Facebook Twitter

¹ბს-770-736(კს-06) 15 ნოემბერი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ჩოხატაურის რაიონის ხევის თემის საკრებულო

მესამე პირი _ გ. ს-ე

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 19 სექტემბერს მ. ს-მ სარჩელით მიმართა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჩოხატაურის რაიონის ხევის თემის საკრებულოს მიმართ და ხევის თემის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტის გაუქმება და ახალი აქტის გამოცემა მოითხოვა.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად გ. ს-ე ჩაება.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ს-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გაშვების გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.

მოცემული განჩინება მ. ს-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:

კერძო საჩივრის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება მას 2006 წლის 16 იანვარს პირადად ხელზე ჩაჰბარდა და გადაწყვეტილების ჩაბარებაზე განხორციელებული ხელმოწერის ფაქტიც უარყო.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება 2006 წლის 23 იანვარს ჩაჰბარდა საფოსტო გზავნილით, შესაბამისად, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა ეწურებოდა 6 თებერვალს. მის მიერ სააპელაციო საჩივარი ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 3 თებერვალს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და მისი არსებითად განხილვა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ს-მ ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება პირადად ხელზე ჩაიბარა 2006 წლის 16 იანვარს (ს.ფ. 79), ამასთან, მხარეს საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების დასტურზე განხორციელებული ხელმოწერა მისი არ არის, არ წარმოუდგენია. აქვე დგინდება, რომ მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2006 წლის 3 თებერვალს (რასაც მხარე არ უარყოფს), ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლს და განმარტავს, რომ მ. ს-ის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადა. აღნიშნული ვადა კი აღმკვეთი ხასიათის ვადას წარმოადგენს და მისი გაგრძელება (აღდგენა) საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მ. ს-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უფლება ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება უცვლელად დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.