Facebook Twitter

საქმე №ას-1208-2020 2 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.ს–ა, ნ.გ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ".. უ.ქ." (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გავრცელებული რეკლამის არასათანადო რეკლამად აღიარება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, ლ.ს–ას და ნ.გ–ის სარჩელი, შპს ".. უ.ქ."-ს მიმართ, გავრცელებული რეკლამის არასათანადო რეკლამად აღიარების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და, საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ლ.ს–ას 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო ნ.გ–ს 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, კასატორების წარმომადგენელს, ქ.ე–ას ჩაბარდა 2020 წლის 20 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ს–ას და ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ლ.ს–ას 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო ნ.გ–ს 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, კასატორების წარმომადგენელს, ქ.ე–ას ჩაბარდა 2020 წლის 20 ნოემბერს, დადგენილია, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 21 ნოემბერს და ამოიწურა 2020 წლის 27 ნოემბერს (პარასკევი). ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი გამოესწორებინათ 2020 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ს–ას და ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ს–ას და ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი