საქმე №ა-3740-შ-87-2020 4 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –ე.ჩ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ფ–ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ლენინის რაიონის, ქ. კრასნოიარსკის სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N2-433/19
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, ლენინის რაიონის, ქ. კრასნოიარსკის სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის N2-433/19 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ე.ჩ–ას (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი რ.ფ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი არასრულწლოვანი შვილისათვის 2012 წლის 10 აპრილს დაბადებული მ.ფ–თვის 12 424 რუბლი, რაც შეესაბამება საარსებო მინიმუმის ერთმაგ ოდენობას, რაც დადგენილია ბავშვთათვის კრასნოიარსკის მხარის (III ჯგუფის ტერიტორია) მიერ ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში მისი შემდგომი ინდექსაციით საარსებო მინიმუმის პროპორციული ზრდის ოდენობით მოსახლეობის შესაბამისი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისათვის, რაც დადგენილია რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სუბიექტისათვის ალიმენტის მიმღები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით განისაზღვრა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 19 სექტემბრიდან მ.ფ–ის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.
3. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, აღძრული შუამდგომლობით ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულებაა მოთხოვნილი.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება 2019 წლის 30 დეკემბრიდან კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. გზავნილი 2020 წლის 9 ნოემბერს ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარის ბიძას ფ.ფ–ს მოპასუხისათვის გადასაცემად. აღნიშნული კი მოწინააღმდეგე მხარისათვის გზავნილის ჩაბარებად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1-ე მუხლის შესაბამისად.
7. მოწინააღმდეგ მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, ლენინის რაიონის, ქ. კრასნოიარსკის სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N2-433/19.
8. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ (შუამდგომლობას ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება - უცხო ქვეყნის სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 10 ივლისს), რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.
9. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
10. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.
12. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.
13. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს მინსკის კონვენციისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჩ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, ლენინის რაიონის, ქ. კრასნოიარსკის სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N2-433/19 და რუსეთის ფედერაციის, ლენინის რაიონის, ქ. კრასნოიარსკის სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინება, რომელთა საფუძველზე:
2.1. საქართველოს მოქალაქე რ.ფ–ს (პ/ნ .....7) ე.ვ. ასულ ჩ–ას, დაბადებული 01.09.1985 წელს, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილისათვის 2012 წლის 10 აპრილს დაბადებული მ.ფ–თვის 12 424 (თორმეტი ათას ოთხასოცდაოთხი) რუბლი, რაც შეესაბამება საარსებო მინიმუმის ერთმაგ ოდენობას, რაც დადგენილია ბავშვთათვის კრასნოიარსკის მხარის (III ჯგუფის ტერიტორია) მიერ ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში მისი შემდგომი ინდექსაციით საარსებო მინიმუმის პროპორციული ზრდის ოდენობით მოსახლეობის შესაბამისი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისათვის, რაც დადგენილია რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სუბიექტისათვის ალიმენტის მიმღები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
2.2. რ.ფ–ს ე.ჩ–ას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 19 სექტემბრიდან მ.ფ–ის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე