Facebook Twitter

საქმე №ას-638-2020 28 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ჯ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოხმობა, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა და თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.ჯ–ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილა ი.კ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთის (მდებარე, სენაკის რ-ნი, სოფ. ......., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 14 401 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ:....... და მასზე განთავსებული დამხმარე შენობა-ნაგებობები), გამოთხოვისა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის, აგრეთვე, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 3 940 ლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 394 ლარის დაკისრების შესახებ.

2. კასატორის განმარტებით, სადავო ქონება ყალბი დოკუმენტების საფუძველზე წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების გაყალბების თაობაზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც თავად კასატორი დაზარალებულადაა ცნობილი.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ)სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;

6. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი):

7.1. სადავო უძრავი ქონება, 2011 წლის 4 თებერვლიდან რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, მოპასუხის სასარგებლოდ ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვის გარეშე;

7.2. აღნიშნული ქონება კასატორის მფლობელობაშია;

8. ამდენად, საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 168-ე ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

10. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდა.

11. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს - საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საფუძველი (სისხლის სამართლის საქმის წარმოება/აღძვრა სათანადო ორგანოებში), არ წარმოადგენს რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვის მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობას, ამგვარი ბოჭვა არც სასამართლო პრაქტიკითაა დადგენილი. მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე (რადგან ეს გარიგება თვალთმაქცურია), არ აფერხებს სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობას, რადგან ეს პრეტენზია მოპასუხეს სხვისი უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელად ვერ აქცევს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განისაზღვრება, რომ რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. როგორც დგინდება, ამგვარი შინაარსის დოკუმენტი სასამართლოსთვის მოპასუხეს არ წარუდგენია (იხ. სუსგ. ას-504-2019, 13.03.2020).

12. საკასაციო სასამართლო, დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში, კასატორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს არსებით შედავებას, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილზე (თანხის დაკისრების შესახებ ნაწილში), თუმცა სრულადაა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება, განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის მოთხოვნაზე სწორადაა გამოყენებული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სსკ-ის 982-ე მუხლი, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები სამართლებრივ ურთიერთობაში არმყოფი პირები არიან და მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია კონდიქციური ვალდებულების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, კერძოდ კი, ხელყოფის კონდიქციის ნორმების შესაბამისად. სასამართლოსთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას (მითითებას) სუბსიდიური ხასიათი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი. სხვადასხვა საქმეებზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება და იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა (იხ. სუსგ #ას-774-723-2017, # ას-664-635-2016წ; # ას-1671-2018).

13. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა (იხ. სუსგ 1507-1427-2017, 03.04.2017წ.): საგულისხმოა, რომ ხელყოფის კონდიქციიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინაპირობად არ აყენებს ბრალეულობას. მართალია, დოქტრინაში განვითარებულია მოსაზრება, რომ ხელყოფის კონდიქცია დელიქტური სამართლის განვრცობას წარმოადგენს, თუმცა, ხელყოფის კონდიქციას დელიქტისგან არსებითად განასხვავებს ის, რომ მისგან (ხელყოფის კონდიქციისგან) წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს ბრალეულობა.

14. სსკ-ის 982-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება და მისგან გამომდინარე შედეგები კავშირშია სსკ-ის 164-ე მუხლთან და მასში განმტკიცებულ სანივთო უფლებასთან: ნივთის მფლობელობისას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მფლობელობა წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობას სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე. „არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად“. სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.“ ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებულის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან, ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ # ას-852-796-2017, 22.09.2017წ; სუსგ-ებს: # ას-472-448-2013,05.12.2013წ; # ას-308-293-2013, 30.05.2017წ; # ას-197-186-2017 -30.05.2017წ.).

15. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა (იხ: სუსგ Nას-307-291-2011; 24.10.2011წ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ სადავო ქონების ერთი თვის საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 394 ლარს. აღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, საპრისპირო მტკიცებულების არარსებობისა და დამოუკიდებლად, სადავო კვლევის შეუძლებლობის პირობებში.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ჯ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ა.ჯ–ას (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 7 აგვისტოს), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე