Facebook Twitter

საქმე №ას-314-2019 15 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ.კ–ძე, გ.გ–ი, ბ.ჩ–ძე, ვ.ჭ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „კ.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი, კრდიტორი ან ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ–ძის, გ.გ–ის, ბ.ჩ–ძისა და ვ.ჭ–ძის (შემდგომში _ მოპასუხები, აპელანტები, კასატორები, ან მოვალეები. პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხე _ როგორც სოლიდარული თავდებები) მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 4480.74 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 30 აპრილს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 5 000 აშშ დოლარის ოდენობით 36 თვის ვადით - 2018 წლის 8 მაისის ჩათვლით. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.25%-ს თვეში. გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. 2015 წლის 30 აპრილს მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხემ თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს სოლიდარული თავდებობა მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე და მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7 697.38 აშშ დოლარის ფარგლებში. მსესხებელმა რამდენჯერმე დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი და მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, შესაბამისად, მათ ერიცხებათ დავალიანება 4 480.74 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა - 2 627.43 აშშ დოლარია, სარგებელი - 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი 125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 16.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 028.63 აშშ დოლარი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. მათ თანხმობა განაცხადეს გადაიხადონ 3 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. პირგასამტეხლო და საპროცენტო სარგებელი შეუსაბამოდ მაღალია, რადგანაც სცილდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოდენობას, რის გამოც, ეს თანხა მოპასუხეებს არ უნდა დაეკისროთ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოვალეებს კრედიტორის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 554.97 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2 627.43 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი 125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო 16.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 102.86 აშშ დოლარი.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 30 აპრილს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით - 2018 წლის 8 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით განისაზღვრა თანხის დაბრუნების ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, სადაც მითითებული გადასახდელი თანხა მოიცავს სესხის ძირს, დაარიცხულ სარგებელსა და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას გამოსახულს აშშ დოლარში. თანხა უნდა ანაზღაურებულიყო ლარში, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით. სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად მსესხებელს ყოველი თვის 8 რიცხვში უნდა გადაეხადა 212.62 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 3.14 პუნქტის შესაბამისად სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.25% -ს თვეში, ხოლო 3.15 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა: პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლები 2 ლარისა, ხოლო, დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე _ გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში;

1.2.2. 2015 წლის 30 აპრილს მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე, კერძოდ, თავდებობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მათ აიღეს ვალდებულება, დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სახელდობრ სესხის ძირითად თანხაზე - 5 000.00 აშშ დოლარზე, დარიცხულ პროცენტზე - 2 399.17 აშშ დოლარზე, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე - 254.88 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახდელებზე - 43.33 აშშ დოლარზე, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე. თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7 697,38 აშშ დოლარის ფარგლებში;

1.2.3. მსესხებელს 2016 წლის დეკემბრამდე გადახდილი აქვს ძირი თანხიდან 2 372.57 აშშ დოლარი, შემდგომ მან შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, რის გამოც, როგორც მსესხებელი, ასევე თავდები პირები გაფრთხილებულ იქნენ დაეცვათ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და გადაეხადათ გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხა, მაგრამ გაფრთხილებებმა შედეგი ვერ გამოიღო, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა;

1.2.4. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 4 480.74 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 627.43 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი 125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 16.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო -1 028.63 აშშ დოლარი;

1.2.5. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და თანხმობა განაცხადეს 3 000 აშშ დოლარის გადახდაზე, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდაზე მათ განაცხადეს უარი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, მე-400, 417-ე, 891.1, 895-ე, 896-ე, 898.1 და 463-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც დადგენილია, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის ფაქტი, ისე _ მსესხებლის მიერ ვადის გადაცილება, რის გამოც, მოვალეები გაფრთხილდნენ, როგორც დავალიანების, ისე _ პირგასამტეხლოს ვალდებულებაზე, შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა განხორციელებადია. რაც შეეხება მოპასუხეთა საპროცესო თავდაცვას, მათ არა თუ სადავო გახადეს ვალდებულების არსებობა, არამედ _ მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, შესაბამისად, სესხის ძირი თანხის, სადაზღვევო პრემიისა და მომსახურების საზღაურის ნაწილში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. რაც შეეხება სარგებელს, მოპასუხეთა მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რაც სარგებელზე შეთანხმების ბათილობას გამოიწვევდა, ხოლო, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და გონივრულ ოდენობამდე შეამცირეს მოთხოვნილი თანხა. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მ.კ–ძის მიერ 04.04.2019წ. #45 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 478,37 ლარის 70% _ 334,859 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ–ძის, გ.გ–ის, ბ.ჩ–ძისა და ვ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: მ.კ–ძეს (პ/#.......), გ.გ–ს (პ/#.......), ბ.ჩ–ძესა (პ/#......) და ვ.ჭ–ძეს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ მ.კ–ძის მიერ 04.04.2019წ. #45 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 478,37 ლარის 70% _ 334,859 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი