ბს-777-364(კს-05) 12 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 12 ივლისს “ც-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ქობულეთის გამგეობის მიმართ, “ც-ის” საკუთრებაში არსებული საკოლმეურნეო ბაზრების აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის განჩინებით “ც-ის” სარჩელთან დაკავშირებული საქმე გადაეგზავნა განსჯად აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, ვინაიდან სადავო ქონების ღირებულება აღემატებოდა 500000 ლარს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე “ც-ის” წარმომადგენელს უარი ეთქვა ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ტერიტორიებზე განლაგებული ბაზრების ნაწილში და განემარტა, რომ სარჩელები ამ ნაწილში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით უნდა წარედგინა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში; საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ბაზრების, კერძოდ, ......... ქარხნის ტერიტორიაზე, .......-ისა და .......-ის ქუჩებზე არსებული ბაზრების მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვის საკითხი, როგორც მოუმზადებელი; წარმოებაში იქნა მიღებული “ც-ის” წარმომადგენლის სარჩელი ბათუმის ცენტრალური ბაზრის ნაწილში.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა “ც-ის” წარმომადგენელმა ვ. ც-ემ.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარმოებაში მიიღო “ც-ის” სარჩელი, ხოლო შემდეგ, “ც-ის” შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით “ც-ის” სარჩელი განსახილველად გადაუგზავნა უფლებამოსილ _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსკ-ის 24-ე მუხლის თანახმად, ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადაგზავნილ საქმეს წარმოებაში იღებს ის სასამართლო, რომელსაც იგი გადაეგზავნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯადმა სასამართლომ კი აღარ უნდა იმსჯელოს ერთხელ უკვე წარმოებაში მიღებული სარჩელის წარმოებაში ხელახლა მიღება-არმიღებაზე, არამედ ვალდებულია, განსახილველად მიიღოს მისთვის გადაგზავნილი სარჩელი და განიხილოს იგი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გამონაკლისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც სასამართლო, რომელსაც გადაეგზავნა ადმინისტრაციული სარჩელი, სადავოდ ხდის განსჯადობას. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ზემდგომი სასამართლო. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 24-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს მისთვის გადაგზავნილი, უკვე წარმოებაში მიღებული სარჩელის განსახილველად მიღებას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, თუ სასამართლო კოლეგია მიიჩნევდა, რომ “ც-ის” სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი არ იყო მისი განსჯადი, მაშინ აღნიშნული საკითხი უნდა გადაეწყვიტა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 24-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლები.
გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებსა და ამის თაობაზე განჩინების მიღების წესს არეგულირებს სსკ-ის 186-ე, 197-ე მუხლები და არა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოყენებული სსკ-ის მე-13 და მე-15 მუხლები. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რის შესაძლებლობაც არ დაუშვა სასამართლო კოლეგიამ.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ “ც-მა” დაარღვია განსჯადობის წესები. სსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო იმავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს, ანუ “ც-ს” სრული უფლება ჰქონდა თავისი სურვილისამებრ აერჩია განსჯადი სასამართლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის მე-16 და მე-20 მუხლები.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად გააერთიანა სამი ერთმანეთისგან სამართლებრივად განსხვავებული შინაარსის განჩინება, კერძოდ, განჩინებები სასარჩელო მოთხოვნების ცალკე წარმოებად გამოყოფის, სარჩეალის წარმოებაში მიღებისა და სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სსკ-ის 182-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ განჩინება არ საჩივრდება და მას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აგრეთვე, სსკ-ის 183-ე მუხლის მიხედვით, არ საჩივრდება განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, რომელსაც მოჰყვება პირველი შემთხვევისგან განსხვავებული სამართლებრივი შედეგი, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი სტატუსის დადგენა შესაძლებელია და შესაბამისად, აღნიშნული ვერც სასამართლო კოლეგიამ დაადგინა და დაარქვა განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, თუმცა, განჩინების შინაარსიდან გამომდინარე, მისი სათაური არ ემთხვევა ამ განჩინებით წარმოშობილ სამ, სხვადასხვა სახის სამართლებრივ შედეგს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განჩინების გაუქმება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 18 აპრილის განჩინებით “ც-ის” წარმომადგენელ ვ. ც-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებულ განჩინებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი და განჩინების გასაჩივრება დაშვებულ იქნა კერძო საჩივრით; კერძო საჩივრის დანარჩენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშეEგაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არასწორია სარჩელის ნაწილის წარმოებაში მიღებაზე უარი, სარჩელის ნაწილის წარმოებაში მიღება და სარჩელის ნაწილის ცალკე წარმოებად გამოყოფა ერთ განჩინებაში იყოს მოქცეული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ კრძალავს, რომ სასამართლოს ერთი განჩინებით უარი ეთქვას სარჩელის ნაწილს წარმოებაში მიღებაზე, მიღებულ იქნეს სარჩელის სხვა ნაწილი წარმოებაში და საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყოს რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განჩინების გასაჩივრება კერძო საჩივრით დასაშვებია მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც “ც-ის” წარმომადგენელ ვ. ც-ეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ტერიტორიებზე განლაგებული ბაზრების ნაწილში სარჩელის მიღებაზე.
რაც შეეხება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განჩინების იმ ნაწილებს, რომლებითაც მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ბაზრების, კერძოდ, ....... ქარხნის ტერიტორიაზე, .........-ისა და ......-ის ქუჩებზე მდებარე ბაზრების მფლობელობიდან გამოთხოვის საკითხი, როგორც მოუმზადებელი და წარმოებაში იქნა მიღებული “ც-ის” სარჩელი ბათუმის ცენტრალური ბაზრის ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი გასაჩივრება კერძო საჩივრით დაუშვებელია, რადგანაც სსკ-ის 182-ე და 183-ე მუხლები არ ითვალისწინებს სარჩელის მიღებისა და ზოგიერთი სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ განჩინებების კერძო საჩივრით გასაჩივრებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული განჩინებები სსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეიძლება იყოს სააპელაციო და შემდეგ საკასაციო სასამართლოების განხილვის საგანი, თუნდაც მათ მიმართ დაუშვებელი ყოფილიყო კერძო საჩივრის შეტანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს მოცემული საქმიდან ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ბაზრების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფისა და ქ. ბათუმის ცენტრალური ბაზრის ნაწილში “ც-ის” სარჩელის წარმოებაში მიღების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განჩინების იმ ნაწილის გაუქმების შესახებ, რომლითაც მოსარჩელე “ც-ს” უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ტერიტორიებზე განლაგებული ბაზრების ნაწილში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე “ც-მა” ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს (ამჟამად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო), ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ქობულეთის გამგეობის მიმართ, მოპასუხეთა მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე “ც-მა” სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროსა დაქ. ბათუმის მერიის ადგილსამყოფლის მიხედვით აღძრა სარჩელი სასამართლოში. ამასთან, დაცულ იქნა სსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაც, კერძოდ, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინა ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული საქმე განსჯადობით გადაუგზავნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ თითქოს დასახელებული არ იყო არც ერთი ბაზრის მფლობელი, ვისგანაც უნდა ყოფილიყო ქონება გამოთხოვილი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა იმ მოპასუხეებზე, ვისგანაც სურდა ქონების გამოთხოვა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ და საქმის განხილვის პერიოდში შეეძლო გამოეყენებინა სსკ-ის 85-ე მუხლი და თუ მიიჩნევდა, რომ მოცემულ საქმეში არ იყო მითითებული სათანადო მოპასუხეები, მოსარჩელის თანხმობით შეეცვალა ისინი სათანადო მოპასუხეებით, ხოლო, თუ მოსარჩელე თანახმა არ იქნებოდა, გადაწყვეტილებით ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია სასამართლო კოლეგიის მოტივაცია იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ქობულეთის და ჩაქვის ბაზრები მდებარეობს ქობულეთის რაიონში, მწვანე კონცხისა და დაბა ხელვაჩაურის ბაზრები _ ხელვაჩაურის რაიონში, ხულოსა და კურორტ ბეშუმის ბაზრები _ ხულოს რაიონში, შუახევისა და ქედის ბაზრები _ შესაბამისად, შუახევისა და ქედის რაიონების ტერიტორიებზე, ამიტომ მოსარჩელეს სარჩელები უნდა წარედგინა ცალ-ცალკე ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებად მითითებული ჰყავდა აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტრო (ამჟამად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო), ქ. ბათუმის მერია, ქ. ქობულეთის გამგეობა და სწორედ ამ მოპასუხეებისგან ითხოვს ქონების გამოთხოვას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც “ც-ს” უარი ეთქვა ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ტერიტორიებზე მდებარე ბაზრების ნაწილში სარჩელის მიღებაზე და რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ სარჩელი უნდა წარედგინა ტერიტორიული პრინციპებიდან გამომდინარე, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში ქვემდებარეობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2005წ. 24 ივნისის კანონის თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით საქმეების განხილვის წესი გაუქმდა. ამასთან, “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2005წ. 23 ივნისის კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 442-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მიერ 2005წ. 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, გადაეცა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ტერიტორიებზე განთავსებული ბაზრების მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე “ც-ის” სარჩელი წარმოებაში მისაღებად უნდა გაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. “ც-ის” წარმომადგენელ ვ. ც-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 10 თებერვლის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე “ც-ს” უარი ეთქვა ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ტერიტორიებზე განლაგებული ბაზრების ნაწილში სარჩელის მიღებაზე;
3. ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს ტერიტორიებზე განთავსებული ბაზრების მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე “ც-ის” სარჩელი წარმოებაში მისაღებად გაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.