Facebook Twitter

საქმე №ას-1270-2020 25 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,თ.ბ–მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ბ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

3.1 მოპასუხეს, №1676041-10424814 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 1876.11 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხა - 1419.77 ლარი, პროცენტი - 281.37 ლარი, ხოლო, პირგასამტეხლო - 174.97 ლარია;

3.2 მოპასუხეს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 25 იანვრიდან, ძირითად თანხაზე - 1419.77 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 11%-ის სარგებლის, ყოველთვიურად 13.01 ლარის, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (01.04.2022 წ.) მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდაც დაეკისრა;

3.3 მოპასუხეს, №1676041-10424814 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 25 იანვრიდან ძირითად თანხაზე - 1419.77 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0.07%-ის გადახდა ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 123.75 ლარისა;

3.4 2018 წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 648.29 ლარის გადახდა მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა, საიდანაც: ძირითადი თანხა - 474.26 ლარი, პროცენტი - 137.83 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 36.20 ლარია;

3.5 მოპასუხეს, 2018 წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 25 იანვრიდან ძირითად თანხაზე 474.26 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 11%-ის სარგებლის, ყოველთვიურად 4.34 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა;

3.6 მოპასუხეს, 2018 წლის 12 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 25 იანვრიდან ძირითად თანხაზე - 474.26 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0.07%-ის გადახდა ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.33 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 124.08 ლარისა;

3.7 დანარჩენ ნაწილში ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო საჩივარი

4. მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სესხის პროცენტის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის მისთვის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ზემოაღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დავის საგანი იყო აპელანტისათვის დაკისრებული 1372.70 ლარის გადახდა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

8. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება (1372.70 ლარი) არ აღემატებოდა 2000 ლარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დაკისრებული თანხის შემცირება მისი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

11. კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 263-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დაკისრებული თანხის განწილვადებას ითხოვდა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ასევე, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში.

12. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისთვის დაკისრებული თანხის გადახდის ერთ წელზე განწილვადების ან 3 (სამი) თვით გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საკითხი უნდა განიხილოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობათ ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთა ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი).

16. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

17. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

18. კერძო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი დავის საგნის ღირებულების გამოთვლის წესი და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობა.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

21. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება და ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

22. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის - 2.2. მუხლი).

23. პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ 28.04.2017წ, საქმე №ას-230-218-2017; 21.11.2019წ, საქმე №ას-1305-2019; 30.03.2020წ, საქმე №1572-2019).

24. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (სუსგ 14.07.2017წ., საქმე №ას-692-646-2017; 22.06.2018წ, საქმე №ას- 533-533-2018).

25. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატას არ უმსჯელია გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, ხსენებული პრეტენზია მხარის მოთხოვნას ვერ დაედება საფუძვლად.

26. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე - შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან მისი განაწილვადების საკითხის გადაწყვეტა შეუძლია გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. იმ ვითარებაში კი, როდესაც ზემდგომი სასამართლო მხარის საჩივარს დაუშვებლად მიიჩნევს, მას არც ამ ტიპის შუამდგომლობაზე მსჯელობა არ შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო და მხარეს არ ერთმევა უფლება, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს მას, რაც შედეგის გათვალისწინებით შეიძლება, გასაჩივრდეს კერძო საჩივრით (სსსკ-ის 263.3 მუხლი).

27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე