Facebook Twitter

საქმე №ას-518-2020 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის 69-ე საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ს–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) დასაქმებული იყო სსიპ ,,ქალაქ თბილისის 69-ე სკოლაში“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი ან კასატორი) დამლაგებლის თანამდებობაზე 2010 წლის 1 დეკემბრიდან, რომელიც შეწყდა მისივე ინიციატივით 2011 წლის 4 იანვრიდან. ახალი ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 22 ნოემბერს 2016 წლის 1 ნოემბრამდე, რომელიც გრძელდებოდა უწყვეტად. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 3 იანვარს ერთი წლის ვადით. ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 2017 წლის 15 სექტემბერს, მხარეებს შორის კვლავ დაიდო შრომის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. სამუშაო დრო განისაზღვრებოდა 5 დღიანი, 40 საათიანი სამუშაო კვირით (დასვენების დღეები: შაბათ-კვირა). მოსარჩელის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 250 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

2. დამსაქმებელმა, 2018 წლის 14 სექტემბერს, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან.

3. სასარჩელო მოთხოვნა

3.1. დასაქმებულმა, 2018 წლის 2 ნოემბერს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ, მოითხოვა:

3.1.1. მისთვის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა;

3.1.2. მისი აღდგენა ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებულ თანამდებობაზე;

3.1.3. მოპასუხისთვის, იძულებითი განაცდურის დაკისრება, თვეში 250 ლარის ოდენობით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

4. მოპასუხის პოზიცია

4.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილდა სრულად.

6. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა.

7.4. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სკოლაში დამლაგებლის თანამდებობაზე 2010 წლის 1 დეკემბრიდან, რომელიც შეწყდა მისივე ინიციატივით 2011 წლის 4 იანვრიდან. ახალი ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 22 ნოემბერს, რომელიც გრძელდებოდა უწყვეტად 2016 წლის 1 ნოემბრამდე და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 3 იანვარს, ერთი წლის ვადით. 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 3 იანვრამდე 63 კალენდარული დღეა, მაგრამ მე-60 დღე იყო 31 დეკემბერი - შაბათი - შრომითი ხელშეკრულებითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული არასამუშაო დღე, ხოლო 1 და 2 იანვარი, - საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ახალი წლის სადღესასწაულო - უქმე დღეები. საქმის ზეპირი განხილვისას, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შაბათ-კვირა სკოლისთვის არის არასამუშაო დღეები, საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა არ უზრუნველყოფს ამ დღეებში დირექტორის მიერ ბრძანების გამოცემას და ბრძანებები და ხელშეკრულებები ფორმდება სამუშაო დღეებში (15/05/2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი. 12:19 სთ.). სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სსკ-ის ნორმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლით, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან 2016 წლის 1 ნოემბრიდან მე-60 კალენდარული დღე ემთხვეოდა შაბათს, ხოლო 1 და 2 იანვარი უქმე დღეებია, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სშკ-ის მე-6 მუხლის 13 პუნქტის მე-2 წინადადების მიზნებისათვის, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლიდან - მე-60 დღედ უნდა ჩაითვალოს 2017 წლის 3 იანვარი - მომდევნო სამუშაო დღე. მითითებულ დღეს კი მხარეთა შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დადებულია პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში, მხარეებს შორის წარმოიშვა უვადო შრომითი ურთიერთობა და მოპასუხეს არ გააჩნდა უფლება, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

7.5. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ცნობილი უნდა ყოფილიყო ბათილად სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. რამდენადაც მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბათილია, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს პირვანდელ სამუშაოზე - დამლაგებლის თანამდებობაზე.

8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8.2. კასატორის მტკიცებით, განსახილველი საქმე პრეცედენტულია, ვინაიდან, მსგავს საკითხზე საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სახეზეა მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

8.3. კასატორის განმარტებით, სშკ-ის მიხედვით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებები არ შეიძლება ჩაითვალოს მიმდევრობით დადებულად, და შესაბამისად არც უვადო ხელშეკრულება არ არსებობდა.

8.4. კასატორის განმარტებით, 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 3 იანვრამდე გასულია 63 კალენდარული დღე, ამასთან, 2017 წლის 3 იანვრიდან 2018 წლის 15 სექტემბრამდე 21 თვე არის გასული, რაც გამორიცხავს მხარეთა შორის მიმდევრობით ხელშეკრულებების დადებას და უვადო ხელშეკრულების არსებობას.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით (საკასაციო სასამართლოში, წინამდებარე საქმის განხილვის დროისთვის დასახელებული ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებს არეგულირებს სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლები). რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემეობებზე მიუთითებს, იზიარებს მათ და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავოა, არსებობდა თუ არა უვადო შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის, იმ ხელშეკრულებების მოქმედების ვადისა და წინა ხელშეკრულებასა და მომდევნო ხელშეკრულებას შორის არსებული დროის გათვალისწინებით სშკ-ის მიხედვით.

17. საკასაციო სასამართლო, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, რაც გათვალისწინებულია სშკ-ის იმ დროისთვის მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (იხ. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა“).

18. ამდენად, მოსარჩელის (დასაქმებულის) მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48.8 „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“, 58-ე „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ (ძველი რედაქციით სშკ-ის 44-ე მუხლი - „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“), ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.

19. ზემოაღნიშნული, ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კვლევისას სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები შეუფარდოს შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა მოძიება, უპირველესად სასამართლოს ამოცანაა.

20. სშკ-ის მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად „თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო“.

21. განსახილველ შემთხვევაში ცხადია, რომ მხარეთა შორის დასახელებული ნორმის გამოყენების მიზნებისთვის დადებულია ჯამში სამი ხელშეკრულება - 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე (ჯამში, უწყვეტად 36 თვე, იხ. ტ.1,ს.ფ.61-81, დასახელებულ პერიოდში არსებული ხელშეკრულებები), 2017 წლის 3 იანვრიდან ერთი წლის ვადით, ამავე პერიოდში, 2017 წლის 15 სექტემბრიდან კვლავ ერთი წლის ვადით, რომელიც შეწყდა 2018 წლის 17 სექტემბრიდან (ბოლო 2 ხელშეკრულება ჯამში - 21 თვე). ამდენად, სახეზეა სშკ-ის 12-ე მუხლის, არა ალტერნატიულად, არამედ კუმულატიურად შესრულებული ორი პირობა - მხარეთა შორის არსებობდა, როგორც 30 თვეზე მეტი დროით დადებული ხელშეკრულება, უწყვეტად, აგრეთვე, ორზე მეტი ხელშეკრულება, 30 თვეზე მეტი დროით და მიმდევრობით დადებული.

22. აქვე, აღსანიშნავია, რომ მიმდევრობით დადებულ ხელშეკრულებებად მიიჩნევა, მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებებს შორის მაქსიმუმ 60 დღის ვადაში დადებული ხელშეკრულებები, რომელიც აითვლება პირველი ვადიანი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან. აღნიშნული პირობა ერთი შეხედვით წინააღმდეგობაში მოდის, განსახილველ დავაში, მხარეთა შორის დადებულ კიდევ ერთ - პირველ ვადიან ხელშეკრულებასთან, რომელიც მოქმედებდა 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 4 იანვრამდე და დასრულდა 60 დღეზე მეტით ადრე, ვიდრე დაიდო შემდეგი ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმით გათვალისწინებული პირველი ხელშეკრულება განიმარტება, არა ზოგადად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების ქრონოლოგიური(ძველიდან ახლისკენ) პრინციპის გათვალისწინებით, არამედ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული ხელშეკრულებების მიმდევრობით დადებულად განმარტების მიზნისთვის.

23. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს დასრულებულ ხელშეკრულებასა და მომდევნო, 2017 წლის 3 იანვარს დადებულ ხელშეკრულებას შორის გასულია 60 დღეზე მეტი, რის გამოც ეს ხელშეკრულებები ვერ ჩაითვლება მიმდევრობით დადებულად, სსკ-ის 121-ე „კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები“, 123.1-ე „დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.“ და 127-ე „თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილად გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად უნდა გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე“ მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა, ჩაითვლებოდა თუ არა ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად, რისთვის საჭიროა სშკ-ით დადგენილი 60 დღიანი ვადის ათვლა სსკ-ის დასახელებული ნორმების მიხედვით. ამდენად, 60 დღიანი ვადის ათვლა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელი იყო მხარეთა შორის გაგრძელებულიყო შრომითი ურთიერთობა, რაც თავისმხრივ უვადოდ დადებულად აქცევდა, მათ შორის შრომის ხელშეკრულებას, დაიწყო 2016 წლის 2 ნოემბერს და ამოიწურა იმავე წლის 31 დეკემბერს, რომელიც იყო უქმე დღე - შაბათი, უქმე იყო აგრეთვე პირველი და 2 იანვარი, ხოლო პირველივე სამუშაო დღეს 3 იანვარს, მხარეთა შორის გაგრძელდა ურთიერთობა ახალი ხელშეკრულების დადებით, რაც განსაზღვრავს, მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულების უვადოობას.

24. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, მართლზომიერად ცნეს, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება უკანონოდ, რის გამოც პირი აღდგენილ უნდა იქნეს იმავე თანამდებობაზე და მიეცეს იძულებითი განაცდური.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის №69-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ქ. თბილისის №69-ე საჯარო სკოლას, დაუბრუნდეს 2019 წლის 26 ნოემბერს №1517 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის 70% - 315 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე