Facebook Twitter

საქმე №ას-293-2020 21 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლ. მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზღაურის დავალიანების გადახდის დაკისრება, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, გარანტი) სარჩელი სს „მ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია, პრინციპალი) და ნ.ჩ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, თავდები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2013 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების - 34 322.58 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე კომპანიას დაეკისრა 2014 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 32 428.31 ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე კომპანიას დაეკისრა 2014 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 2 500 ლარის გადახდა;

1.4. მოპასუხე კომპანიას დაეკისრა 2014 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 32 428.31 ლარის 0.02% გადახდა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 9 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით თავდების სააპელაციო საჩივარი მიღებულია განსახილველად, ხოლო 2017 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზს შეუვსებლობის გამო.

4. 2018 წლის 31 იანვარს, თავდები გარდაიცვალა (ტ.2,ს.ფ.119).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2019 წლის 23 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ გარდაცვლილი აპელანტის სავარაუდო უფლებამონაცვლეები, რომლებსაც არაერთხელ გაეგზავნათ სასამართლოს უწყება კანონით დადგენილი წესით სასამართლოსთვის ცნობილ მისამართზე, თუმცა გზავნილი ადრესატებს არ ჩაბარდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, გარდაცვლილი აპელანტის სავარაუდო უფლებამონაცვლეებისთვის - ნ. ჩ–ისთვის, ლ. ჩ–ისთვის, ე. ჩ–ისთვის ჩაებარებინა სასამართლოს უწყება, ქ. თბილისში, ......., ბ. #63, რომლის მიხედვითაც, მომდევნო სხდომა გაიმართებოდა 2019 წლის 4 დეკემბერს 14:00 საათზე.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის V განყოფილების 2019 წლის 12 ნოემბრის მიმართვის მიხედვით, გარდაცვლილი აპელანტის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს უწყებები ვერ ჩაბარდათ, ვინაიდან არ იმყოფებოდნენ მისამართზე(ტ.2,ს.ფ.162).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2019 წლის 3 დეკემბერს, განცხადებით მიმართა გარდაცვლილი აპელანტის პირველი რიგის ერთ-ერთმა მემკვიდრემ - ნ. ჩ–მა და განმარტა, რომ გარდაცვლილი აპელანტის (თავდების) პირველი რიგის მემკვიდრეებმა 2018 წლის 30 აპრილს უარი განაცხადეს სამკვიდრო ქონების მიღებაზე, რის გამოც არ წარმოადგენდნენ გარდაცვლილი თავდების უფლებამონაცვლეებს. აღნიშნულის დასტურად, განცხადებას თან ერთვის ლ., ნ. და ე. ჩ–ების, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების სამკვიდრო ქონების მიღებაზე, უარის თქმის შესახებ (ტ.2,ს.ფ.168-174).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2019 წლის 5 დეკემბერს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, გარდაცვლილი აპელანტის პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ, სამკვიდრო ქონებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, მოითხოვა, საქმეზე უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვა(ტ.2,ს.ფ.181).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით (ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან) მოსარჩელე კომპანიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საქმეზე #2ბ/6637-16, გარდაცვლილი მოპასუხის (თავდების) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი).

11. დასახელებულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა უფლებამონაცვლედ ჩართულმა პირმა, გასაჩივრებული განჩინების, გარდაცვლილი თავდების უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვის შესახებ, გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

11.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამინისტროს ჩართვა, გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედ დაუსაბუთებელია. გასაჩივრებული განჩინების მოტივს წარმოადგენდა, გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრეების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მათ უარი განაცხადეს სამკვიდრო მასაზე, თუმცა, აღნიშნულით არ დასტურდება და არც სააპელაცო სასამართლოს გამოუკვლევია, ითვლება, თუ არა მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო ქონებაზე უარის თქმა, ამ ქონების უმკვიდრო ქონებად მიჩნევის საფუძვლად.

11.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც, კი თუ სასამართლო გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლედ, სახელმწიფოს ჩართვას მიიჩნევდა მიზანშეწნილად, არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, არამედ, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უნდა ყოფილიყო მოპასუხის უფლებამონაცვლე.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი, გარდაცვლილი თავდების უფლებამონაცვლედ სამინისტროს ჩართვის ნაცვლად, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო) შესახებ.

15. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ, ძირითადად ორ არგუმენტს ეფუძნება - ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ და სრულად არ გამოიკვლია, სადავო სამკვიდრო ქონებაზე, გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ, სანოტარო წესით უარის თქმის შემდეგ, გარდაცვლილი თავდების მომდევნო რიგის მემკვიდრეებმაც განაცხადეს თუ არა უარი სამკვიდროს მიღებაზე და იმ შემთხვევაში, თუ თავდების ქონება სათანადო წესით უმკვიდროდ იქნებოდა მიჩნეული, გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედ არა სამინისტრო, არამედ სააგენტო უნდა ჩართულიყო.

16. კერძო საჩივრის პრეტენზიებთან დაკავშირებით მისი, როგორც არასათანადო მოპასუხის სტატუსისა და შესაძლო მემკვიდრეთა წრის არასაკმარისად გამოკვლევის გამო, სადავო ქონების უმკვიდროობის დაუსაბუთებლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1444-ე მუხლით დადგენილია სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე „სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა“; ამ ნორმაში 2005 წლის 9 დეკემბერს N 2239 კანონის საფუძველზე ცვლილების შეტანა შეეხო მხოლოდ სუბიექტს და სიტყვის „ხაზინის“ ნაცვლად, ჩაიწერა „სახელმწიფო“. სსკ-ის 1444-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, უწინარესად, ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ დასახელებული ნორმა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავის შემთხვევაში ემსახურება კრედიტორის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის შექმნას, შესაბამისი წინაპირობების შემოწმების საფუძველზე. სსკ-ის 1444-ე მუხლის მიზნის დასაზუსტებლად საკასაციო სასამართლო განიხილავს ამავე კოდექსის 1343-ე მუხლის დეფინიციას: „1. თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში. 2. უმკვიდრო ქონება სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში წილის, აქციის ან პაის სახით გადადის მათ ხელში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლის რამდენიმე დამოუკიდებელი წინაპირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი რომელიმე წინაპირობის არსებობის შემთხვევაში ქონება უმკვიდროა და გადადის სახელმწიფოზე, შესაბამისად, სხვა შესაძლო მემკვიდრეთა მსგავსად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფომ, საკუთარი სურვილისამებრ მიიღოს ან არ მიიღოს უმკვიდრო ქონება. 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით გამორიცხულია უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლა. 1343-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ამავე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში მითითებული ერთ-ერთი რომელიმე დამოუკიდებელი წინაპირობის არსებობისას, უმკვიდრო ქონება გადადის სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში ან კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაძლებელია გადავიდეს სახელმწიფოზე (იხ. სუსგ. ას-650-616-2015, 2017 წლის 26 ივლისი).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის # 71 ბრძანების („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ ინსტრუქციის გამოყენებაზე) 93-ე მუხლით დადგენილია უმკვდრო ქონების გადაცემის წესი უფლებამოსილი სუბიექტებისათვის, რაც სსკ-ით დადგენილ შემთხვევებში ხდება, აღნიშნული კი სსკ-ის 1444-ე და 1343-ე მუხლების ერთობლივად გაანალიზების შედეგად, სახელმწიფოს წარმოუშობს ვალდებულებას, მასზე გადასული უმკვიდრო ქონების შესახებ განცხადებით მიმართოს ნოტარიუსს, რადგან განსახილველი დავის მოპასუხის (გარდაცვლილი მამკვიდრებლის) მემკვიდრეებმა (სამემკვიდრეო ურთიერთობის სუბიექტებმა) არ მიიღეს სამკვიდრო (სამემკვიდრეო ურთიერთობის ობიექტი), რაც დასტურდება საქმეში არსებული სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებებით, სამკვიდროს მიღებაზე უარის შესახებ.

18. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1444-ე „სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღბაზე, რომელიც მასზე გადავიდა“ და 1446.1-ე „მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია“ მუხლებზე მიუთითებს და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გარდაცვლილი თავდების სავარაუდო უფლებამონაცვლეებს, კანონით დადგენილი წესით, არაერთხელ გაეგზავნათ სასამართლო უწყება, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, თუმცა, უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამასთან, სასამართლოს, თავად მიმართეს, გარდაცვლილი თავდების პირველი რიგის მემკვიდრეებმა და წარადგინეს სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებები, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო, დასაბუთებულად მიიჩნევს განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გარდაცვლილი თავდების სამკვიდრო ქონება სახელმწიფოზე უნდა გადავიდეს, თუმცა, ვერ დაეთანხმება საქმეში, გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ, სახელმწიფოს ჩართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით.

20. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 92-ე მუხლის პირველ „სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება....) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.“ ნაწილზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი „საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას......“ პუნქტის, მე-3 მუხლის პირველი „დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.“ პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #390 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: კანონით დადგენილი წესით ქონების, მათ შორის უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების, სახელმწიფოს საკუთრებად მიღებასთან, აღრიცხვასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილების (სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ) პირველი მუხლის მე-4 „სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ“ პუნქტის მიხედვით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უმკვიდრო ქონების სახელმწიფო ქონებად მიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე და შესაბამისად ამ საკითხზე სასამართლოში, გარდაცვლილი თავდების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, არამედ, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი, თუმცა, საკუთარი სახელით მოქმედი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება - ნ.ჩ–ის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე (ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან) დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება - ნ.ჩ–ის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე