საქმე №ას-369-2020 7 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, განმცხადებელი) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მესაკუთრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდა სარჩელი. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა.
4. დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2018 წლის 30 აპრილს კანონიერ ძალაში შესულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი. ამავე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ, მოპასუხეს განუსაზღვრა ვადა გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, განუსაზღვრა იძულებითი აღსრულების პროცედურა 2020 წლის 25 თებერვალს.
7. მოპასუხემ, 2020 წლის 21 თებერვალს, განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა აღსრულების გადადება 3 თვით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით, განცხადება აღსრულების გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო პროცედურა ერთჯერადად გადაიდო 3 თვით.
9. დასახელებულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განმცხადებლისთვის უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების გადავადებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით და აღსრულების პოლიციის მიერ განსაზღვრული მითითების შესაბამისად, იძულებითი აღსრულება განხორციელდა 2020 წლის 25 თებერვალს.
11. აღსრულების შედაგად, უძრავი ქონება თავად ჩაიბარა, გამოცვალა კარის საკეტი, თუმცა ვერ ახერხებს საცხოვრებლად გამოყენებას ვინაიდან, მფლობელის მოძრავი ქონება განთავსებულია სადავო ფართში.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
15. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის პრეტენზიების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განჩინებით დადგენილი აღსრულების გადავადების პროცესუალურსამართლებრივი გამართულობის შემოწმება.
16. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი“.
17. დასახელებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გადადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად.
18. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (საქმე №ას-1174-1094-2017,11 ოქტომბერი, 2017 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე, განმცხადებელი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა კერძო საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მას. ამავე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი და განხორციელდა იძულებითი აღსრულება.
20. სააღსრულებო მოქმედების განხორცილების შესახებ 25.02.2020 ოქმით დასტურდება, რომ დ. გ–ძე გამოსახლებულია აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან სასამართლოს მიერ 04.02. 2020 განჩინების მიღებამდე.
21. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში, აღსრულების გადადების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან, ამავე შუამდგომლობის დაკმაყოფილებამდე, კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა, რაც აღსრულების გადადების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განჩინებას პროცესუალურ სამართლებრივ საფუძველს აცლის.
22. ეროვნული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების სახელმწიფოს მიერ აღუსრულებლობის ან აღსრულების გაჭიანურების გამო არაერთი საჩივარია განხილული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, რომელიც კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებული იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 (§1) მუხლის გაგებით (იხ. Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ, №40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი). სასამართლოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩენილიყო ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (იხ. დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ.ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 დეკემბერი, 2005 წელი). მოსარჩელე მხარის ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, №18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ ან ვერ ახერხებენ ან კიდევ აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე–6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას აზრი ეკარგება (იხ. Antonetto v. Italy, №15918/89, §28, 20 July 2000). ვინაიდან აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (იხ. Bourdov c. Russie, №59498/00, §34, CEDH 2002-III), პირის უფლება სასამართლო განხილვაზე, „სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა“ განსაზღვრისთვის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ხელმისაწვდომობასთან ერთად (იხ. Kreuz c. Pologne (no 1), №28249/95, §§ 53 et 54, CEDH, 2001-VI), თანაბრად იცავს ამ პირის უფლებას სააღსრულებო წარმოებათა ხელმისაწვდომობაზეც (იხ.mutatis mutandis, Manoilescu et Dobrescu c. Roumanie et Russie (déc.), №60861/00, CEDH 2005-VI), ანუ უფლებას ამგვარი პროცედურის დაწყებაზე.
23. ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო ადგილი აქვს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას, ამასთან, დასახელებული პრაქტიკა, მნიშვნელოვანია, განსახილველ საქმესთან მიმართებით იმდენად, რამდენადაც, წინამდებარე შემთხვევაში უკვე აღსრულებულ გადაწყვეტილების გადადება მოხდა, ხოლო აღნიშნულის მოტივად რაიმე დამატებითი დასაბუთება არ გააჩნია გასაჩივრებულ განჩინებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტი).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განჩინების, აღსრულების გადავადების შესახებ, მხარის განცხადების ხელახლა განხილვის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 419-ე მუხლის მეორე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ა–ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე