საქმე №ას-470-2020 7 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,კ.კ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემცირება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნას განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ.კ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი), დ.ნ–ს, პ.ნ–სა და შპს „კ.კ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი კომპანია, აპელანტი ან კასატორი) შორის 2018 წლის 24 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტორის მიერ სესხის სახით გაიცა 4300 ლარი, 48 თვის ვადით, თვეში 4.5% სარგებლის გადახდის პირობით (ტ.1.ს,ფ, 17-24).
2. მსესხებელმა, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი თანხის ოდენობა 10 587.71 ლარია, საიდანაც 4 300 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 2651.71 ლარი - დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 3 636 ლარი - პირგასამტეხლო. (ტ.1,ს.ფ.25-29).
3. მსესხებლის სასარჩელო მოთხოვნა
3.1. მსესხებელმა, 2019 წლის 27 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოითხოვა, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების განსაზღვრა 6 837.85 ლარით, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ორჯერ შემცირების ხარჯზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა - 6 837.85 ლარით, საიდანაც 4 300 ლარი ძირი თანხა, ხოლო სარგებელი - 1 325.85 და პირგასამტეხლო - 1 212 ლარი იყო.
5. კომპანიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმის მოთხოვნით.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და შეფასება სადავო საკითხთან მიმართებით და განმარტა, რომ მხარეთა შორის უდავო იყო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რაც პირგასამატეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა, თუმცა, მოსარჩელის პრეტენზია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას ეხებოდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იძლევა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, რის უფლებასაც სასამართლოს ანიჭებს. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სასამართლოს მხრიდან სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება (სუსგ. 19.04.2016წ. გადაწყვეტილება, საქმე №ას-144-140-2016).
6.4. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით დადგენილი იყო პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის დარჩენილი ძირი თანხის 0,219% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, რაც წლიურად შეადგენს 79,935% (0,219 x 365). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ხსენებული პროცენტი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად ჩაითვალა, რის გამოც მოხდა მისი შემცირება. აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ პრეტენზიის საფუძვლად უთითებდა სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული / დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. აპელანტის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია, შესაბამისად იგი არ შეიძლება ჩათვლილიყო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ.
6.5. აპელანტის ზემოხსენებულ არგუმენტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ის ზღვრული ოდენობა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პირგასამტეხლო მიჩნეულ იქნება კანონსაწინააღმდეგოდ, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი იქნება. ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო ექცევა კანონით დადგენილ ჩარჩოში, ნიშნავს, რომ ის კანონშესაბამისია, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას გამოიყენოს სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და შეამციროს იგი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით.
6.6. ამდენად, აპელანტის მითითება, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შესაბამისობაშია კანონით დადგენილ ზღვართან, არ გამორიცხავს, ამავე პირგასამტეხლოს შეუსაბამობას მისი არაგონივრულად მაღალი ოდენობის გამო.
6.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრეთვე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სააღსრლებო ფურცლით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა ძირი თანხის 84,55%-ს და მოვალეებს გარდა პირგასამტეხლოსა და ძირი თანხისა ასევე ეკისრებოდათ საპროცენტო სარგებელი, ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ დასკვნას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თაობაზე რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად განხორციელდა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება. პალატა აქვე მიუთითებს, რომ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ძირი თანხის 28%-ს, რაც პალატის მოსაზრებით უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს მიზანს, კერძოდ, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის გამდიდრებას.
6.8. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მეორე პრეტენზიის პასუხად, სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ განმარტა, რომ უდავო იყო მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი, კერძოდ ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული იყო თვეში 4,5%-ის დარიცხვა სესხით სარგებლობისთვის. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სესხზე დარიცხული სარგებელი განისაზღვრა - 2 651,71 ლარით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განახევრდა.
6.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საპროცენტო სარგებლის შემცირება, კერძოდ მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოხდა სსკ-ის 54-ე მუხლზე დაყრდნობით, როგორც ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგებისა. აღნიშნულ დასკვნას აპელანტი უპირისპირებდა იმ არგუმენტს, რომ 2018 წლის მაისში, სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს, მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ სსკ-ის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დადგენილი იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო, ვინაიდან წლიური საპროცენტო განაკვეთი შეთანხმებული იყო 54%-ის (4.5% x 12) ოდენობით და გამომდინარე იქედან, რომ შეთანხმება ჯდებოდა კანონის მოთხოვნის ფარგლებში, არ შეიძლება მიჩნეულიყო ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ.
6.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სსკ-ის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტი იყო. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ხსენებული ნორმის, სადავო სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს, 2018 წლის 24 მაისს მოქმედი რედაქციით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილში ცვლილება შევიდა 2018 წლის 21 ივლისის კანონის საფუძველზე, რომელიც ამ ნაწილში ამოქმედდა 2018 წლის 1 სექტემბრიდან. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული ნორმა როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია, განსაზღვრავდა სესხის ხელშეკრულებისთვის საპროცენტო სარგებლის ზედა ზღვარს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში შეთანხმება მიჩნეული იქნებოდა კანონსაწინააღმდეგოდ და, შესაბამისად, ბათილად. თუმცა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება კანონით დადგენილ ფარგლებში ექცეოდა, მას ზნეობრივი კუთხით პრობლემა არ შეიძლება ჰქონოდა, ვინაიდან, როგორც ზემოთ განიმარტა, „გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული“. გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია ასევე მის შესაბამისობაზე ზნეობის ნორმებთან. რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ხელშეკრულების პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან. აღნიშნული საშუალებას მისცემს სასამართლოს დაადგინოს საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური სტანდარტი, რაც განსახილველი ტიპის ხელშეკრულებებთან მიმართებაში დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს. აღნიშნული მსჯელობის დამადასტურებელია თვით სსკ-ის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც საპროცენტო სარგებლის ზედა ზღვარი განახევრდა.
6.11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 54-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ დასახელებული ნორმა გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანი არის ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების მიმართ. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან. ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან.
6.12. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არც აღნიშნული სტატისტიკაა სავალდებულო ხასიათის და არც კრედიტორი წარმოადგენს საბანკო დაწესებულებას, მხარეთა შორის სესხის გაცემის დროისთვის, 2018 წლის მაისში, საპროცენტო სარგებელი საშუალოდ 17.62 %-ს შეადგენდა, თვეში საშუალოდ 1.47%-ს, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გამსესხებელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, რომელიც ხელშეკრულებაში ძლიერ მხარეს წარმოადგენდა და სესხის პროცენტიც მან განსაზღვრა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ შეესაბამება სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების ზოგად პრინციპს.
7. კომპანიის საკასაციო საჩივარი
7.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
7.1.2. კასატორის განმარტებით, მოვალეებს საერთოდ არ გადაუხდიათ თანხა, რის გამოც კომპანიას ზიანი მიადგა, ვინაიდან მას არათუ სესხის სარგებელი არამედ ძირი თანხაც კი არ მიუღია, ფაქტობრივად ერთი წლის განმავლობაში, მოვალეებმა ისარგებლეს სესხით, ისე, რომ არანაირი თანხა არ გადაუხდიათ. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო აღნიშნული ფაქტი, ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და პირგასამტეხლოსა და სარგებლის შემცირებისას.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისი განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს კასატორის იმ პრეტენზიების სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია მოვალეს, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ამ პირობებში არამართებულად მიიჩნიეს კომპანიის მიერ მოვალისთვის დარიცხული პირგასამტეხლო და სესხის სარგებელი და შეამცირეს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობისა და გარიგების ამორალურობის საფუძვლით.
12. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების პასუხად, საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და სამართლებრივ შეფასებებზე მიუთითებს და განმარტავს, უდავოა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და ამავე ხელშეკრულების, მოვალეთა მიერ შეუსრულებლობა, თუმცა შეფასების საკითხია, მხარეთა შორის, კანონის ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლოსა და პროცენტის შეუსაბამობა გონივრულ ოდენობასა და იმ სტანდარტებთან, რაც ხელშეკრულების დადების დროს მოქმედებდა.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
14. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულებულების ხანგრძლივობა და სხვა. (იხ. სუსგ.-ები 28.12.2012წ. საქმე Nას-1560-1463-2012; 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013, ასევე, შდრ. სუსგ-ები Nას-848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016; Nას-1451-1371-2017).
15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის შეთანხმებული პირგასამტეხლო სამართლიანად შემცირდა გონივრულ ოდენობამდე.
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით დადგენილ პროცენტს და განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული საპროცენტო განაკვეთი ცალკე არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვარს, შეუსაბამოდ მაღალს წარმოადგენს, იმ დროს მოქმედი სესხის ხელშეკრულებისთვის დადგენილ პროცენტთან შედარებით, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ სარგებელთან ერთად მხარე პირგასამტეხლოსაც ითხოვდა რაც ერთიანობაში, არა ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ სანქციის გამოყენებასა და კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფას, არამედ ამ უკანასკნელის შესაძლო უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს, რაც საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებასა და სტაბილურობას.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დასახელებულ საკითხზე მყარად ჩამოყალიბებულ პრაქტიკაზე „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“ (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი) და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებს სადავო საკითხთან მიმართებით.
18. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,კ.კ–ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „კ.კ–ს“ (ს/კ:.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N073, გადახდის თარიღი 2020 წლის 10 აპრილი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე