Facebook Twitter

საქმე №ას-623-2020 11 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, ი.მ–ის სარჩელი, ამხანაგობა „ბ-ის“ წევრების: ნ.გ–ას, გ.ბ–ის, ა.ბ–ისა და ზ.გ–ძის წინააღმდეგ, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. დასახელებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოპასუხე - ა.ბ–მა (შემდეგში: აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, ხოლო 2020 წლის 2 ივნისის განჩინებით, აღნიშნული საჩივრის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2020 წლის 24 ივნისს 11:00 საათზე.

5. საქმის განხილვაზე, 2020 წლის 24 ივნისს აპელანტი არ გმაოცხადდა სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის, განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ჩატარებული აქვს სხვადასხვა სახის, სამედიცინო მკურნალობა, ესაჭიროება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა. კონკრეტულად სხდომის დღეს, იმდენად ცუდად იყო, რომ არ შეეძლო გადაადგილება, ამასთან, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სხდომის დაწყებამდე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აუხსნა მისი მდგომარეობა, აგრეთვე ის, რომ ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ხოლო პასუხად მიიღო, რომ ავადმყოფობა უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი ცნობით, ასეთი ცნობის არარსებობის პირობებში კი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში. ამასთან, ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კერძო საჩივრის ავტორის თხოვნით წარადგინა, პროცესის მონაწილე სხვა პირის წარმომადგენელმა, მიუხედავად აღნიშნულისა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბერს კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. იმავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ხოლო, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.(შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.2018 წ).

13. სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განჩინების, სხდომის დანიშვნის, შესახებ, კანონით დადგენილი წესით (სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით) ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს, მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 24 ივნისს ჩანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა (სუსგ. 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017), ამასთან იშუამდგომლა სხდომის გადადება, ხოლო საფუძვლად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითა, რომლის დასადასტურებლადაც, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემული ცნობა წარადგინა (ტ.1,ს.ფ.254).

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება და დასტურდეს სხვა სახის მტკიცებულბებით.

16. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ სამედიცინო ბრიგადის მიერ გაცემული ცნობით, პირის მდგომარეობა იმგვარადვეა აღწერილი, როგორც, თავად მხარე უთითებს, რაიმე მითითება, რომ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მისი გამოცხადება სასამართლოში არ არის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ წარდგენილი ცნობით დასტურდება, სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს.

17. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობა, გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა, გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (სუსგ-ები 21.06.2019წ. საქმე №ას-754-2019; ას-960-2019, 9.09.2019). რაც, განსახილველ შემთხვევაში არსებულ ცნობაში მითითებული არ არის.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე