საქმე №ას-1188-2019 13 მარტი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – იბა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრები - მ.შ–ი, მ.ტ–ძე, რ.ქ–ძე, ა.თ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.შ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამხანაგობა ,,ი.ს–ე“ (შემდეგში: ამხანაგობა) დაფუძნდა 2005 წლის 24 აგვისტოს.
2. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან მ.შ–ი (შემდეგში: ამხანაგობის პირველი წევრი, პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი), მ.ტ–ძე (შემდეგში: ამხანაგობის მეორე წევრი, მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი), რ.ქ–ძე (შემდეგში: ამხანაგობის მესამე წევრი, მესამე მოპასუხე ან მესამე კასატორი) და ა.თ–ძე (შემდეგში: ამხანაგობის მეოთხე წევრი, მეოთხე მოპასუხე ან მეოთხე კასატორი).
3. ამხანაგობის თავმჯდომარეს ზ.ა–ძესა (შემდეგში: ამხანაგობის თავმჯდომარე) და ი.შ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) შორის, 2006 წლის 2 ნოემბერს, დაიდო N210 ხელშეკრულება ამხანაგობის წევრობის შესახებ (შემდეგში: ამხანაგობაში წევრად მიღების ხელშეკრულება).
4. ამხანაგობაში წევრად მიღების ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე მიიღებოდა ამხანაგობის ჩვეულებრივ წევრად. მისი უფლება-მოვალეობები კი განისაზღვრებოდა ამავე ხელშეკრულებისა და „ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის“ ხელშეკრულებით.
5. ამხანაგობაში წევრად მიღების ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს, როგორც ამხანაგობის წევრს, მიენიჭა უფლება, მიეღო წილობრივი მონაწილეობა ამხანაგობის საქმიანობაში, სახელდობრ, ქ. თბილისში, ....... მრავალსართულიანი, მრავალბინიანი შენობის (შემდეგში: მრავალბინიანი შენობა) მშენებლობაში, ხოლო ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, წილობრივი მონაწილეობისათვის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა მრავალბინიანი შენობის I კორპუსში, B ბლოკში, I სართულზე, მე-6 და მე-7 ღერძებს შორის 100მ2 ფართობის კომერციული ფართი (შემდეგში: სადავო კომერციული ფართი).
6. ამხანაგობაში წევრად მიღების ხელშეკრულება მოქმედებდა 2007 წლის აგვისტოს ბოლომდე.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ამხანაგობისა და ამხანაგობის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 წევრის მიმართ მრავალსართულიან შენობაში სადავო კომერციული ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, ამ განჩინების 3-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის საფუძველზე, რომ მოსარჩელემ 2007 წლის 7 ნოემბერს ამხანაგობაში 50 000 აშშ დოლარის შენატანი განახორციელა, ხოლო სადავო კომერციული ფართი 2007 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა გადასცემოდა საკუთრებაში. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ფართის მის საკუთრებაში გადაცემის ვადამ გადაიწია 2011 წლის 30 დეკემბრამდე, ამხანაგობა უარს აცხადებდა ვალდებულების შესრულებაზე.
8. მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მოპასუხეებმა სადავო გახადეს ამხანაგობაში წევრად მიღების ხელშეკრულების იურიდიული ძალა იმაზე მითითებით, რომ ერთი მხრივ, მასში გამოვლენილი ნება არ იყო ნამდვილი და რეალურად წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებას და, მეორე მხრივ, ამხანაგობის წევრად მიღების უფლებამოსილება გააჩნდათ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს, წევრთა 2/3-ის მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილებით და არა - ამხანაგობის თავმჯდომარეს, ერთპიროვნულად.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი სადავო კომერციული ფართის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უარყოფილი იქნა.
10. გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 327-ე, 623-ე მუხლების საფუძველზე და დაასკვნა, რომ მრავალბინიან შენობას არ გააჩნდა სადავო კომერციული ფართი, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც მოსარჩელე მოითხოვდა; სადავო ფართი არ ფიქსირდებოდა არც ამხანაგობის 2014 წლის 26 მარტის კრების ოქმში (მასზე დართულ ფართთა ნუსხაში), რომლითაც დადგინდა ამხანაგობის წევრებისათვის გადასაცემი ფართების განშლა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს: პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
13. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებულია სსკ-ის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა იმგვარი პრეზუმფციის გასავრცელებლად, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს მოსარჩელის ამხანაგობის წევრად მიღების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით „დამფუძნებელ წევრთაგან“ გააჩნდა თანხმობა. აქედან კი გამომდინარეობდა ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარესა და მოსარჩელეს შორის 2006 წლის 2 ნოემბერს ამხანაგობის სახელით დადებული გარიგება ნამდვილია, წარმოშობს იურიდიულ შედეგს - მხარეთა ორმხრივ უფლება-მოვალეობებს (სსკ-ის 50-ე, 52-ე და 327-ე მუხლები). წარმოშობილი იურიდიული შედეგი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამხანაგობაში წევრად მიღების ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს, როგორც ამხანაგობის წევრს მიენიჭა უფლება, მიეღო წილობრივი მონაწილეობა მრავალბინიანი შენობის მშენებლობაში, მისივე ვალდებულებას წარმოადგენდა „ამხანაგობაში“ საწევროს შეტანა. აღსანიშნავია, რომ ამხანაგობაში წევრად მიღების ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებმა ხელშეკრულების ძალაში შესვლა დაუკავშირეს ამხანაგობაში პირველი თანხის შეტანის თარიღს და მოქმედების ვადად განსაზღვრეს თორმეტი თვე. თანხის გადახდის გრაფიკის თანახმად, თანხის ოდენობად დადგინდა 50 000 აშშ დოლარი.
14. სალაროს შემოსავლის ორდერით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ამხანაგობას გადაურიცხა 50 000 აშშ დოლარი დანიშნულებით „კომერციული ფართის ღირებულების ნაწილის“ დაფარვა (ტ. 1. ს.ფ. 19 ). ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო კასატორების კიდევ ერთი პრეტენზიის მართებულობა, რომელიც მოსარჩელის მიერ ამხანაგობისთვის გადარიცხული 50 000 აშშ დოლარის დანიშნულებას შეეხებოდა. განსახილველ შემთხვევაში ამ საკითხის მნიშვნელობა იმითაცაა განპირობებული, რომ მოპასუხეები მითითებული თანხის მიღების განსხვავებულ სამართლებრივ საფუძველზე მიუთითებენ და განმარტავენ, რომ თანხა ამხანაგობამ მიიღო არა როგორც ფართზე საკუთრების მოპოვების სანაცვლოდ მოსარჩელის საწევრო შენატანი, არამედ, როგორც სესხი. სადავო კომერციულ ფართზე მოსარჩელისათვის საკუთრების გადაცემის დაპირება კი, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულების შესრულების „უზრუნველყოფის“ ფუნქციას ატარებდა, რის დასადასტურებლად, მოპასუხეებმა მიუთითეს მოსარჩელის მიერ მიღებულ 2000 აშშ დოლარზე, როგორც სესხის პროცენტზე.
15. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეს თანხა მიღებული აქვს, მაგრამ სადავოა მიღებული თანხის მიზნობრიობა, თანაც, თანხის მიღების მიზნობრიობა უკავშირდება ამავე მხარეთა შორის სადავოდ ქცეული სამართლებრივი ურთიერთობის - ამხანაგობის წევრად მიღების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ სამართლებრივი შედეგის (უფლება-მოვალეობები) წარმოშობას, ამასთან, თანხის გადამხდელისაგან განსხვავებულ სამართლებრივ საფუძველზე მიუთითებს თანხის მიმღები (მოვალე), მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის სასესხო სამართლებრივი ურთიერთობაა წარმოშობილი, ეკისრება შემდავებელ მხარეს, ანუ მოპასუხეს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, მე-4 და 102-ე მუხლები). აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა ამ ვალდებულების ფარგლებში მიუთითეს მხარეთა შორის 2006 წლის 7 ნოემბერს დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მოსარჩელემ ვალდებულება აიღო ამხანაგობის თავმჯდომარისათვის გადაეცა 50 000 აშშ დოლარი სესხის სახით, ერთი წლის ვადით, ხოლო ამხანაგობის თავმჯდომარემ იკისრა ვალდებულება „სესხის“ მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში გადაეხადა სესხის სარგებელი თვეში 1000 აშშ დოლარის ოდენობით (დაანგარიშების შეთანხმებული წესის შესაბამისად). თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერში მითითებული თანხის გადარიცხვის დანიშნულებაზე „კომერციული ფართის ღირებულების ნაწილის“ დაფარვა (ტ.1, ს.ფ.19) და აღნიშნავს, რომ ამ გარემოებას ვერ გააქარწყლებს მოპასუხეების მითითება, რომ მოსარჩელემ ამხანაგობისგან 2000 აშშ დოლარი მიიღო სესხის პროცენტის სახით. ამასთან, საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება გამყარებულია იმ გარემოებითაც, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო უფრო ადრე - 2 ნოემბერს და თანხაც გადახდილ იქნა ამავე დღეს, ხოლო 2006 წლის 7 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, ამხანაგობისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება განსახილველ საქმეში არ არსებობს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სესხის ხელშეკრულების არარსებობისა და სასესხო ურთიერთობის რეალური ბუნების (სსკ-ის 623-ე მუხლი) გათვალისწინებით, მტკიცების საგანში შედის მიღებული თანხის მიზნობრიობის მტკიცების ვალდებულებაც.
16. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხის შედავება წარიმართა სადავო თანხის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხვის კუთხით, ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთიც მასვე ეკისრებოდა, თუმცა ამ მიმართულებით მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ვალდებულების ჯეროვანი რეალიზება და სასამართლოს დარწმუნება (სსკ-ის 105-ე მუხლი), რადგან გადახდილი თანხის დანიშნულება („კომერციული ფართის ღირებულების ნაწილის“ დაფარვა - ტ.1. ს.ფ.19) და თანხის შეტანის თარიღი სხვა დასკვნის საფუძველს წარმოშობს (სესხის სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურების განმარტებისათვის შდრ: სუსგ-ს განჩინება, №ას-819-767-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი).
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა დაეკისრათ.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, სადავო ხელშეკრულებების შესაბამისად, მოსარჩელის ნება მოიცავდა ამხანაგობაში უძრავი ქონების შეძენას და მან თანხა ამხანაგობის თავმჯდომარეს, სწორედ, ამ მიზნით გადასცა. 2006 წლის 7 ნოემბრის ე.წ. „სესხის“ ხელშეკრულების მიზანს კი, 2006 წლის 2 ნოემბრის N210 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფა წარმოადგენდა, რაც ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე მიუთითებს.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი შემთხვევა არ ექცევა სსსკ-ის 253-ე მუხლის მოწესრიგების სფეროში, რადგან დავის საგანზე აღსრულების მიქცევა გადაწყვეტილების გამოტანის დროს კი არ აღმოჩნდა შეუძლებელი, არამედ ქონება - სადავო ფართი საერთოდ არ არსებობდა დავის განხილვის პერიოდშიც. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესით და თუ მოსარჩელე აპელანტი უარს განაცხადება ნივთის ნატურით მიკუთვნების ნაცვლად, მის ფულად ანაზღაურებაზე, ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთის ნაცვლად მისი ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელეს ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე და ამისათვის მოპასუხის თანხმობა საჭირო არაა.)
20. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, 50 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა სადავო ქონების არარსებობის გათვალისწინებით.
21. განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ ამხანგობის მიმართ შესრულებულია ფულადი ვალდებულება - გადახდილია 50 000 აშშ დოლარი და მას დღემდე არ მიუღია საპასუხო შესრულება (100 კვ.მ. კომერციული ფართი). შესაბამისად, მოსარჩელეს 50 000 აშშ დოლარის ზიანი მიადგა.
22. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
23. კასატორთა განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად არის დადგენილი, არის ახალი არსებითი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც მანამდე კასატორებისათვის არ იყო ცნობილი, რაც შესაბამისად არ არის შეფასებული ერთობლიობაში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ამხანაგობის დამფუძნებელი მოპასუხე წევრების მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების შესახებ იმ პირობებში, როდესაც თანხა გადაცემული ჰქონდა ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარისათვის და მისი ამხანაგობის ინტერესებისათვის მოხმარება არ დასტურდება, ამასთან, არასწორად გამოიყენა და განმარტა სსსკ-ის 83-ე მუხლი, რადგან მისი შინაარსი და ზიანის ანაზღაურების შესახებ ნორმები არ შეიძლება ერთობლიობაში იყოს გამოყენებული იმ მოცემულობაში, რაც საქმეშია. კასატორთა მტკიცებით, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი იმ დოკუმენტების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამხანაგობის ყოფილ თავმჯდომარეს და მოსარჩელეს შორის არსებობდა არა ნარდობის, ანდა ამხანაგობის ხელშეკრულება, არამედ სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობა და ამ ურთიერთობის შედეგად, გარდა საქმეზე დართული 2000 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებლისა, აპელანტს მიღებული აქვს 25 000 აშშ დოლარი სარგებლის სახით; ამ გარემოების გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
24. კასატორთა განმარტებით, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ განმეორებით ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი დოკუმენტი, როდესაც გაეცნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს გამომძიებელის ქ.თ–ის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე დასტურდება, რომ ამხანაგობის ყოფილ თავმჯდომარეს ზ.ა–ძესა და მოსარჩელეს შორის ნამდვილად არსებობდა სასესხო ხელშეკრულება და 2009 წლის ჩათვლით (ანუ ზ.ა–ძის თვმჯდომარეობამდე) მას, სარგებლის სახით, მიღებული აქვს სულ 27 000 აშშ დოლარი (2000 აშშ დოლარი სალაროს გასავალის ორდერით რაც წინამდებარე საქმეს ერთვის + 25 თვის პროცენტი ჟურნალში ხელისმოწერით, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს). წლების განმავლობაში საპროცენტო სარგებლის მიღების შესახებ გარემოება მოსარჩელეს აღიარებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოებმა პირველი ისნტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, არ გაიზიარეს და 2000 აშშ დოლარიანი სალაროს გასავლის ორდერის მიუხედავად, რაც სწორედ სარგებელს წარმოადგენდა სესხისათვის,;თუმცა, ეს მტკიცებულება სასამართლოებმა არ მიიჩნიეს საკმარის მტკიცებულებად ამ ურთიერთობის დასადასტურებლად, სადავო სამართალურთიერთობა მაინც ნარდობის თუ ამხანაგობის ხელშეკრულებად შეფასდა.
25. კასატორებმა საქმეზე მტკიცებულებათა დართვა იშუამდგომლეს და განმარტეს, რომ ამ დოკუმენტებით/მიმოწერით დასტურდება, რომ მოსარჩელემ როდესაც სარჩელი აღძრა კასატორების წინააღმდეგ, ამხანაგობის პირველმა წევრმა, 2015 წლის 5 დეკემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს გამომძიებელს ქ.თ–ს და დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა მოსარჩელის დაკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტები, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებდა ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის ზ.ა–ძისათვის 50 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის გადაცემას და 27 თვის საპროცენტო სარგებლის მიღებას, გამომძიებელმა კასატორს არ გადასცაშესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რის გამოც მხარემ ვერ შეძელო სათანადო დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარდგენა, ხოლო სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა არ გაიზიარეს სალაროს გასავლის ორდერი სესხის ხელშეკრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რის გამოც მიღებულ იქნა კასატორების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის ზემოხსენებული ჩვენების, ასევე, სესხის პროცენტის ჟურნალებში მოსარჩელისა და მისი შვილის ხელისმოწერის შესახებ ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი, არ გაუქმდებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება;
26. საკასაციო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს გამომძიებელის ქ.თ–ის წარმოებაში არსებული #92070793 საქმიდან გამოთხოვილ იქნეს დაზარალებული მოსარჩელის 2012 წლის 12 მარტის ჩვენება და მასზე დართული დოკუმენტები, ზ.ა–ძის ნაწარმოები ჟურნალები მოსარჩელისა და მისი შვილის - მ.შ–ძის ხელისმოწერებით, სესხის სარგებელის მიღების შესახებ.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობის წევრთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
33. საკასაციო სასამართლო უპირველესად იმას აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებაში ასახული მითითებების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 13-16 პუნქტები). საკასაციო სასამართლოს დასახელებული კანონიერ ძალაში შესული (სსსკ-ის 264.3-ე მუხლი) განჩინებით დადასტურებულია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარესა და მოსარჩელეს შორის, 2006 წლის 2 ნოემბერს, გაფორმებული ხელშეკრულებით ამხანაგობამ სადავო კომერციული ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა ივალდებულა, ხოლო საპასუხოდ მოსარჩელემ ამხანაგობას კომერციული ფართის ღირებულების ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი გადაიხადა ხელშეკრულების დადების დღესვე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დასახელებული თანხა გადახდილია, თუმცა მოსარჩელეს სადავო კომერციული ფართი არ მიუღია. სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად იმ დასაბუთებით დაუბრუნდა, რომ დადგენილიყო სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც სადავო კომერციული ფართის გადაცემას შეეხებოდა იმ პირობებში, როდესაც ასეთი ფართი არ არსებობდა, თუ მოთხოვნილი ნივთის ნაცვლად მისი ღირებულების ანაზღაურებას.
34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 629.2 (თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
35. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის 100 კვ.მ კომერციული ფართის გადაცემა შეუძლებელია, მოსარჩელეს მართებულად მიეცა ზიანის სახით ამ ქონებისათვის, მის მიერ წინასწარ გადახდილი, ფულადი ანაზღაურება - 50 000 აშშ დოლარი. აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (შეად. სუსგ-ებს: N ას-167-163-2016, 01.07.2016 წ., N ას-1962-2018, 26.03.2019 წ.).
36. საკასაციო სასამართლო კასატორთა შუამდგომლობას, ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვისა და გაზიარების შესახებ, უარყოფს და განმარტავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ ხდება ახალი მტკიცებულებების მიღება, რაც საკასაციო სამართალწარმოების საფუძველზე გასაჩივრებული სასამართლო აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საპროცესოსამართლებრივ სპეფიფიკურობას ეფუძნება (სსსკ-ის 399-ე, 404-ე, 407-ე მუხლები). ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია განემარტოს კასატორს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული ძალა არ გააჩნიათ. სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება და იურიდიული შედეგები შეფასებული და გადაწყვეტილია მიმდინარე სამოქალაქო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე.
37. საკასაციო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლეს დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლიათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თავიანთი მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებლობა, რაც საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
38. განსახილველ შემთხვევაში კასატორებს ევალებოდათ სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის გადახდა, მათ სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 3 000 ლარი გადაიხადეს, ხოლო დარჩენილი ნახევარი - 3 000 ლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდათ. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. იქედან გამომდინარე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, სახელმწიფო ბიუჯეტში საკასაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის 30 % უნდა დარჩეს, რაც განსახილველ შემთხვევაში 1 800 ლარია (6000 ლ*30%=1800 ლ). ვინაიდან კასატორებმა წინასწარ მხოლოდ 3 000 ლარი გადაიხადეს და დარჩენილი ნაწილი გადაუვადდათ, მათ გადახდილი ბაჟის 40 % ანუ 1 200 ლარი უნდა დაუბრუნდეთ, რადგან 1 800 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს (3000ლ-1200ლ=1800ლ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იბა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრების - მ.შ–ის, მ.ტ–ძის, რ.ქ–ძის და ა.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. იბა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრებს - მ.შ–ს, მ.ტ–ძეს, რ.ქ–ძეს და ა.თ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.მ–ის (პ/ნ......) მიერ ნაწილობრივ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 და 2700 ლარის (საგადახდო დავალება N8634265483, გადახდის თარიღი 2019 წლის 4 ნოემბერი და საგადახდო დავალება N881051585, გადახდის თარიღი 2019 წლის 14 დეკემბერი), 40% –1200 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე