საქმე №ას-623-623-2018 31 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – თ.პ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძე (მოპასუხე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ნ.ს–ი, მ.პ–ი
განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა მორიგება, ერთი მხრივ, კასატორ თ.პ–სა (პ/#.......) და მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე ნ.ჩ–ძეს (პ/#......) შორის შემდეგი პირობებით:
1. თ.პ–ი (პ/#......) იღებს ვალდებულებას, ნ.ჩ–ძეს (პ/#.......) 2021 წილს 31 მარტამდე გადაუხადოს 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარი;
2. 2021 წლის 31 მარტამდე თანხის _ 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოხდეს თ.პ–ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ......, საოფისე ფართი #3, ფართი: 141,39 კვ.მ (ს/კ #......) რეალიზაცია, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებითი საჯარო აუქციონის მეშვეობით;
3. მხარეები თანხმდებიან: გაუქმდეს თ.პ–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (ს/კ #......., ქ.თბილისი, ......, საოფისე ფართი #3) კერძო აღმასრულებელ მ.ს–ის მიერ 2016 წლის 7 ივლისის #16064566-005/001 მიმართვით დადებული ყადაღა (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 102016210124/3);
4. 2021 წლის 31 მარტამდე თ.პ–ის მიერ თანხის _ 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ნ.ჩ–ძისათვის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.07.2016წ. განჩინებით (საქმე #2/18631-16) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.10.2016წ. #2ბ/4410-16 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები;
5. მორიგების აქტის დამტკიცებისთანავე თ.პ–ს (პ/#......) დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა _ 3 923,10 (სამი ათას ცხრაას ოცდასამი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით, რომელიც განთავსებულ იქნა 13.12.2016 წელს შემოსავლის ორდერით: 12401661.
ამავე განჩინებით შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე თ.პ–ის სარჩელის გამო, ნ.ს–ის, მ.პ–ისა და ნ.ჩ–ძის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, განემარტათ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ.პ–მა და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. განცხადების თანახმად, ემოციური სიჩქარის გამო, მან ვერ შეძლო მორიგების პირობების სწორად ჩამოყალიბება და იმ მიზნის მიღწევა, რაც სარჩელით ჰქონდა დასახული. მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში, არ არის ასახული იპოთეკის უფლებისა და 2016 წლის 29 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების ბედი. განმცხადებელი არ წარმოადგენდა მოთხოვნის მოვალეს და მორიგების პირობებით ნაკისრი ვალდებულება მისთვის დიდი რისკის შემცველია. გარდა ამისა, მას სურს, ფულადი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს მისი ოჯახის წევრი _ მოთხოვნის მოვალე. მორიგების პირობებში არ არის ასახული თანხის გადახდის ფორმა. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და განცხადებაში მოყვანილი არგუმენტების შესაბამისად, დამტკიცებული მორიგების პირობების კორექტირება.
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ თ.პ–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს საკითხთა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დასაშვებია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. განსახილველი ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების ინსტიტუტი ძირითადად ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული შესაძლო ხარვეზის გამოსწორებას და ჩამოთვლილ წინაპირობათაგან პირველი და მე-2 ცალსახად საქმის არსებითად განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება, რაც შეეხება პროცესის ხარჯების საკითხს, იგი შესაძლოა საგამონაკლისო წესით იქნას გამოყენებული მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში. აქვე უნდა ითქვას, რომ დავის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, მორიგების პირობების დამტკიცებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს მხარეთა დისპოზიციურ ნებას (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აისახება მხარეთა შეთანხმების პირობები ნაცვლად სასამართლოს მიერ სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე გამოტანილი დასკვნებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის უფლებისა და სააღსრულებო წარმოების ბედის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობა არ დააბრკოლებს განმცხადებლის უფლების განხორციელებას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი პოზიცია, რომელიც, თანხის გადახდის შემთხვევაში, გამოთქვამს მზაობას, საჯარო რეესტრში განაცხადოს იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე. ამგვარი ქმედება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 299-ე მუხლის დისპოზიციიდან, ისევე, როგორც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი კრედიტორისა და მოვალის მორიგებაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერებულია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულებამდე ეს საპროცესო მოქმედება ძალაშია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მორიგების პირობების კანონთან კონფლიქტში არ იმყოფება, იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, როგორც მესამე პირმა, სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაიკისრა ვალი. ამგვარი ქმედება დასაშვებია სანივთო სამართლის კუთხითაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის ფარგლებში.
რაც შეეხება განმცხადებლის პოზიციას მოთხოვნის პირადი მოვალის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული ნორმები, 427-ე მუხლთან ერთად, კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, რაც თავისთავად ათავისუფლებს მოვალეს დამატებითი შესრულებიგან. ასეც რომ არ იყოს, სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, ვალის გადაკისრებისას მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს შეთანხმებას შესრულების წესზე, იგი გავლენას ვერ იქონიებს ამ მორიგების კანონიერებაზე, რადგანაც ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში მოვალის ინტერესებს იცავს სამოქალაქო კოდექსის 429-ე და შემდგომი მუხლები, რომლებიც ადგენენ ე.წ სავალო საბუთის ინსტიტუტს, ხოლო, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში თ.პ–ი თანხის გადახდის ფაქტს შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით მარტივად დაადასტურებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ.პ–ის განცხადებას არ გააჩნია მატერიალური და ან პროცესუალური საფუძველი, რაც მისი უარყოფის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.პ–ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე