საქმე №ას-910-2020 30 მაისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "… …." (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჯ, მ. გ. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისი განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მემკვიდრის უფლებამონაცვლედ ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით - არ დაკმაყოფილდა სს „--- --“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოსარჩელესა და მ. ბ-ლს (აწ გარდაცვლილს) (შემდეგში - მსესხებელი ან მოვალე) შორის 2012 წლის 6 აპრილს N……. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც ბანკმა მსესხებელს საკრედიტო ხაზი გაუხსნა.
3.2. N….საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და მსესხებელს შორის N….-.. იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში,…. ქ…-ში, ბინა N .., ს/კ ----. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე მ.გ-ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე) იყო.
3.3. ბანკსა და მსესხებელს შორის, 2012 წლის 17 აპრილს, N----საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მსესხებლის სახელზე სესხად 25 000 აშშ დოლარი, წლიური 19% სარგებლის დარიცხვით, 2017 წლის 25 აპრილამდე გაიცა.
3.4. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტის ძირითად თანხას და დარიცხულ პროცენტს პირგასამტეხლო - 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა.
3.5. მსესხებელმა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით N----საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 116 647.52 აშშ დოლარს შეადგენდა (კრედიტის ძირითადი თანხა - 23 499.82 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 101.99 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 76 045.71 აშშ დოლარი).
3.6. ბანკმა ნოტარიუსთა პალატას განცხადებით მიმართა და გარდაცვლილი მსესხებლის სამკვიდრო ქონების თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა.
3.7. განცხადების პასუხად 2018 წლის 27 მარტის წერილით (№../…) ბანკს ეცნობა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 21 ოქტომბერს გარდაცვლილი მსესხებლის სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი. 2013 წლის 4 აპრილს ნოტარიუსის მიერ სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებაა დამოწმებული, ხოლო 2013 წლის 15 მაისს - სამკვიდრო მოწმობა გაცემული.
3.8. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხი ბოლოს 2012 წლის ნოემბერშია გადახდილი.
3.9. სესხი პრობლემური აქტივების ბიუროს სამართავად და ვალის ამოსაღებად 2016 წელს გადაეცა (მოწმეთა ჩვენება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმი).
3.10. ი. ჯ-ემ (შემდეგში - პირველი მოპასუხე), როგორც მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო მცხეთაში, სოფელ … მდებარე სამკვიდრო ქონება - 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც, სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, 5000 ლარადაა შეფასებული.
3.11. სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2013 წლის 19 ივნისს, პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა, ხოლო 2018 წლის 28 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე - გ. შ-ის სახელზე დარეგისტრირდა.
3.12. ბანკმა სარჩელი სასამართლოში პირველად 2018 წლის 16 თებერვალს, ხოლო წინამდებარე სარჩელი 2018 წლის 30 ივლისს წარადგინა.
4. სააპელაციო სასამართლომ ბანკის, როგორც კრედიტორის, მიერ მოვალის მემკვიდრისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 1488-ე (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად) მუხლიდან გამომდინარე პრეტენზიის წაყენების 6- თვიანი ვადის დარღვევის თაობაზე საქალაქო სასამართლოს დასკვნა გაიზიარა.
5. საქმის მასალებიდან დადგინდა, რომ მოვალემ 2012 წლის ნოემბრიდან სრულად შეწყვიტა ვალდებულების შესრულება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ფაქტზე მიუთითა და მიიჩნია, რომ გულისხმიერების პრინციპიდან გამომდინარე ნებისმიერი მოქმედებით ბანკს უნდა შეეტყო მასთან ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირის გარდაცვალების შესახებ. დადგენილია, რომ მოვალე 2012 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, ხოლო წინამდებარე სარჩელი კრედიტორმა 2018 წლის ივლისს, თითქმის ექვსი წლის გასვლის შემდეგ აღძრა. შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კრედიტორის არც ერთი ქმედება არ ყოფილა მიმართული ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზების გამოკვლევისკენ. ყოველივე ზემოთქმული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საბანკო ხელშეკრულებით მოვალეს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ჯარიმა და ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი ერიცხებოდა, რაც კრედიტორს გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, სულ მცირე, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების გამოკვლევას ავალდებულებდა.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბანკმა სასესხო ვალდებულების პრობლემური სესხების მართვის სამსახურისთვის გადაცემიდან, 2016 წლიდან 2 წლის შემდეგ, 2018 წლის 27 მარტს მიმართა ნოტარიუსთა პალატას და გარდაცვლილი მოვალის სამკვიდრო ქონების თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ სსკ-ის 1487-ე მუხლის (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ) საფუძველზე მემკვიდრეების ვალდებულება შეუსრულებლად იქნებოდა მიჩნეული, ბანკის მიერ მემკვიდრეებისთვის პრეტენზიის წარდგენის 6-თვიანი ვადა მაინც დარღვეულად მიიჩნეოდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კრედიტორის მიერ გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე მოქმედების შემთხვევაში, მისთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ გონივრულ ვადაში იქნებოდა ცნობილი, რაც კრედიტორის მიერ სსკ-ის 1488-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სააპელაციო საჩივარს უსაფუძვლოს ხდის.
8. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 129-ე მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის თაობაზე მოპასუხეების მითითება ხანდაზმულობის მოტივით უარყო.
9. სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სსკ-ის 1488-ე მუხლთან მიმართებით დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითა და აღნიშნა,რომ ვინაიდან ბანკის მიერ სსკ-ის 1488-ე მუხლით განსაზღვრული პრეტენზიის წარდგენის ვალდებულების დარღვევა დადგენილია, იმთავითვე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არა მოთხოვნის შემაფერხებელი, არამედ - მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლის დასაბუთებულობის გამო გამორიცხავს.
10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო, კრედიტორის მიერ პრეტენზიის წარდგენის ვადის გაშვების ფაქტი დაედასტურებინა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით აღნიშნული მტკიცების ტვირთი გადაილახა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებს გამორიცხავს.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებლის მემკვიდრისათვის ბანკის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1484 მუხლია [მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე - 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც] - იხ. სუსგ ას-417-395-2012, 06.04.2012 წ.; ას-461-435-2014, 30.08.2016 წ; კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც სსკ-ის 1488-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. მე-4 პუნქტში) აწესრიგებს.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო.
18. სსკ-ის 1499.1-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს კრედიტორის პრეტენზიების შესახებ მამკვიდრებლის- კრედიტორის წერილობითი, კერძო ან საჯარო აქტის ფორმით შედგენილი განცხადება, რომელიც მიიღება, მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ სამკვიდროს მიღების განცხადება.
19. კასატორის მტკიცებით, მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე 2018 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, ხოლო სამკვიდროს მიღების შესახებ - 2018 წლის 27 მარტს. სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან წამოეშვა კრედიტორს პრეტენზია მსესხებლის მემკვიდრეების მიმართ. საქმეზე წარდგენილი შეტყობინება ადასტურებს, რომ ბანკმა კანონის მოთხოვნა დაიცვა; კასატორის პრეტენზიით, ბანკი არ არის ვალდებული, პირველივე ვადაგადაცილებისას შეამოწმოს, წარმოიშვა თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი და მოვალე ხომ არ გარდაიცვალა.
20. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 873-ე მუხლზე (კრედიტის გამცემს შეუძლია ,შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), რომელიც კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ამღები ნაკისრ ვალდებულებას ზედიზედ ორჯერ მაინც არ შეასრულებს (იხ. სუსგ Nას-921-960-2011, 25.11.2011წ). მოცემული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სუსგ. Nას-145-135-2015, 23.04.2015წ).
21. დადგენილია, რომ მსესხებელმა სესხი ბოლოს 2012 წლის ნოემბერში გადაიხადა, ხოლო კრედიტორისთვის საკრედიტო ვალდებულების დარღვევის თაობაზე 2012 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ე.ი მას შემდეგ, რაც გრაფიკით გათვალისწინებული თანხა კრედიტორს არ მიუღია. საყურადღებოა, რომ მოვალემ 2012 წლის ნოემბრიდან სრულად შეწყვიტა ვალდებულების შესრულება.
22. საკასაციო სასამართლო კვლავ მიაქცევს ყურადღებას სსკ-ის 873-ე მუხლის დანაწესს და, ვინაიდან დასახელებული ნორმა კრედიტორს ვალდებულების ზედიზედ ორჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის უფლებითაც აღჭურავს, პრეზუმირებულად მიაჩნია, რომ თანხის გადახდის გრაფიკის ხელმეორედ დარღვევისა და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გადახდების შეწყვეტის პირობებში მოვალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო ცნობილი. შესაბამისად, გასაზიარებელია გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მსჯელობა, რომ კრედიტორის მიერ გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების შემთხვევაში, მისთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ ყველაზე გვიან, 2016 წელს იქნებოდა ცნობილი. ასევე გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულებასა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს დავა, რა დროსაც ყურადსაღებია მომხმარებელთა უფლებების სფეროში ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად მომხმარებლის მონაწილეობით დადებული ხელშეკრულების შეფასებისას, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მომხმარებელი „სუსტი“ მხარეა და მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება (იხ. C-137-08, პარ.46; C-40/48; C-240/98). ამ პრაქტიკის საფუძველზე ევროპის კავშირის დირექტივით რეგლამენტირებული მომხმარებელთა დაცვის სისტემა ორიენტირებულია შედარებით „სუსტი“ მხარის დაცვაზე არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივები „ასოცირების შეთანხმების შესახებ“ საქართველოს ევროპასთან დაახლოების სამოქმედო გეგმის ნაწილია, მათი მიზნებისა და მიდგომის გამოყენება მნიშვნელოვანია. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ზოგადად სამართალში და ყოველ კონკრეტულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის კვლევის დროს მნიშვნელოვანია პრეზუმფციებზე მსჯელობა გონივრული შეფასების სტანდარტით, მით უფრო, ისეთ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტის შესაძლო სტრუქტურულ უთანასწორობას ეხება საქმე კრედიტორთან შედარებით, რომელიც ამ შემთხვევაში საბანკო დაწესებულებაა (იხ. სუსგ N ას-647-647-2018, 21.10.2019წ). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობებში კრედიტორი ფინანსური ინსტიტუტი ძლიერი მხარეა, ხოლო მისი კონტრაჰენტი შედარებით „სუსტი“, რომელსაც დაცვის მეტი სტანდარტი სჭირდება (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-1585-2018, 12.02.2019წ; N ას-237-2019, 17.05.2019წ; N ას-444-2020, 17.03.2021წ; N ას-91-2021; 22.04.2021წ.)
23. სსსკ-ის 102–ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს, აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებს დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორ და რა წესით გროვდება, მოწმდება და ფასდება მტკიცებულებები და ა.შ.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოვალის გარდაცვალების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, რომელიც მოპასუხესთან შედარებით სამართალურთიერთობის ძლიერ მხარეს წარმოადგენს და სწორედ მას უნდა დაედასტურებინა, თუ როდის შეიტყო მოვალის გარდაცვალების შესახებ. როგორც უკვე აღინიშნა, მოვალემ 2012 წლის ნოემბრიდან სრულად შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, ხოლო ბანკმა მოვალის სესხი პრობლემური აქტივების ბიუროს სამართავად და ვალის ამოსაღებად მხოლოდ 2016 წელს გადასცა. 2 წლის შემდეგ, 2018 წლის 27 მარტს ნოტარიუსთა პალატას მიმართა და გარდაცვლილი მოვალის სამკვიდრო ქონების თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა. ასეთ ვითარებაში საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრის მიმართ კრედიტორის პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლა 2016 წლიდან უნდა დაიწყოს, რადგან, პრეზუმირებულია, რომ ბანკისთვის სწორედ ამ დროიდან გახდა ცნობილი ვალდებულების განმეორებით დარღვევის და, შესაბამისად, მოვალის გარდაცვალების შესახებ. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში არ მიმართა, რამაც, საბოლოოდ, სარჩელის წარუმატებლობა განაპირობა.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "---- ---" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "--- ---" (ს/კ….) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4271,41 ლარის
30 %-ის 1281,4 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე