახიძე
ვ. კაკაბაძე