Facebook Twitter

საქმე №ას-219-2019 21 ოქტომბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა (დისტანციური რეჟიმით)

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

თარჯიმანი - თ.ც–ძე

კასატორი – ა.დ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი.ყ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულების გაუქმება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.მ–მა (იგივე ი.მ–დ–ი) (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) ა.დ–ს (შემდეგ: მოპასუხე ან კასატორი), 2009-2013 წლებში, გარკვეული ვალდებულებების შესრულებისათვის ჯამში 225 000 აშშ დოლარი გადასცა. იმავე პერიოდში მხარეებს შორის სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები დაიდო (ტ. 1, ს.ფ. 15-19; 31-36; 20-21; 22-27; 37-41).

2. მოპასუხის 2009 წლის 9 ნოემბრის ანდერძის მიხედვით, ამ უკანასკნელმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ....... ქ. N17 მოსარჩელეს უანდერძა (ტ.1, ს.ფ. 29-30).

3. მარინა ვეკუას საკუთრებად 2012 წლის 7 ივნისიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ........ /ს.კ. ......./, რომელიც 2012 წლის 8 ივნისიდან 2013 წლის 9 ივნისამდე გაქირავებული იყო შპს ,,M.H.G-ზე” (ტ.1, ს.ფ. 44-45, 163-164; 211-225).

4. მოპასუხის საკუთრებად, 2016 წლის 7 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2009 წლის 17 ივლისიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: ქობულეთში, ....., /ს.კ ......./, ასევე, 2016 წლის 4 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მის საკუთრებად 2013 წლის 24 ივლისიდან რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ....... /ს.კ ......./ (ტ.1, ს.ფ. 46-47; 49-50).

5. მოპასუხემ, 2014 წლის 15 სექტემბერს, მოსარჩელეს 250 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი /ს.კ ......./ 12000 ლარად მიჰყიდა (ტ.1, ს.ფ. 206-207).

6. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში (ტ. 1, ს.ფ. 193).

7. მოპასუხემ, 2014 წლის 15 სექტემბერს, მოსარჩელეს 203 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი /ს.კ ......./ 10000 ლარად მიჰყიდა (ტ.1, ს.ფ. 202-205).

8. მოსარჩელის საკუთრებად 2014 წლის 21 სექტემბრიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში, ........ მიმდებარედ /ს.კ ......./ (ტ.1, ს.ფ. 194).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1 მოსარჩელემ 2016 წლის 7 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 225 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის 112 500 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. აგრეთვე - მხარეებს შორის 2008 წლის 6 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხისათვის აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 120 000 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

9.2 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მისი ნდობით ბოროტად ისარგებლა და ერთად თანამშრომლობის მიზნით მას ჯამში 225 000 აშშ დოლარი გამოართვა.

9.3 მოსარჩელის განმარტებით, მხარეებმა 2009 წელს მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე ხელწერილი გააფორმეს, რომლითაც მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები და მისი შესრულების ვადა დაადასტურა, კერძოდ, მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულება იკისრა: 1. მოსარჩელისთვის სახლი 2010 წლის ივნისის ჩათვლით აეშენებინა და გადაეცა დაბა .....; 2. მოსარჩელისთვის 2010 წლის 31 დეკემბრამდე მისი ხეხილის ბაღის ბიზნესის 20 % გადაეფორმებინა; 3. მოსარჩელისთვის სახლი აეშენებინა და გადაეცა ქ. თბილისში, .......

9.4 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ აღიარა, რომ უძრავი ქონება მდებარე ..... და ქალაქ თბილისში, ....., უნდა აეშენებინა და გადაეცა მოსარჩელისათვის, თუმცა ..... მდებარე უძრავი ქონება მოპასუხის სახელზეა რეგისტრირებული, ქ. თბილისში მდებარე უძრავი ქონება კი მესამე პირის სახელზე.

9.5 მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის, 2009 წლის 8 ივნისს, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 120 000 აშშ დოლარი ასესხა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ 2010 წლის ჩათვლით 225 000 აშშ დოლარის ნაწილში მოსარჩელეს არ შეუსრულა ვალდებულებები, მხარეს დასაბუთებული ეჭვი აქვს, რომ მოპასუხემ შესაძლოა ვერ ან არ შეუსრულოს სასესხო ვალდებულებებიც და შესაბამისად, მოსარჩელეს სურს სესხის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვიტა.

9.6 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მოწმეების თანდასწრებით სხვადასხვა დროს მხარეებს შორის გაფორმებული ხელწერილებით, მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულებები დაადასტურა.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1 მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ თანხა ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობისა და განსაზღვრული შენატანების განხორციელების მიზნით გადაიხადა. მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხები ერთობლივ საქმიანობაში შენატანს წარმოადგენს.

10.2 მოპასუხის განმარტებით, ქვეყანაში ბოლო წლებია უძრავი ქონების ბაზარი და სოციალურ-ეკონომიკური დონე გაუარესებულია, აღნიშნულმა ბუნებრივია ასახვა ჰპოვა მხარეთა საქმიანობის მიზნებზე და მოსარჩელისათვის შესაძლოა დღეის მდგომარეობით ეს საქმიანობა მისაღები არ არის და სურს ისე წარმოაჩინოს, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 225 000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 112 500 აშშ დოლარისა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 120 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე, 352-ე, 367-ე, 405-ე, 408-ე, 411-412-ე და 930-ე მუხლებით.

11.3. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის მიერ შესრულებული ხელწერილის (თარიღი უცნობია) (ს.ფ. 15-19) თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სამ გარემოებაზე, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს უხდიდა რა 50 000 აშშ დოლარს, 30 სექტემბრამდე და 2010 წლის 20 თებერვლამდე მიიღებდა მოპასუხის ნაკვეთზე მდგომ 60 კვ.მ. ფართის მქონე სახლს საკუთრებაში. დოკუმენტებს გააფორმებდნენ სახლის ჩაბარების შემდეგ. ამავე ხელწერილის მეორე შეთანხმების თანახმად, მოსარჩელე მოპასუხისგან და რ.ლ–გან ღებულობდა ალაზნის ველის მიმდებარედ არსებული ატმის ბაღიდან 20%-ს, რაც განისაზღვრა 5 450 ერთეული ატმის ხით, ასევე 30 ჰა მიწის ნაკვეთს, 2 ცალ ტრაქტორს (ძველი და ახალი), სახლსა და ჭას. აღიშნული ქონებისთვის მოსარჩელე იხდიდა 120 000 აშშ დოლარს, კერძოდ, 20 000 აშშ დოლარს მაშინვე, ხოლო 100 000 აშშ დოლარს - პირველი სექტემბრისთვის. წარმოდგენილი ხელწერილის მე-2 პუქტში არსებული ჩანაწერის თანახმად შეთანხმებული 120 000 აშშ დოლარს მოსარჩელე მოპასუხეს მისცემდა ვალის სახით, თუმცა მხარეთა დათქმის გათვალისწინებით, მოსარჩელეს შეეძლო საქმიანობიდან გასვლა, რა დროსაც შეეძლო დაებრუნებინა 120 000 აშშ დოლარი და დამატებით ასევე მიეღო მოსავლის 20%. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალაზნის ველის მიმდებარედ არსებული ატმის ხეების ბაღის ნაწილში მოსარჩელემ განახორციელა 120 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, რომლის დაბრუნებაც, მხარეთა შეთანხმების თანახმად, შეეძლო ნებისმიერ დროს, ასევე თანხის დაბრუნებასთან ერთად, ამავე ხელწერილით მოსავლის 20%-ის მიღების უფლებაც მოიპოვა. რაც შეეხება ხელწერილში არსებულ ჩანაწერს „ალიკ იძლევა გარანტიას, რომ მე მას ეს ფული მივეცი ვალად“, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დაკავშირებულია მხარეთა შორის 2009 წლის 08 ივნისს სანოტარო წესით გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებასთან, სადაც მხარეთა შორის იმავე ოდენობის თანხაზე - 120 000 აშშ დოლარზეა საუბარი, რაზეც ხელწერილშიც იყო მითითებული. მართალია აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცალსახად არ არის მითითებული მხარეთა შორის მანამდე არსებულ ურთიერთობაზე, თუმცა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზისა და თავად არასარგებლიანი სესხის არსებობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ხელშეკრულება იყო ერთგვარი გარანტია იმ რისკების დაცვისაგან, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოპასუხის ხელწერილებს, რომლებიც არ იყო სანოტარო წესით დადასტურებული და სადაც საკმაოდ დიდ თანხებზე იყო შეთანხმებები. თუკი გავითვალისწინებთ ზემოაღნიშნული ხელწერილის შინაარსსა და მასში არსებულ დათქმებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელწერილის ზუსტი თარიღი არსად არის მითითებული, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ხელწერილი (ს.ფ. 15-19) შედგენილია 2009 წლის პირველ ნახევარში. აღნიშნული დასტურდება მასში არსებული დათქმით, კერძოდ, „მე მათ ვუხდი 120 ათას დოლარს 20 ათას მაშინვე 100 ათას 1 სექტემბრამდე“ და ასევე მხარეთა შორის 2009 წლის 8 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება რეალურად საგარანტიო ფუნქციით იყო აღჭურვილი, შესაბამისად, მოპასუხის ხელწერილი შედგენილი იქნა 2009 წლის 8 ივნისამდე პერიოდში. რაც შეეხება მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილის (ს.ფ. 15-19) მე-3 პუნქტს, რომელიც შეეხება დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთზე შეთანხმებას, ორივე მხარის შეთანხმებით დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდებოდა 260 კვ.მ. ფართის მქონე სახლი მისი შემდგომი კომერციული ექსპლუატაციის მიზნით, საიდანაც მოსარჩელეს მიეკუთვნებოდა 50% - 130 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება. გადახდის გრაფიკსა და ვადაზე მხარეთა შორის დამატებით მოხდებოდა შეთანხმება. აღნიშნული ხელწერილი (ს.ფ. 15-19) დაკავშირებულია 2009 წლის 7 ოქტომბერს დადებულ წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებასთან, ვინაიდან მითითებული მტკიცებულებები ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაშია და ავსებენ ერთმანეთს, კერძოდ, 2009 წლის 7 ოქტომბრით დაკონკრეტდა მხარეთა შორის მანამდე, ზემოაღნიშნული ხელწერილით არსებული პირობები, კერძოდ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელისათვის აეშენებინა ბათუმში, დაბა .... 66 კვ.მ. ფართის მქონე სახლი, ხოლო მოსარჩელე კი დააფინანსებდა აღნიშნულ მშენებლობას 70 000 აშშ დოლარით. 2009 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებით, რომელზეც ორივე მხარე და ორი მოწმე აწერს ხელს, მოპასუხის ვალდებულებას მხოლოდ სახლის აშენება წარმოადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ სახლი უნდა აშენებულიყო ბათუმში, ....., შესაბამისად, ს.ფ. 15-19 ხელწერილში პირველ პუნქტში ზოგადად მითითებული „ბათუმი“, 2009 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებით დაკონკრეტდა და განისაზღვრა „ბათუმი, ....“. 2009 წლის 7 ოქტომბერს, ანუ მხარეთა შორის იმავე დღეს, გაფორმებული მეორე ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება რ.ლ. საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისში ააშენებდა 280 კვ.მ. სახლს, რომლის 50%-ს საკუთრებაში გადასცემდა გ.ბ–ს. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად კი მოსარჩელე გადმორიცხავდა 150 000 აშშ დოლარს. თუმცა როგორც საქმეზე წერილობითი სახით წარმოდგენილი გ.ბ–ის ახსნა-განმარტებიდან დგინდება, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ქ. თბილისში მდებარე უძრავ ქონებაში ინვესტირებაზე. მაგრამ ფაქტია, რომ დიღომში არსებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელეს გააჩნდა ინტერესი, რისთვისაც ამ უკანასკნელმა გადმორიცხა შეთანხმებული თანხები, კერძოდ, ორივე უძრავი ქონების მშენებლობისთვის ჯამურად 225 000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება არა მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებით, არამედ მოპასუხის 2013 წლის 16 ივნისის ხელწერილით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაბა ..... და ქ. თბილისში, დიღომში არსებული სახლის მშენებლობის ნაწილში. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით კი დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება 2013 წლის 16 ივნისის მდგომარეობით შესრულებულია, რაც დასტურდება ხელწერილით, ფოტომასალითა (ს.ფ.106-119) და ქირავნობის ხელშეკრულებით (ს.ფ. 211-225), ასევე 2014 წლის 15 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით (ს.ფ. 202-209). საქმეში არსებული 2013 წლის 16 ივნისის ხელწერილის თანახმად, მოპასუხის მიერ წერილობითი სახით დადასტურდა, რომ მითითებული დროისთვის მოსარჩელეს საქართველოში გააჩნდა ორი უძრავი ქონება - ორსართულიანი სახლი დაბა ..... 400 კვ.მ. ფართი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, რომელიც იმ დროისთვის გაფორმებული იყო მოპასუხის სახელზე და ქ. თბილისში, დიღომში მდებარე ორსართულიანი სახლის ½ ნაწილი, რომელიც აღრიცხული იყო მარინე ვეკუას სახელზე.

11.4. ამავე ხელწერილით დგინდება, რომ მოსარჩელემ ორივე სახლისთვის გადაიხადა 225 000 აშშ დოლარი. ამდენად, 2009 წლის პირველ ნახევარში მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილით მის მიერ აღებული ვალდებულება, რომ მოსარჩელე „მიიღებდა“ ბათუმში, მოპასუხის ნაკვეთზე ცალკე მდგომ სახლს (ხელწერილის პირველი პუნქტი) და დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე ააშენებდნენ რა სახლს კომერციული მიზნებისთვის, რომლის 50 % იქნებოდა მოსარჩელის საკუთრება (ხელწერილის მე-3 პუნქტი), 2013 წლის 16 ივნისის მდგომარეობით ვალდებულება მოპასუხის მიერ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილი არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად იმ სახის მტკიცებულება, რითაც შესაძლებელია დადასტურდეს მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი ან სხვა პირისადმი, რომელიც შესაძლოა ფიგურირებდეს ხელწერილებში, არ მომხდარა პრეტენზიის წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული წერილობითი შეთანხმებების საფუძველზე საკუთრების უფლებით მომხდარიყო მის სახელზე უძრავი ქონებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.

11.5. რაც შეეხება საქმეში არსებულ 2009 წლის 9 ნოემბრის ანდერძს, სასამართლოს მიაჩნია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე ანდერძი მხოლოდ პირის გარდაცვალების შემდეგ იძენს თავის იურიდიულ ბუნებას, ხოლო მანამდე კი, როგორც წესი, ანდერძის შინაარსი უცნობია გარეშე პირებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში ანდერძი წარმოდგენილია მოსარჩელეს მიერ ანუ იმ პირის მიერ, რომელიც ანდერძის საფუძველზე შესაძლოა გახდეს ანდერძისმიერი მემკვიდრე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე შედგენილი ანდერძი ასევე შეიძლება ჩაითვალოს გარანტიის სახედ, როგორც მხარეთა შორის არსებული 2009 წლის 08 ივნისის სესხის ხელშეკრულება. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ ჩანს, რომ მოსარჩელე დაკავებული იყო სასესხო ურთიერთობებით ან ანაბარზე თანხების განთავსებით და ამ საქმიანობებით იღებდა სარგებელს, ყოველთვიურ შემოსავალს. მხოლოდ იმის მითითება, რომ ფულს აქვს უნიკალური თვისება - მოუტანოს სარგებელი მის მესაკუთრეს, არ არის საფუძველი, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეს დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის რაიმე სახის კავშირი ისეთ საქმიანობასთან, რომელიც ფულის ინვესტირებას შეეხება და რომელზეც მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ იმდენად იქონია გავლენა, რომ დღის წესრიგში დადგა ზიანის ანაზღაურების საკითხი. სსკ-ის 367-ე მუხლის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხე გადახდისუუნარო გახდა, რამაც მას, როგორც კრედიტორს, წარმოუშვა უფლება სესხის თანხის ვადაზე ადრე მოთხოვნის. თუმცა მოპასუხის გადახდისუუნარობა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შეფასება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მანამდე მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, რაც სასამართლოში სარჩელის წარდგენის მიზეზი გახდა, არ ადასტურებს მოპასუხის გადახდისუუნარობას, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

12.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 225 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

13.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 225 000 აშშ დოლარი გადასცა, დაბა ....ა და ქ. თბილისში, დიდ დიღომში უძრავი ქონების აშენების სანაცვლოდ. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული თანხის უკან დაბრუნებაა, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამუშაოს შესრულების მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება, ხოლო საზღაურის გადახდის შემკვეთს.

13.3. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ძირითადი ვალდებულება შესრულებული სამუშაოს მიღება და საზღაურის გადახდა იყო. ე.ი. მენარდე ვალდებული იყო, დათქმულ ვადაში სამუშაო დაესრულებინა. დადგენილია, რომ მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეუსრულებია. დასახელებული ფაქტი კრედიტორს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებით და ამ გზით მოითხოვოს იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელშიც იმყოფებოდა.

13.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 352.1-ე, 405.1-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს - დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე მსჯელობისას, უნდა დადგინდეს სახეზეა თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.

13.5.სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეუსრულებია, მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. დროის მონაკვეთი, რაც გასულია ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის შემოტანამდე და ვალდებულების დარღვევის ხასიათი აძლევს სასამართლოს დასკვნის საფუძველს, რომ დამატებითი ვადის დაწესება არ არის აუცილებელი, ვინაიდან, აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია, რის გამოც, მოპასუხემ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა განახორციელოს იმ ქონების უკუქცევა, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში იქნა მიღებული, ე.ი. 225 000 აშშ დოლარი.

13.6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ფულადი თანხის განთავსება საბანკო ანგარიშზე უნდა მომხდარიყო და ამ გზით სარგებელი უნდა მიეღო, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

13.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სესხის - 120 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლიანობის თაობაზე და სსკ-ის 623-ე მუხლზე მიუთითა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მარტოოდენ, სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.

13.8. ამდენად, მართალია საქმეში წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, თუმცა, არც მასში მითითებული ჩანაწერითა და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა, რომ აპელანტმა მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 120 000 აშშ დოლარი.

14. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

14.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

15.2. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით (დისტანციური რეჟიმით). საქმის განხილვაზე მოდავე მხარეებმა მორიგებას მიაღწიეს და საქმის მორიგებით დასრულება იშუამდგომლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გაცხადებულ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ მორიგების პირობები შეთანხმებულია. მორიგების პირობები საოქმოდ გაჟღერდა და ორივე მხარე მას დაეთანხმა.

18. 2020 წლის 21 ოქტომბერს საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მორიგების აქტის პირობები და იმსჯელა მორიგების აქტის დამტკიცებაზე შემდეგი პირობებით:

1. ამ განჩინების მიღებიდან ა.დ–ი (საქართველოს მოქალაქე; პირადი N ......; დაბადებული 1955 წლის 23 აპრილს) 8 (რვა) სამუშაო დღეში ი.მ–ს (საფრანგეთის მოქალაქე; პირადი N ......; დაბადებული 1957 წლის 20 მაისს) გადაუხდის 140 000 (ას ორმოცი ათასი) აშშ დოლარს ი.მ–ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, JSC TBC Bank, TBCBGE22, GE23TB7542645063700002, მიმღები - Inna Mozel;

2. ამ განჩინების მიღებიდან ა.დ–ი (საქართველოს მოქალაქე; პირადი N .....; დაბადებული 1955 წლის 23 აპრილს) 2021 წლის 1 იანვრამდე ი.მ–ს (საფრანგეთის მოქალაქე; პირადი N ......; დაბადებული 1957 წლის 20 მაისს) გადაუხდის 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარს ი.მ–ს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, JSC TBC Bank, TBCBGE22, GE23TB7542645063700002, მიმღები - Inna Mozel;

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

20. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გაცხადებული მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

22. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

23. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა მორიგებას საქმის არსებით განხილვაზე მიაღწიეს, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

24. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კასატორის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უცვლელი დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 218-ე მუხლებით, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე და 1991-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი ი.მ–სა და ა.დ–ს შორის შემდეგი პირობებით:

1. ამ განჩინების მიღებიდან ა.დ–ი (საქართველოს მოქალაქე; პირადი N ......; დაბადებული 1955 წლის 23 აპრილს) 8 (რვა) სამუშაო დღეში ი.მ–ს (საფრანგეთის მოქალაქე; პირადი N ......; დაბადებული 1957 წლის 20 მაისს) გადაუხდის 140 000 (ას ორმოცი ათასი) აშშ დოლარს ი.მ–ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, JSC TBC Bank, TBCBGE22, GE23TB7542645063700002, მიმღები - Inna Mozel;

2. ამ განჩინების მიღებიდან ა.დ–ი (საქართველოს მოქალაქე; პირადი N .......; დაბადებული 1955 წლის 23 აპრილს) 2021 წლის 1 იანვრამდე ი.მ–ს (საფრანგეთის მოქალაქე; პირადი N .......; დაბადებული 1957 წლის 20 მაისს) გადაუხდის 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარს ი.მ–ს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, JSC TBC Bank, TBCBGE22, GE23TB7542645063700002, მიმღები - Inna Mozel;

3. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

4. ა.დ–ის მიერ ი.მ–ის სასარგებლოდ, ამ განჩინებით განსაზღვრული, ვალდებულების შესრულებამდე, ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტისა და 2016 წლის 28 ივნისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ა.დ–ის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებაზე;

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

6. ა.დ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური