Facebook Twitter

საქმე №ას-654-2019 26 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ს.ე–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.კ.უ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) და სს „ს.ს.ე–ას“ (შემდეგში: მოსარჩელე, შპს ან დამზღვევი) შორის, 2015 წლის 18 დეკემბერს, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული იქნა შპს-ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, სპეცტექნიკა და მათზე განთავსებული აგრეგატები, მათ შორის ბულდოზერი ,,კომაცუ D37“ სახელმწიფო ნომრით AB-....B. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების ღირებულება -158 400 ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ. 17-34).

2. დაზღვევის ხელშეკრულების N2 დანართის თანახმად, მზღვეველმა იკისრა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულება, მათ შორის 1.1. პუნქტით, ა/ტრანსპორტის ნებისმიერი სახის დაზიანებისას, ავტო-საგზაო შემთხვევის დროს; სადაზღვევო შემთხვევა მოიცავდა ასევე მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობას, მესამე პირთა ბოროტგანზრახულ ქმედებას, ვანდალიზმს, საგნების ვარდნას და ა.შ. ავტომობილების და მასზე დამონტაჟებული აგრეგატების დაზღვევის პირობების 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევაში, ანაზღაურდება ავტომობილის სრული განადგურება/ზარალი ან ნაწილობრივი ზარალი. 3. ავტომფლობელის მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ 3.1. პუნქტით, მზღვეველი ანაზღაურებს დაზღვეული ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად მესამე მხარისათვის მიყენებულ ზარალს, ანაზღაურებს დაზღვეული ავტომობილის მართვის/გამოყენების შედეგად წარმოშობილი სხვა პირების პასუხისმგებლობას (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-28).

3. დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანას ,,კამაზ-..“-ით, 2017 წლის 4 ოქტომბერს, ბულდოზერი ,,კომაცუ D37“ მესტიის რაიონის ქვესადგური ,,იფარი-110“-დან წალენჯიხის რაიონში ქვესადგურ ,,ჯვარი-500“-ში გადაჰქონდა, რა დროსაც მესტიის რაიონის სოფელ ..... ბულდოზერი ,,კომაცუ D37“ გადავარდა ავტომანქანა ,,კამაზ-..“-ის ძარიდან და დაზიანდა.

4. დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. გამოკითვის ოქმში დ. ბ–ძემ მიუთითა, რომ ბულდოზერი „კამაზის“ ძარიდან, მისი გაუფრთხილებლობით გადავარდა (ტ. 1, ს. ფ. 160-163).

5. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე (ტ. 1, ს.ფ. 35-36).

6. სასარჩელო მოთხოვნა

6.1. დამზღვევმა 2018 წლის 8 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ და ზიანის - 10 846.4 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

6.2. მოსარჩელის განმარტებით, შპს-ს კუთვნილი ბულდოზერი „კომაცუ დ37“ აღდგენილ იქნა შპს „ა.ტ–ის“ მიერ და ასანაზღაურებელმა თანხამ 10 846.4 ლარი შეადგინა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტომანქანა „კამაზის“ მძღოლმა, რომელსაც დაზღვეული ბულდოზერი „კომაცუ დ37“ გადაჰქონდა, ვერ უზრუნველყო გადაზიდვის წესების დაცვა, ტვირთი არ იქნა დამაგრებული, რის გამოც გადმოვარდა ძარიდან, რაც ასევე გამორიცხავს მზღვეველის მხრიდან ზიანის ანაზღაურებას. მოპასუხემ, ასევე, სადავო გახადა ნივთის აღდგენის ანაზღაურება.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით დამზღვევის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 10 846.4 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-8, 325-ე, 799-ე, 829-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

9. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

9.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 799-ე, 829-ე მუხლებსა და დაზღვევის ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებაზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე უთითებს გადაზიდვის წესების დაუცველობაზე და მიუთითებს, რომ ბულდოზერი გადატანისას არ იყო სათანადოდ დამაგრებული, თუმცა, ამის შესახებ რაიმე მტკიცებულება მისი მხრიდან საქმის მასალებში წარდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება, მძღოლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ეს საკმარისი არ არის მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის დასასაბუთებლად. ვინაიდან, დაზღვევის ხელშეკრულებით, კერძოდ, N1 და N2 დანართებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობა, ასევე, მესამე მხარისადმი მიყენებული ზარალი, ა/ტრანსპორტის ნებისმიერი სახის დაზიანება და ავტო-საგზაო შემთხვევა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ შეიძლება გახდეს მზღვეველის მხრიდან ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ ზიანი დადგა არა როგორც სატრანსპორტო საშუალებაზე, არამედ - ტვირთის გადაზიდვაზე, რომელიც თავის მხრივ დაზღვეული არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასება, რომ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესი, რაც მის ტრანსპორტირებას გულისხმობს, შესაბამისად, ბულდოზერ ,,კომაცუ D37“-ის დაზიანება, ვერ განიხილება, როგორც ტვირთის დაზიანება.

10.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების მონაცემები სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება წარუდგენია.

11. მზღვეველის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. სადაზღვევო კომპანიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11.2. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების დანართი N2-ის 5.4.11. პუნქტის თანახმად ,,დაზღვევა არ ანაზღაურებს ნებისმიერ შემთხვევას, დაზიანებას ან ზარალს, გამოწვეულს ნებისმიერი ქმედებით, რომლის შედეგადაც მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას ზარალის ანაზღაურებაზე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე“; ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს დასკვნები და შეფასებები, არსებით წინააღმდეგობაშია ხელშეკრულების პირობებთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ დადგენილ სამართლებრივ პრაქტიკასთან (საქმე #ას-755-811-2011 და #ას-824-876-2011).

11.3. კასატორის განმარტებით, კანონი მხარეთა შეთანხმებას სავალდებულოდ არ ხდის უხეშ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით და გავრცელდება ზოგადი წესები ანალოგიური ურთიერთობისთვის, მიუხედავად იმისა, ეწერება თუ არა ეს ხელშეკრულების პირობებში. მაგალითად პირგასამტეხლოზე შეთანხმება სავალდებულოდ უნდა იქნეს გაწერილი ხელშეკრულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოთხოვნის უფლება მხარეს არ გააჩნია, ასეთ დათქმას კი სსკ-ის 829-ე მუხლი არ შეიცავს, შესაბამისად ეს ნორმა არის დაზღვევის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა, რომელიც სპეციალურ დათქმას არ საჭიროებს ხელშეკრულებაში და იგი უპირობოდ ვრცელდება ყველა შემთხვევაზე. ამასთან ხელშეკრულებაში მხარეები არ შეთანხმებულან იმაზე, რომ, მიუხედავად კანონით დაწესებული დათქმისა და დამზღვევის ბრალეულობის ხარისხისა, მზღვეველი უპირობოდ ანაზღაურებდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამდგარ ზიანს.

11.4. კასატორმა აღნიშნა, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება) ხელშეკრულებაში უნდა მიუთითონ. ურთიერთობა იმ შემთხვევაში დარეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, თუ ხელშეკრულებით მხარეები არ გაითვალისწინებენ განსხვავებულ პირობას. განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას მიუხედავად კანონის დანაწესისა არ აუღია პასუხისმგებლობა, არ გამოიყენოს სსკ-ის 829-ე მუხლი, ხოლო ხელშეკრულებაში ამ დათქმის არ არსებობა თავისთავად გულისხმობს მისი გამოყენების შესაძლებლობას“ (მაგალითისთვის, უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1319-1257-2014, აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინება საქმეზე No. 2ბ/443-17).

11.5. კასატორის განმარტებით, უტყუარად დადასტურებული და დადგენილი ფაქტია, რომ მძღოლმა არასათანადოდ დაამაგრა ტრაქტორი კამაზზე და თავადვე აღნიშნავს, რომ მისი გაუფრთხილებლობით მოხდა შემთხვევა, ანუ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სახეზე არ იყო უხეში გაუფრთხილებლობა, რადგან ამ საკითხზე სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება.

11.6. განსახილველ შემთხვევაში სწორედაც უხეში გაუფრთხილებლობა გამოვლენილი, რადგან საჯარიმო ქვითრით უტყუარად დადგენილია, რომ მძღოლმა დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს: ,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით“, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად ,,ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით". საჯარიმო ქვითარში მითითებულია, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ტვირთის უსაფრთხო გადატანა, რაც კომბინაციაში გულისხმობს როგორც გადაზიდვის წესების დარღვევას, ასევე არაგაბარიტული ტვირთის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე გადატანას, ანუ უსაფრთხო გადატანა თავის თავში მოიცავს ორივე დარღვევას, შესაბამისად თუკი მძღოლმა არასათანადოდ დაამაგრა ტვირთი და დიდი ალბათობით უშვებდა, რომ იგი გადმოვარდებოდა, მაშინ სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა, ისევე როგორც, ნებართვის გარეშე ტვირთის გადატანაც ასევე წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას. თუ სასამართლო ჩათვლის რომ მხოლოდ და მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის წესებია დარღვეული, რასაც მოჰყვა ქონების დაზიანება, მაშინ საყურადღებია ის გარემოება რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N32 დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად ,,1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთი უნდა განთავსდეს და დამაგრდეს ისე, რომ გადაზიდვისას უზრუნველყოფილი იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების და მოძრაობის უსაფრთხოება დატვირთვა- გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში და საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემო პირობებს“.

11.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ” დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის” საფუძველზე ტვირთებს, რომელთა დატვირთვა-გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მექანიზირებული საშუალებებით, უნდა გააჩნდეთ სპეციალური სამარჯვი (მარყუჟი, შვერილი და სხვა). განსახილველ შემთხვევაში ეს არ წარმოადგენს ისეთი სახის ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც უეცრად დგება და მძღოლს არ შეუძლია, ივარაუდოს შემთხვევა. ეს გახლავთ შემთხვევა, როდესაც მძღოლმა ზუსტად იცის, რომ ტვირთი სათანადოდ არ არის დამაგრებული და მისი გადმოვარდნის რისკიც მაღალია და სხვათა ჯანმრთელობის თუ ქონების დაზიანების რისკიც მაღალია, შესაბამისად წინასწარ შეცნობით უშვებს და იწყებს გადაზიდვას. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ კამაზი რომელიც გადაზიდავდა ტრაქტორს დაზიანდა 4 ოქტომბერს დილის საათებში, კამაზი მოძრაობდა 7 მეტრის სიგანის გზაზე, არანაირი წინაღობა თუ რაიმე გარეშემშლელი პირობა იმისა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეს რაიმე გარემოებამ შეუქმნა საფრთხე არ არსებობდა და სწორედ გარეშემშლელი პირობების გარეშე გადმოვარდა ტრაქტორი კამაზიდან, ე. ი. ცალსახად დადგენილია, რომ სწორედ არასათანადო დამაგრებამ გამოიწვია ტრაქტორის გადმოვარდნა და იგი არ იყო დამოკიდებული მძღოლის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებასთან. ამდენად სახეზეა არათუ უხეში გაუფრთხილებლობა, არამედ არაპირდაპირი განზრახვა, რადგან უშვებ და იცი, რომ გადასაზიდი ობიექტი დაამაგრე არასათანადოდ და მაინც ახდენ მის ტრანსპორტირებას. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მესტიის გზაზე მოსახვევებია და სწორედ მოსახვევში გადმოვარდა ტრაქტორი, რაც სასამართლომაც გაიზიარა, ეს არ წარმოადგენს მოსარჩელის გამართლების საფუძველს და უხეში გაუფრთხილებლობის გამომრიცხავ გარემოებას, რადგან სწორედაც მესტიის გზის თავისებურებაა მისი არაერთი მოსახვევი, იმასაც გულისხმობს, რომ თუ არასათანადოდ დაამაგრე ტრაქტორი, შესაძლებელია ის მოსახვევში გადმოვარდეს, მიუხედავად ამისა, მაინც ახორციელებს მძღოლი გადაზიდვას, ეს კი უხეში გაუფრთხილებლობაა.

11.8. ზიანის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა, რომ როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ სასამართლოს წარდგინეს მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება, რომ შპს ,,ა.ტ–მა" გაანგარიშება ბულდოზერის შეკეთებაზე წარადგინა დღგ-ის ჩათვლით და იგი შეადგენდა 17 346 ლარს, შემდგომ აღმოჩნდა რომ იგი არ იყო დღგ-ის გადამხდელი და შესაბამისად ამ თანხას უნდა გამოკლებოდა დღგ 18% და იგი შეადგენდა 3122,28 ლარს, ანუ მოსარჩელეს უნდა გადაეხადა (17346-3122,28=14 223,72) 14 223,72 ლარი, ხოლო მათ 15.03.2018 წ. გადაიხადეს 14 249 ლარი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 04.06.2018 წ. სამსახურებრივ ბარათს, მასში მითითებულია, რომ შპს ,,ა.ტ–ი" იმხანად არ იყო დღგ-ის გადამხდელი და მას ვადების დარღვევის გამო დაერიცხა საურავი 451 ლარი. ამდენად, არც საურავზე და არც ზედმეტად გადახდილ თანხაზე მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი, რადგან ამავე ლოგიკით მზღვეველს რომ მოეხდინა დაზიანებული ბულდოზერის შეკეთება, იგი არც დღგ-ს და არც სხვა თანხას არ გადაიხდიდა. იმის გამო, რომ სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია, მას უნდა დაეკმაყოფილებინა მხოლოდ 10370.12 ლარი (14 223,72-3853,60მოსარჩელე მხარემ მოითხოვა დაკისრებული საურავის თანხაც- 451 ლარი და კიდევ მეტი, ანუ 10370,12+451=10821,12.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, და მიიღო არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებსა და სსკ-ის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე და განმარტავს, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად არსებული #2 დანართის 5.4 მუხლის მიხედვით, გათვალისწინებული იყო გამონაკლისები, რა შემთხვევაშიც, მზღვეველს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა დანაკარგისა და დაზიანების ანაზღაურებაზე, მათ შორის, 5.4.11 მუხლით - ნებისმიერი ქმედებით, რომლის შედეგადაც უფლება გაქვთ უარი თქვათ ზარალის ანაზღაურებაზე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. სსკ-ის 829-ე მუხლის მიხედვით მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

16. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით ნათელია, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში კანონზე მითითებით (სასამართლოს შეფასებით, ასეთი მითითების მიუხედავად, სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესი წინამდებარე შემთხვევაში, მაინც ვარგისი იქნებოდა სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად) გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (შდრ. სუსგ #ას-566-566-2018, 13.07.18 წ.).

17. „ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლეში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაურთხილებლობად. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში დაწესებულ ზოლებში მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად იწვევს მძიმე შედეგს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ზედმიწევნით დაიცვას აღნიშნული წესები“ (იხ. სუსგ # 1319-1257-2014).

18. .რაც შეეხება თავად უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას, როგორც სამართლებრივად სანქცირებულ ქმედებებს, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“ (იხ. საქმე № ას-745-713-2014 ).

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას იმასთან მიმართებით, რომ დარღვევა, რომელიც განსახილველ დავაში სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მართალია, საჯარიმო ქვითარსა და გამოკითვის ოქმს (ტ. 1, ს.ფ. 160-163), კანონიდან გამომდინარე პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ ისინი , სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად უნდა იქნეს განხილული, ამასთან, სამართალდარღვევის ოქმი შპს-ას სადავოდ არ გაუხდია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის დაეთანხმა ოქმში აღწერილ გარემოებათა კვალიფიკაციას, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ტვირთის უსაფრთხო გადატანა და ასკ-ის 1271.6-ე მუხლის თანახმად დაჯარიმდა შესაბამისი თანხით (შდრ. სუსგ #ას-180-180-2018, 04.05.18 წ.).

20. ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოვლენილი უხეში და მარტივ გაუფრთხილებლობის გამიჯვნის თაობაზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: „გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა“ (იხ საქმე #ას-1306-1226-2015). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტომანაქანაზე ტვირთის არასათანადო დამაგრების გამო, გამოიკვეთა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ტვირთის (დაზღვეული ბულდოზერის) გადავარდნა და დაზიანება, აღნიშნული საფუძვლით გამოირიცხება მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება თანხის ანაზღაურებაზე (შდრ. სუსგ-ებს: # ას-943-901-2013; # 943-901-2013; # ას-1319-1257-2014; # ას-1306-1226-2015; # ას- 92-88-2016).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია დამზღვევმა (შპს-ის კუთვნილი ავტომანაქანის მძღოლმა) სადაზღვევო კომპანია თავისუფლება პასუხისმგებლობისაგან და არის ვალდებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში. სწორედ ამ დასაბუთებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და დამზღვევის სარჩელი უარყოფილია.

22. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა შპს-ას დაეკისრება სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 257.1-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს "ს.კ.უ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სს "ს.ს.ე–ის" სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

4. სს "ს.კ.უ–ის" სასარგებლოდ სს „ს.ს.ე–ა“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 976,25 (ცხრაას სამოცდათექვსმეტი და ოცდახუთი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე