საქმე №ას-1820-2018 17 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „გ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ.დ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა:
- დამსაქმებლის 2016 წლის 6 ივლისის #42/16 შეტყობინების ბათილად ცნობა;
- შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა;
- დასაქმებულის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრა;
- კომპანიის სამზარეულო საამქროში ჭურჭლის მრეცხავის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა;
- კომპანიის ბ–ის ობიექტში ჭურჭლის მრეცხავის შტატის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების/ბრძანების ბათილად ცნობა;
- 2016 წლის 1 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება;
- იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაყოვნებისათვის მისაცემი თანხის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.07 პროცენტის დამსაქმებლისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელე დასაქმდა „გ–ი-ბ–ის“ სამზარეულო საამქროში მზარეულად, თუმცა, ფაქტობრივად ასრულებდა მზარეულის დამხმარის მოვალეობას. 2013 წლის 18 მარტიდან სამსახურიდან დათხოვნის მომენტამდე დასაქმებული იყო „ჰ. გ–ი ბ–ის“ ჭურჭლის მრეცხავის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 300 ლარს. 2016 წლის 18 იანვრიდან 22 იანვრამდე დასაქმებული იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, თუმცა, აღნიშნული პერიოდი მოპასუხემ არ აუნაზღაურა და დაეყრდნო კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ბიულეტენზე ყოფნის პერიოდი დასაქმებულებს ჩაეთვლებოდათ ანაზღაურებად და ანაზღაურების გარეშე შვებულების დღეებში. აღნიშნულის გამო, 2016 წლის 2 მარტს დაფუძნდა „ჰ. გ–ის ბ–ის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს მოსარჩელე. 2016 წლის მაისის დასაწყისში იგი კომპანიის სათავო ოფისში სამუშაო საათების ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, რადგან სხვა ფილიალებში ჭურჭლის მრეცხავები მუშაობდნენ დღეგამოშვებით, მოსარჩელე კი, მუშაობდა ყოველდღიურად, უფრო მცირე ანაზღაურებით. მისი სამუშაო საათების რაოდენობა სხვა მრეცხავების სამუშაო საათების რაოდენობას აჭარბებდა 52 საათით. გენერალური დირექტორისათვის არაერთი წერილის გაგზავნის შემდგომ, გაუქმდა კანონსაწინააღმდეგო ბრძანება და დასაქმებულებს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი აუნაზღაურდათ ივნისის შუა რიცხვებში. 2015 წლის მაისის ხელფასი თანამშრომლებს არ დაერიცხათ შესაბამის დროს, მხოლოდ მოთხოვნის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში გადაუხადეს მაისის შრომის ანაზღაურების ნახევარი. დასაქმებულებმა 2016 წლის მაისში განცხადებით მიმართეს დირექტორს და მოითხოვეს 2015 წლის მაისის ხელფასის მეორე ნახევრის ანაზღაურება. განცხადებით მიმართვის ინიციატორად დირექტორმა მოსარჩელე მიიჩნია, როგორც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რაც არასწორია. 2016 წლის 30 ივნისს „ჰ. გ–ი ბ–ის“ მენეჯერმა სთხოვა მოსარჩელეს, ხელი მოეწერა წინასწარ მომზადებულ შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ შეთანხმებაზე, რომელზეც უკვე იყო დამსაქმებლის გენერალური დირექტორის ხელმოწერა. ამ შეთანხმებას მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა, რის გამოც, მენეჯერმა მას განუცხადა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. 6 ივლისს დასაქმებულს გაეგზავნა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, სადაც მითითებული იყო, რომ დაკავებულის თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ 9 ივლისიდან, მაშინ როდესაც 1 ივლისიდან 6 ივლისამდე უკვე აღარ მუშაობდა. მოპასუხემ სამი ჭურჭლის მრეცხავი გაათავისუფლა სამსახურიდან, ამის შემდეგ სხვა თანამშრომლებს არ დაკისრებიათ ჭურჭლის მრეცხავის მოვალეობები, მიიღეს ახალი თანამშრომლები ჭურჭლის მრეცხავებად, დისკრიმინაციული ნიშნით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დასაფარად, რომ ვითომდა ჭურჭლის მრეცხავების შტატი გაუქმდა, ახალ ჭურჭლის მრეცხავებს აფორმებენ სხვადასხვა პოზიციაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გათავისუფლდა, მას დადგენილი ვადის დაცვითა და შესაბამისი ფორით მიეცა შეტყობინება გათავისუფლების შესახებ. კომპანიაში მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, 2016 წლის ივნისში, ორგანიზაციული ცვლილებებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 35 საშტატო ერთეულის შემცირების შესახებ. შემცირებულ შტატებს შორის მოხვდა მრეცხავის 3 საშტატო ერთეული, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბარი დაუსაბუთებელია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბ–ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2016 წლის 6 ივლისის ბრძანება და დასაქმებული აღდგენილ იქნა „ჰ. გ–ი ბ–ში“ ჭურჭლის მრეცხავის ან მის ტოლფას პოზიციაზე, ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ 2016 წლის 9 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 300 ლარის, ასევე, ამ თანხის ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის გადახდა. დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრისა და ჭურჭლის მრეცხავის შტატის გაუქმების თაობაზე დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
წინამდებარე გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად, კი:
- სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამდენადაც მოპასუხემ სასამართლოს დადგენილი წესით გადასცა მის ხელთ არსებული დოკუმენტები, თუმცა, გაურკვეველია სასამართლოს პოზიცია, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების ფაქტი. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნა, რის გამოც, მიმდინარეობს საკადრო პოლიტიკის რესტრუქტურიზაცია და ფინანსების ოპტიმიზაცია, შესაბამისად, 2016 წლის ივნისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საშტატო ერთეულების, მათ შორის მრეცხავის სამი შტატის გაუქმების შესახებ. სწორედ ამ საფუძვლით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა მოსარჩელე სამსახურიდან;
- სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რეაბილიტაციის რეჟიმში საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის მმართველი იღებს და შტატების გაუქმების სადავო ფაქტს სწორედ რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილება ედო საფუძვლად, ამასთანავე, უდავოა ისიც, რომ მოსარჩელის გათავისუფლებიდან დღემდე ჭურჭლის მრეცხავის საშტატო ერთეული არ შექმნილა და არც არავინ იკავებს მსგავს პოზიციას.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:
1.2.1. 2013 წლის 18 მარტიდან სამსახურიდან დათხოვნამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო სს „გ–ის“ „ჰ. გ–ი ბ–ში“ ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 300 ლარს;
1.2.2. კომპანიის გენერალური დირექტორის მინდობილმა პირმა 2016 წლის 6 ივლისს დასაქმებულს გაუგზავნა გათავისუფლების შესახებ #42/16 შეტყობინება. შეტყობინების მიხედვით მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანიაში მიმდინარე საკადრო ოპტიმიზაციის ფარგლებში 2016 წლის 9 ივლისიდან იგეგმებოდა მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საბოლოო ანგარიშსწორების სახით მიიღებდა 2016 წლის 9 ივლისამდე ფაქტიურად ნამუშევარი დღეების ანაზღაურებას; გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას; ორი თვის ხელფასს კომპენსაციის სახით;
1.2.3. 2016 წლის 2 ივლისს დასაქმებულმა მოპასუხეს მოსთხოვა შესაბამისი დასაბუთება, თუ კონკრეტულად რა საფუძვლით მოხდა და რა აუცილებლობამ გამოიწვია მისი შტატის შემცირება, მაშინ, როცა „ჰ. ბ–ი გ–ში“ სხვა შტატები დარჩა უცვლელი.
1.2.4. დამსაქმებლის წერილობითი პასუხის თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდებოდა რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას, საკადრო ოპტიმიზაციას, საშტატო ერთეულების და ხარჯების შემცირებას, შესაბამისად, კომპანიის ბ–ის ობიექტში ჭურჭლის მრეცხავის შტატის გაუქმებას;
1.2.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე და მოპასუხეს დაევალა სასამართლოსათვის წარედგინა შტატების ნუსხა და ბრძანებები, თუ ვინ ასრულებდა იმ ფუნქციებს, რასაც ასრულებდა მრეცხავი. დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზეც. სასამართლოს დავალების პასუხად მოპასუხემ წერილობით განმარტა, რომ „2016 წლის 24 ივნისს სს „გ–ში“ მიმდინარე ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით სს „გ–ის“ ბ–ის ობიექტში გაუქმდა ჭურჭლის მრეცხავის საშტატო ერთეული. საშტატო ერთეულის გაუქმების ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). 2016 წლის 24 ივნისიდან სს „გ–ის“ დასახელებულ ობიექტში არ შექმნილა ჭურჭლის მრეცხავის საშტატო ერთეული და შესაბამისად არავინ იკავებს აღნიშნულ პოზიას“. მოპასუხემ სასამართლოს ასევე წარუდგინა ვ–ისა და ჯ–ძის ჩამლაგებლად დანიშვნის ბრძანებები. შესაგებელს ერთვის კომპანიის გენერალური დირექტორის 2016 წლის #115/16/მ ბრძანება სს „გ–ის“ საშტატო განრიგში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით 2016 წლის 1 ივლისიდან სს „გ–ის“ ბ–ის შტატები შემცირდა 35 საშტატო ერთეულით. შემცირდა ჭურჭლის მრეცხავის სამი საშტატო ერთეული. განრიგის თანახმად, არ შემცირებულა ჩამლაგებლის საშტატო ერთეული. თავად მოპასუხის განმარტებით, კომპანიაში არსებობდა და არსებობს „ჩამლაგებლის“ პოზიცია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს ჭურჭლის მრეცხავის ფუნქციებსაც. მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელისა და მასთან ერთად ორი ჭურჭლის მრეცხავის გათავისუფლების შემდგომ ჩამლაგებლის პოზიციაზე „გ–ი ბ–ში“ აყვანილი იქნა ორი თანამშრომელი: ვ–ი და ჯ–ძე. კომპანიას კვლავ აქვს სამზარეულო. დამსაქმებლის განმარტებით, სამზარეულოში ჭურჭლის მრეცხავის ფუნქციებს მართალია ასრულებს ჩამლაგებელი, მაგრამ იგი ასევე ასრულებს ყველა იმ სამუშაოს, რასაც დარბაზის მენეჯერი დაავალებს. მოწმედ დაკითხული ვ–ისა და ჯ–ძის ჩვენებებით (რომლებიც ჩამლაგებლად არიან დანიშნული) დადგენილია, რომ ისინი გ–ში მრეცხავის სამუშაოს ასრულებენ.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად მოიშალა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლი ადგენს შრომითი ურთიერთობიდან მხარის ცალმხრივად გასვლის ლეგალური საფუძვლების ჩამონათვალს, მაგრამ გასვლის კანონიერების საკითხის შესწავლისას არ არის საკმარისი მხოლოდ კანონიერი წინაპირობის არსებობის ფორმალურად დადგენა, არამედ, სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ გასვლის ინციატორმა მხარემ არა მხოლოდ კანონის ფორმალურ დანაწესი, არამედ _ ფაქტობრივი წინაპირობებიც დაიცვა და სახეზე არ არის უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი (სკ-ის 115-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლას საფუძვლად დაედო კომპანიაში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, რეაბილიტაციის პროცესი და დამსაქმებელი სწორედ საშტატო პოლიტიკის ოპტიმიზაციას და ამ გზით ხარჯების შემცირებას უკავშირებს მის მიერ გამოცემულ სადავო ბრძანებას. ფორმალური თვალსაზრისით ეს გარემოება შეიძლება მართალც დაედოს შრომითი ურთიერთობის მოშლას საფუძვლად, თუმცა, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში რეორგანიზაციის რეალურად განხორციელების, გაუქმებული შტატის შემცირების აუცილებლობის და/ან ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაწესების მტკიცება, რომლის შესრულების პროფესიული უნარიც არ გააჩნია დასაქმებულს, დამსაქმებლის, როგორც შრომითი ურთიერთობის ძლიერ მხარეს ეკისრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უფლების სოციალური ასპექტიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკაში განვითარებულია მიდგომა იმის თაობაზე, რომ დასაქმებულის უფლებების დაცვისათვის დამსაქმებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მისი პროფესიული უნარების ამაღლებას და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულს არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი გამოწვევების მიმართ, არ შეიძლება უარი ეთქვას შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე.
1.3.2. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ კომპანიაში, მიუხედავად რეორგანიზაციისა კვლავ ფუნქციონირებს სამზარეულო და ჭურჭლის მრეცხავის პოზიცია კვლავ არსებობს. მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება ჩამლაგებლის პოზიციაზე დასაქმებულ პირს, ამასთანავე, მოსარჩელის გათავისუფლების შემდგომ კომპანიამ ჩამლაგებლის თანამდებობაზე ორი ახალი კადრი დაასაქმა. ამ გარემოებათა საქმის მასალებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი), საკასაციო პალატას უყალიბდება შინაგანი რწმენა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში მართლაც არ არსებობდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმგვარი წინაპირობები, რომლებიც გამართლებულს გახდიდა დამსაქმებლის ცალმხრივ ნებას შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე.
1.3.3. ვინაიდან შრომითი ურთიერთობის მოშლის ნება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს (შკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, იგი სწორად იქნა მიჩნეული ბათილად ქვემდგომი სასამართლოების მიერ. რაც შეეხება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომმა სასამართლოებმა დასაქმებული აღადგინეს ჭურჭლის მრეცხავის ან მის ტოლფას თანამდებობაზე, თუმცა, არ დაუდგენიათ არც პირვანდელი თანამდებობის არსებობის საკითხი და არც ის, თუ რომელი თანამდებობა წარმოადგენდა ჭურჭლის მრეცხავის პოზიციის ტოლფასს. მიუხედავად ამისა, საკასაციო საჩივრით ეს საკითხი შედავებული არ არის, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გასცდება მხარის პრეტენზიებს.
1.3.4. რაც შეეხება ე.წ იძულებითი განაცდურის საკითხს, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს და განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად მოშლის ფაქტის დადგენისას სახეზე გვაქვს არა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, არამედ _ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და მის სამართლებრივ საფუძველს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად მოშლის ფაქტის დადგენისას, სახეზეა დამსაქმებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, რომელსაც დაზარალებული პირის _ დასაქმებულის ქონებრივი დანაკლისი მოჰყვა შედეგად, შესაბამისად, ამ ზიანის ფულადი ანაზღაურება მიუღებელი ხელფასის ოდენობით გამართლებულია და სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, არ ადგენს მოვალის გადამეტებულ პასუხისმგებლობას, შესამაბამისად, მიუღებელი ხელფასის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები დასაბუთებულია.
1.3.5. კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხთან დაკავშრებით უნდა ითქვას, რომ მას შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს და ადგენს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხსენებული რეგულაციის გამოყენებისათვის საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით დადგენილია, რომ:
- მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი;
- შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს.
- დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი). ამავე საქმეში საკასაციო პალატამ გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია, რომლის თანახმადაც, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება (იხ. სუსგ #ას-268-255-2016, 27.10.2016წ.).
1.3.6. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დამსაქმებლის ცალმხრივი ნების საფუძველზე შრომითი ურთიერთობა მოიშალა, შესაბამისად, კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას არ გააჩნია მატერიალური საფუძველი.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების/გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ ძალაში დატოვების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ნამდვილობის, ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უცვლელად ტოვებს მას, რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, პალატა აუქმებს მას და ვინაიდან არ იკვეთება საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი), ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე: დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
2. პროცესის ხარჯები:
საქმეზე გაღებული ხარჯები უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, ვინაიდან შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელე ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, სახელმწიოფო ბიუჯეტის მიმართ არ არსებობს ხარჯების განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. რაც შეეხება ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი ბაჟიდან უნდა დაეკისროს 20,69 ლარის გადახდა (კანონისმიერი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ღირებულების 9%, დამატებით იხ. სსსკ-ის 39.1, 41.1 (დ) მუხლები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. ნ.დ–ას სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2.2. ნ.დ–ას (პ/#.....) სს „გ–ის“ (ს/კ #2......) სასარგებლოდ დაეკისროს 20,69 ლარის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი