საქმე №ა-3510-შ-80-2020 4 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.კ–ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება და მშობლის უფლების ჩამორთმევა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურის თანამშრომლის წინაშე, 2011 წლის 16 მარტს, რეგისტრირებული ქორწინება, ნ.მ–ასა და ფ.კ–ს შორის, შეწყდა; 2009 წლის 19 იანვარს, გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში დაბადებულ თ.კ–ზე მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ნ.მ–ას მიერ. გადაწყვეტილებით განისაზღვრა ალიმენტის გადახდის საკითხიც.
2. ნ.მ–ას წარმომადგენელმა ლ.ჭ–ემ, 2020 წლის 1 ოქტომბერს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობას ერთვის საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ქართულად თარგმნილ ასლთან ერთად, ასევე, აპოსტილის ასლი და ნ.მ–ას ფრანგული მოწმობის ასლი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ნ.მ–ას შუამდგომლობაზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია (ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვის ქართული პასპორტი); საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სრული ტექსტის სათანადოდ დამოწმებული ასლი აპოსტილთან ერთად და სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი; ნ.მ–ასათვის ცნობილი ყველა ინფორმაცია ფ.კ–ის შესახებ - მისამართი (ალტერნატიული მისამართი ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტელეფონი, ელ. ფოსტა.
5. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელ, ლ.ჭ–ეს და გზავნილი ჩაჰბარდა ადრესატის მეუღლეს, ი.გ–ძეს 2020 წლს 19 ოქტომბერს.
6. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია (ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვის ქართული პასპორტი); საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სრული ტექსტის სათანადოდ დამოწმებული ასლი აპოსტილთან ერთად და სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი; ნ.მ–ასათვის ცნობილი ყველა ინფორმაცია ფ.კ–ის შესახებ - მისამართი (ალტერნატიული მისამართი ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტელეფონი, ელ. ფოსტა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს 2020 წლის 19 ოქტომბერს ჩაჰბარდა. კერძოდ, სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა ადვოკატის მეუღლეს, რაც სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად შუამდგომლობის ავტორისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას თან ერთვის სსსკ-ის 96.1 მუხლით გათვალისწინებული წესით გაცემული და დამოწმებული მინდობილობა.
11. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 20 ოქტომბერს და ამოიწურა 2020 წლის 18 ნოემბერს (ოთხშაბათი).
12. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.მ–ას შუამდგომლობა, საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი