საქმე №ას-226-2019 24 აპრილი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.კ–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს.ბ–ი" (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს გაუქმება (თავდაპირველ სარჩელში), თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს “ს.ბ–ს” (შემდეგში: ბანკი, კრედიტორი, მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე) და დ.ჯ–ს (შემდეგში: მსესხებელი, პირველი მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) შორის, 2016 წლის 13 სექტემბერს, 300 თვის ვადით დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 300 000 აშშ დოლარის თაობაზე, წლიური - 0.5%-დან 48%-მდე დარიცხვით.
2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 13 სექტემბერს ბანკს და მსესხებელს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სასარგებლოდ სესხად 12 500 აშშ დოლარი გაიცა, წლიური 18%-იანი სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, ხოლო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1.5%-ით.
3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 13 სექტემბერს ბანკსა და ნ.კ–ს შორის (შემდეგში: უძრავი ქონების მესაკუთრე, მეორე მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ .....
4. 2016 წლის 13 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 30 ივნისს ბანკსა და მსესხებელს შორის კვლავ დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 815 ლარი, წლიური 0% სარგებლის დარიცხვით, 10 თვით, კრედიტის ათვისების საკომისიოდ განისაზღვრა კრედიტის თანხის 4.9 %, მაგრამ არანაკლებ 10 ლარის, პირგასამტეხლო კი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% დარიცხვით.
5. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მისმა დავალიანებამ, 2017 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით, 2016 წლის 13 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 68 713.49 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 12 089.15 აშშ დოლარი, პროცენტი 2 170.23 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 54 454.11 აშშ დოლარი, რომელიც ბანკმა 10 000 აშშ დოლარამდე შეამცირა. 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი მსესხებლის დავალიანებამ 966.82 ლარი შეადგინა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 407.50 ლარი, საკომისიო - 10 ლარი, პირგასამტეხლო - 549.32 ლარი.
6. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკმა, 2017 წლის 8 სექტემბერს, წერილობით მიმართა შპს „თბილისის სააუქციონო სახლს“ და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტის საფუძველზე, მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია მოითხოვა.
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. პირველმა და მეორემ მოსარჩელეებმა ბანკის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს და 2016 წლის 13 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების მე-8, მე-10 და მე-15 პუნქტების ბათილად ცნობა მოითხოვეს, ხოლო 2016 წლის 13 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 36 604.15 აშშ დოლარის გაუქმება მოითხოვეს.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამდენად, ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მოპასუხემ ასევე არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.
9. კრედიტორის შეგებებული სარჩელი
9.1. მოსარჩელეთა წინააღმდეგ შეტანილი შეგეგებული სარჩელით მოპასუხემ მოითხოვა, რომ პირველ მოსარჩელეს (მსესხებელს), ბანკის სასარგებლოდ, 2016 წლის 13 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 24259.38 აშშ დოლარის გადახდა დაკისრებოდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 12089.15 აშშ დოლარი, პროცენტი - 2170.23 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 10 000 აშშ დოლარი;
9.2. კრედიტორმა მოითხოვა მიუღებელი შემოსავალის სახით სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 11 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად საერთო ჯამში 5.96 აშშ დოლარის გადახდა; 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკმა მოითხოვა 966.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 407.50 ლარი, საკომისიო - 10 ლარი, პირგასამტეხლო - 549.32 ლარი;
9.3. კრედიტორის მოთხოვნით დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი); იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება უნდა მიქცეულიყო მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ქონებაზე.
10. შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა შესაგებლები
10.1. კრედიტორის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელის პასუხად წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეთაგან მსესხებელმა ნაწილობრივ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი, კერძოდ, ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 12 089.15 აშშ დოლარის და 407.50 ლარის, ასევე, 2016 წლის 13 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის- 2170.23 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში;
10.2. შეგებებული სარჩელით 10 000 აშშ დოლარამდე უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს მიუხედავად, მსესხებელი ამ ნაწილში არ დაეთანხმა კრედიტორის მოთხოვნას და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ვადით, რა ვადითაც ხდებოდა ვალდებულების დარღვევა;
10.3. მოპასუხეებმა სხვა მოთხოვნების ნაწილში არ ცნეს ბანკის სასარჩელო მოთხოვნა.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
11.1.1. თავდაპირველ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ 2016 წლის 13 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე; ბანკის მიერ 2016 წლის 13 სექტემბრის ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა - 2417.83 აშშ დოლარამდე;
11.1.2. კრედიტორის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების გზით, პირველ მოსარჩელეს (მსესხებელს), ბანკის სასარგებლოდ, 2016 წლის 13 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 16 677.21 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 12 089.15 აშშ დოლარი, სარგებელი- 2170.23 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2417.83 აშშ დოლარი;
11.1.3. მსესხებელს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისრა მიუღებელი შემოსავალის სახით სესხის ძირითად თანხაზე 12 089.15 აშშ დოლარზე დარიცხული წლიური 8%, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის სარგებლისა;
11.1.4. კრედიტორის სასარგებლოდ პირველ მოსარჩელეს დაეკისრა 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 407.50 ლარის, საკომისიოს - 10 ლარისა და პირგასამტეხლოს - 87.50 ლარის გადახდა;
11.1.5. 2016 წლის 13 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფდა არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეოდა მსესხებლის (პირველი მოსარჩელის) საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;
11.2. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 301-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
11.3. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება, ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით ბანკის შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 12 089.15 აშშ დოლარი და 407.50 ლარის, ასევე 2016 წლის 13 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან არსებული სარგებლის - 2170.23 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რაც, დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ბანკის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული საკომისიოს - 10 ლარის მსეხებლისთვის დაკისრების ნაწილში.
11.4. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ ბანკმა და მსესხებელმა 2016 წლის 13 სექტემბრის და 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დარღვევის შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს (კრედოტორს) უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია საკრედიტო ხელშეკრულებაზე შესრულებული გადახდების ისტორია, რომლის თანახმად უდავოდ დგინდება, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპია. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო მიაჩნია, რომ მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს სახით, 10 000 აშშ დოლარის და 549.32 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მსესხებელს, 2016 წლის 13 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს 2417.83 აშშ დოლარის, ხოლო 2016 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 87.50 ლარის გადახდა.
11.5. სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა. წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს შეგებებული მოსარჩელის პოზიციას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ის მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელს ბანკის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირითად თანხაზე 12 089.15 აშშ დოლარზე დარიცხული წლიური 8 % არა უმეტეს ერთი წლისა.
11.6. სსკ-ის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და ქონების მესაკუთრეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის საკუთრებად არსებული უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, აღსრულება მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ასევე დასაბუთებულია ბანკის სასარჩელო მოთხოვნა პირველი მოპასუხის (მსესხებლის) საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნა, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
11.7. სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია თავდაპირველ სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნა იპოთეკის ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების ბათილად ცნობის თაობაზე. სსკ-ის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. ამ სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის შესაბამისად, სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარემოებანი სადავო გარიგებათა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ მოსარჩელეთა მხარის მტკიცების საგანში შედის. საქმის მასალებზე დაყრდნობით და წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმდა ორივე მხარის ნებითა და შეთანხმებული პირობების შესაბამისად. საწინააღმდეგოს დამტკიცება მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, ამიტომ არ არსებობს გამოვლენილი ნების ნაკლი.
11.8. თავდაპირველ მოსარჩლეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი - 2533.20 ლარი.
12. სააპელაციო საჩივარი
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თავდაპირველმა მოსარჩელეებმა (მსესხებელმა და იპოთეკის საგნის მესაკუთრემ);
12.2. მათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს იმ ნაწილში, რომლითაც სრულად არ დაკმაყოფილდა თავდაპირველი სარჩელი ბანკის მიერ 2016 წლის 13 სექტემბრის 4635098 სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებისა და 2016 წლის 13 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში. აპელანტებმა აგრეთვე გაასაჩივრეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი სასამართლო ხარჯების განაწილების შესახებ.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
13.2. სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 11.4 ქვეპუნქტში ასახულ გარემოებებზე და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძირითად ვალდებულებებსა და დარღვევის პერიოდებთან მიმართებით თანაზომიერი და გონივრულია, რის გამოც არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემცირების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ მსესხებელს ბანკის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირითად თანხაზე 12 089.15 აშშ დოლარზე დარიცხული წლიური 8 %, არა უმეტეს ერთი წლისა. ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გარემოება კრედიტორს უფლებამოსილებას ანიჭებდა, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ასევე დასაბუთებულია კრედიტორის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეებმა იპოთეკის ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობა იმ შემთხვევისთვის, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად.
13.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი) შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 41.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი შემდეგნაირად განისაზღვრება: ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - გადასახდელი თანხით. ხოლო, სსსკ-ის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გაუქმების ნაწილში დავის საგნის ღირებულება მოსარჩელეების მიერ განისაზღვრა 36 604.15 აშშ დოლარით, კერძოდ, მოსარჩელეები მოითხოვდნენ ბანკის მიერ 2016 წლის 13 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს -36 604.15 აშშ დოლარის გაუქმებას. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 36 604.15 აშშ დოლარის 3%-ს - 1098,12 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელეებს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის 2722,25 ლარის გადახდა, საქმის განხილვის დასრულებამდე. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელი სადავო ნაწილში დაკმაყოფილდა იმდაგვარად, რომ ბანკის მიერ 2016 წლის 13 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლო, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, 10 000 აშშ დოლარიდან 2417.83 აშშ დოლარამდე შემცირდა. ამდენად, თავდაპირველმა მოსარჩელეებმა სარჩელი წააგეს 2417.83 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად - მოიგეს 7 582,17 აშშ დოლარის ნაწილში (10 000-2 417.83). გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით კი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟი განისაზღვრა იმდაგვარად, რომ თავდაპირველ მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 2533.20 ლარის ოდენობით, რასაც სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სარჩელი წააგეს 2 417.83 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროთ წაგებული თანხის - 2 417.83 აშშ დოლარის 3%, რაც შეადგენს 72,5 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ხოლო, მოგებული თანხის (7 582,17 აშშ დოლარი) 3%-ის, 227.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე (ბანკი).
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1. მოსარჩელეებმა (მსესხებელმა და იპოთეკის საგნის მესაკუთრემ) საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
14.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ იხელძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით, თუმცა, დაუსაბუთებლად მიიჩნია კასატორებისთვის 2 417,83 აშშ დოლარისა და 87.50 ლარის დაკისრება. კასატორების მოსაზრებით, ეს თანხა შეუსაბამოა ძირითად ვალდებულებასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მსესხებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, სანამ ფინანსურად ეს შეეძლო, არაერთხელ მიმართა ბანკს თანამშროლობისთვის, თუმცა უშედეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბანკი მოქმედებდა ამორალურად, ვინაიდან მან დაადგინა შესასრულებელ ვალდებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლებების აღდგენაა და არა - მისი გამდიდრება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბანკი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
14.3. დაუსაბუთებელია სასამართლოს უარი იპოთეკის ხელშეკრულების მე-8, მე-10 და მე-15 პუქტების ბათილად ცნობაზე, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან კანონით დადგენილ საჯარო წესრიგს და ზნეობას, რაც, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების, ან მისი ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, ხელშეკრულების ეს მუხლები დაბეჭდილია 6-7 ზომიანი შრიფტით, მისი გარკვევა შეუძლებელია, ხოლო შინაარსი ბანკს კასატორისთვის არ უცნობებია. ასეთი დამოკიდებულება ცხადჰყოფს კრედიტორის არაკეთილსინდისიერებას კლიენტის მიმართ.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორებს საკასაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ და დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 833,86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია; ამასთან, პირველ კასატორს (მსესხებელს) დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ეს განჩინება პირველი კასატორის მეუღლეს ჩაბარდა 2019 წლის 27 ივნისს. 2019 წლის 2 ივლისს კასატორებმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და პირველი კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. აგრეთვე, პოლიკლინიკის ცნობა იმის თაობაზე, რომ მეორე კასატორი (იპოთეკის საგნის მესაკთრე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით პირველ კასატორს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 833,86 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სასამართლოსათვის. ამავე განჩინების ასლი, კასატორის დედას ჩაბარდა 2019 წლის 9 აგვისტოს. 2019 წლის 12 აგვისტოს ორივე კასატორმა მომართა სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, გონივრული დროით, კერძოდ, 2019 წლის სექტემბრის ბოლომდე.
15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12 სექტემბრის განჩინებით, პირველი კასატორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან მას მანამდე უკვე ორჯერ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარის შუამდგომლობა სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს ემსახურება. რაც შეეხება მეორე კასატორის (იპოთეკის საგნის მესაკუთრის), იგი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (შეად.: სუსგ-ებს: N ას-921-960-2011; N ას-1498-1418-2017; N ას-1928-2018.).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. წარმოდგენილი საკასაციო შედავების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სამართლებრივად სწორი კვალიფიკაციისათვის
21. განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველ სარჩელში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილია აღიარებითი სარჩელი, რომელიც მხარეთა შორის არსებული სამართლურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი ცალკეული სახელშეკრულებო დათქმის ბათილად ცნობას ეფუძნება, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მიკუთვნებითი ხასიათის შეგებებული სარჩელი, რომლის ფარგლებშიც შეგებებული მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს შეგებებული მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრება. დადგენილია, რომ ბანკის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ მსესხებელმა დაარღვია სახელშერულებო ვალდებულება.
22.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, მისგან გამომდინარე მოთხოვნების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხარეთა კეთილსნდისიერებას, ვინაიდან, მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზეა დაფუძნებული. სსკ-ის 8.3-ე და 115-ე მუხლები საფუძველზე ნებისმიერი ურთიერთობის სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მხედველობაში მიიღება სამოქალაქო უფლებათა გონივრული, სამართლიანი, თანაზომიერი განხორციელება. კეთილსინდისიერების პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მხარეთა უფლებებისა და მოვალეობის დადგენის (წარმოშობის) დროს, არამედ უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების დროსაც. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. საკასაციო სასამართლოს არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შეად.: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ. ).
23. კეთილსინდისიერი მხარის დამცავი ერთ-ერთი ნორმაა სსკ-ის 54-ე მუხლი: „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“ ამ ნორმის მიზანია, სასამართლომ ბათილად ცნოს შეთანხმება, რომელიც უარყოფს სამართლებრივ ფასეულობას, ან ამგვარი ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობის ბოროტად გამოყენებაზე, მოტყუებაზე, ბაზარზე გაბატონებულ მდგომარეობაზე, ხელშემკვრელი მხარის გამოუცდელობაზე, უფლებებით ბოროტად სარგებლობაზე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 54-ე მუხლით გარანტირებულია ამგვარ გარიგებათა უცილოდ ბათილი ხასიათი, რაც ნიშნავს, რომ იგი სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს მაშინაც კი, თუ მხარეები ამაზე არ მიუთითებენ, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი სასამართლოს კუთვნილი შესაგებელია.
24. განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობებში ხელშეკრულების არსებითი პირობაა შეთანხმება სარგებელზე, პირგასამტეხლოზე, რაც კანონიერია, არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, საჯარო წესრიგს ან სამართლებრივ ფასეულობებს. ამგვარ გარიგებათა ლეგიტიმაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგად, ისე სპეციალურ სამართალურთერთობათა მარეგულირებელ ნორმებში, რაც სრულიად გამორიცხავს ვარაუდს მისი არალეგიტიმურობის შესახებ. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი, რომელიც სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განსაზღვრავს, რომლის მიხედვით შესაძლოა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს გონივრულობა და არსებულ ვალდებულებასთან შესაბამისობა სასამართლოს განსჯის საგანი გახდეს და სახელშეკრულებო პირობაში სასამართლოსეული „ჩარევის“ პირობებში კორექტირებაც კი განიცადოს, თუმცა ეს ვერ შეცვლის მხარეთა შეთანხმების შინაარსს მთლიანად და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან უპირობოდ გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.
25. კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო შეესატყვისება სესხის დავალიანების მოცულობას, მსესხებლის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ხანგრძლივობას და დარღვევის ხასიათს, ასევე იმ მოლოდინს, რაც კრედიტორს გააჩნდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, რადგან საკრედიტო ურთიერთობების თავისებურება და სპეციფიკურობა სწორედ იმაში ვლინდება, რომ სესხი არის ვადიანი, სასყიდლიანი, სარგებლიანი და დაბრუნებადი. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი). ერთერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: „სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შეად.:სუსგ-ებს: N ას-725-693-2014;- N ას-914-864-2015; N ას- 932-882-2015).
26. საკაციო საჩივარში წარმოდგენილ შედავებასთან დაკავშირებით, რომ სადავო იოპოთეკის ხელშეკრულების მუხლები 6-7 ზომიანი შრიფტით იყო დაბეჭდილი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ პრეტენზიას მოცემულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს, რადგან თავდაპირველ სარჩელში ასეთი გარემოება არ არის მითითებული, შესაბამისად საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამის თაობაზე; ასეც რომ არ იყოს კრედიტორის შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა (იგივე თავდაპირველმა მოსარჩელეებმა) სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ დაადასტურეს კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულების, მისი მოცულობისა და მათ წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების ნამდვილობა სარჩელის ცნობის ნაწილში, არამედ სადავო გახადეს პირგასამტეხლოს მოცულობა, რაზედაც იმსჯელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა. ამდენად არ იკვეთება ის გარემოება, რომ მხარემ არ იცოდა რომელიმე სახელშეკრულებო პირობა ან ნება არ გამოუვლენია.
27. მტკიცების ტვირთის განხორციელების პროცესუალურ ნაწილთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის მასალებით და მათ საფუძველზე გამოსაყენებელი მატერიალური სამართლის ნორმების წინაპირობებით, რასაც ეფუძნება მოსამართლის შინაგანი რწმენა, რომელიც კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, მათი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით ხელმძღვანელობს. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი; შდრ. სუსგ #ას-279-264-2017, 21.04.2017წ.) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული... მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა ის გარემოება, რომელიც მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მოპასუხემ - ყველა ის გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს მისი მითითებით წარმოადგენს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
28. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შესრულების მიზნით, სსსკ-ის 178.1-ე მუხლის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილია, რომ „მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნებს; აგრეთვე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს“. სსსკ-ის 201.1-ე მუხლი კი ავალდებულებს მოპასუხეს, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, „სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე“. მაშასადამე, მოპასუხის მტკიცების ტვირთი უმრავლეს შემთხვევაში შემოსაზღვრულია (მიმართულია) იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების უარყოფისაკენ, რაც სარჩელშია მითითებული (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსაპუხე კვალიფიცურ შესაგებელს წარმოადგენს და მოვლენათა განვითარების მისეულ ვერსიას შესთავაზებს სასამართლოს).
29. გარკვეული თავისებურებით ხასიათდება მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი სასესხო სამართლებრივ ურთიერთოებში. ამგვარ სარჩელებში კრედიტორი ვალდებულია მიუთითოს: ა) მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა (თანხის მოვალისათვის გადაცემა); ბ) მხარეთა შეთანხმება სარგებელზე; გ) ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე - პირგასამტეხლოზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არსებობა; დ) შესრულების ვადის დადგომა; ე) მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა. იმის მიხედვით, თუ რომელ გარემოებებს შეედავება დადგენილი წესით მოპასუხე (სსსკ-ის 201-ე და 219-ე მუხლები), სასამართლო განსაზღვრავს მტკიცების საგანს. სასესხო ურთიერთობებში, გარდა უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოებისა, ყველა ზემოხსენებულის მტკიცება ეკისრება კრედიტორს (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები); რაც შეეხება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთს, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იგი მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (იხ. სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი).
30. განსახილველ საქმეში კასატორი (იპოთეკის საგნის მესაკუთრე) დავობს იმაზე, რომ ბათილად იქნეს ცნობილი იპოთეკის ხელშეკრულების ის პუნქტები, რომლებიც ქონების რეალიზაციას ადგენენ. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ შეგებებულმა მოსარჩელემ (კრედიტორმა) სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით სრულად დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი იპოთეკის ნამდვილობის ნაწილში და შეძლო მეორე მოსარჩელის მოთხოვნის არამართლზომიერების დადასტურება, ხოლო მეორე მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, რომლის ფარგლებშიც მას იპოთეკის ხელშეკრულების ცალკეული პუნქტის ბათილობის საფუძვლის დამტკიცება ევალებოდა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, ამ მიმართულებით ვერც თავდაპირველმა მოსარჩელემ (მსესხებელმა) და ვერც შეგებებულმა მოსარჩელემ (ბანკმა), სრულად ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი, რის გამოც, ორივე მხარის მოთხოვნა სასამართლოს მიერ ნაწილობრივ იქნა გაზიარებული.
31. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია იპოთეკის საგნის მესაკუთრის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
32. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე