საქმე №ას-205-2020 18 მაისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ა, ნ.ს–ი, თ.რ–ი, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გ.ს.ც–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, უსწორობის გასწორება
დავის საგანი – წყლის მაგისტრალის შეკეთება, მილის დემონტაჟი, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ.კ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ას (შემდგომ – პირველი მოპასუხე), ნ.ს–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე), თ.რ–ის (შემდგომ – მესამე მოპასუხე, მოპასუხე ფიზიკური პირები), ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომ – მეოთხე მოპასუხე) და საქართველოს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია გ.ს.ც–ის (შემდგომ – მეხუთე მოპასუხე, აპელანტი) მიმართ, წყლის მაგისტრალის შეკეთების, მილის დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხე ფიზიკურ პირებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.
3. მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებმა წერილობით წარგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ფიზიკურ პირებს დაევალათ გორში .... მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული წყლის მილის დემონატაჟი და ახალი წყლის სისტემის გაყვანა კანონით დადგენილი წესით, ცენტრალური მაგისტრალიდან მათ ეზოში არსებულ საკანალიზაციო ჭამდე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 4288 ლარი, სახელმწიფო ბაჟის, იურიდიული მომსახურებისა და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება 129 ლარის ოდენობით, რაც მეხუთე მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელისა და მეხუთე მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მათ შორის მორიგება შემდეგი პირობებით დამტკიცდა: მეხუთე მოპასუხე მოსარჩელეს 800 ლარს გადაუხდის 2018 წლის 15 ივლისამდე (თანხის გადახდა მოხდება მთლიანად), ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ე.ი თუ მეხუთე მოპასუხე თანხას 2018 წლის 15 ივლისამდე არ გადაიხიდის, გადასახდელ თანხას 800 ლარს ყოველდღიურად, 2018 წლის 15 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულების დასრულებამდე დაერიცხება პირგასამტეხლო - 1 ლარი. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების გამო გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა, სამოქალაქო საქმეზე №2/309-16 საქმის წარმოება შეწყდა.
6. მოსარჩელის წარმომადგენელმა, 2018 წლის 30 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2018 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინების მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა, სადაც მითითებული იყო, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, დაშვებული უსწორობა გასწორდა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მხარეთა მორიგების გამო გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, სამოქალაქო საქმეზე №2/309-16 შეწყდეს საქმის წარმოება.
მოსარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და 2018 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებაში დაშვებული უსწორობისა და არითმეტიკული შეცდომის გასწორება მოითხოვა, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად გადასახდელად 4288 ლარი დაეკისრათ, ხოლო მეხუთე მოპასუხესთან მორიგება - 800 ლარზე გაფორმდა, შესაბამისად, საოქმო განჩინებაში დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც 4288 ლარს 845.60 ლარი არ გამოაკლდა.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის (მეხუთე მოპასუხის გარდა) 3382.40 ლარის დაკისრება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებაში დაშვებული უსწორობისა და აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 260-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნა ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: ,,ბათილად იქნეს ცნობილი გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება“. აპელანტი სააპელაციო საჩივრის ფასად 1429 ლარს მიუთითებდა. აპელანტის წარმომადგენელმა, 2017 წლის 27 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართა, რომელმაც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააზუსტა და მიუთითა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა იმ ნაწილში, რომლითაც სოლიდარულად 4288 ლარის გადახდა დაეკისრა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ, კერძოდ, მხოლოდ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელესა და მეხუთე მოპასუხეს შორის 2018 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით მორიგება დამტკიცდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა ვალდებულება იკისრა მოსარჩელისათვის 800 ლარი გადაეხადა, რაც 2018 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებაშიც აისახა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განცხადების ავტორის მითითება საოქმო განჩინებაში დაშვებული უსწორობისა და აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების შესახებ.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და განჩინების გაუქმებისა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მეხუთე მოპასუხემ მორიგების აქტით დამტკიცებული ვალდებულება შეასრულა, რის შემდეგაც მოსარჩელემ გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი მოითხოვა.
15. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან 2018 წლის 7 ივნისის განჩინებაში არ იყო მითითებული გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რა ნაწილში შეწყდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე შეცდომა გაასწორა და მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და სამოქალაქო საქმეზე N2/309 საქმის წარმოება შეწყდა.
16. მოსარჩელის განმარტებით, როდესაც კვლავ მიმართა სასამართლოს სააღსულებო ფურცლის მოთხოვნით აღმოაჩინა, რომ მასში არ იყო გათვალისწინებული მეხუთე მოპასუხესთან გაფორმებული მორიგების პირობა.
17. მოსარჩელე გაეცნო სასამართლო სხდომის ოქმს, სადაც არაფერია მითითებული მოპასუხეებისათვის (გარდა მეხუთე მოპასუხისა) დასაკისრებელი თანხისათვის 800 ლარის გამოკლებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ის საკითხი, გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულია თუ არა უსწორობა და სწორად ეთქვა თუ არა მოსარჩელეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი.
21. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
22. ხსენებული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ 24.06.2011, საქმეზე №ას-636-597-2011; სუსგ 31.01.2019წ., საქმეზე №ას-1489-2018).
23. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებულ განჩინებაში რაიმე შეცდომას ან უზუსტობას ადგილი არ აქვს, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით გამორიცხავს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებას.
24. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესაფასებლად ყურადღებას გაამახვილებს საქმის გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:
25. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ფიზიკურ პირებს გორში აღმაშენებლის ქ. №23-ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული წყლის მილის დემონატაჟი დაევალათ და ახალი წყლის სისტემის გაყვანა კანონით დადგენილი წესით, ცენტრალური მაგისტრალიდან მათ ეზოში არსებულ საკანალიზაციო ჭამდე. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოს სოლიდარულად 4288 ლარის გადახდა დაეკისრათ, ასევე, სახელმწიფო ბაჟის, იურიდიული მომსახურებისა და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება (გადაწყვეტილების მიხედვით, განსაზღვრული მოქმედების შესრულების დავალების ნაწილში, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი მხოლოდ სამი ფიზიკური პირი, ხოლო ფულადი თანხის დაკისრების ნაწილში ხუთი პირია).
26. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მეხუთე მოპასუხემ (საქართველოს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია).
27. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომელსაც მხარი დაუჭირეს მხარეებმა და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე
28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელესა და მეხუთე მოპასუხეს შორის მორიგება დამტკიცდა, რომლის თანახმად მეხუთე მოპასუხე მოსარჩელეს 800 ლარს გადაუხდის 2018 წლის 15 ივლისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახდელ თანხას 800 ლარს ყოველდღიურად, 2018 წლის 15 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულების დასრულებამდე დაერიცხება პირგასამტეხლო - 1 ლარი.
29. მორიგების განჩინებაზე მხარეებს კერძო საჩივარი არ წარუდგენიათ.
30. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგება წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის ლეგალურ საფუძველს, თუმცა, თუკი ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას ან მის ნაწილს, კანონი მას შესაძლებლობას აძლევს, ერთჯერადად, კერძო საჩივრის წარდგენის გზით სადავო გახადოს ეს საკითხი ზემდგომ სასამართლოში (სსსკ-ის 274-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაზე მხარეებს კერძო საჩივარი არ წარუდგენიათ.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თუ რამდენად დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია უსწორობის გასწორების საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება - გასაჩივრებული განჩინების არსებით შეცვლას გამოიწვევს, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას გულისხმობს და არა მორიგების პირობებში ცვლილების შეტანასა და უსწორობის გასწორების გზით სასამართლო მსჯელობის ან/და სამართლებრივი შეფასების შეცვლას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილი მოთხოვნა შინაარსობრივად წარმოადგენს არა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას, არამედ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც მართებულად არ დააკმაყოფილა სააპელაციო პალატამ.
33. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
34. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასა, რომ მეხუთე მოპასუხემ მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობა შეასრულა, რაზეც მოსარჩელის ახსნა-განმარტება მიუთითებს, შესაბამისად, მოსარჩელემ სხვა მოპასუხეების მიმართ არსებული მოთხოვნა, რომ დაიკმაყოფილოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.
35. მოპასუხეებს სწორედ 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დაეკისრათ თანხის გადახდა და მოსარჩელემ აღსასრულებლად სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა წარადგინოს, ისევე როგორც 2019 წლის 7 ივნისის განჩინება, რომლითაც მეხუთე მოპასუხესთან გაფორმებული მორიგების პირობებია გათვალისწინებული.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე