საქმე №ას-1003-2020 30 ნოემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ.ჭ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ გ.ჭ–ძის სარჩელის გამო, ლ.ზ–ძის მიმართ, უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯისა და ნასყიდობის საზღაურის, ასევე, გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე, ლ.ზ–ძის შეგებებული სარჩელის გამო, გ.ჭ–ძის მიმართ, უძრავი ქონების ვინდიცირების, ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო ხარჯებისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ქონების ფლობის გამო თანხის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
გ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი ამ ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, ხოლო, ნაწილობრივ მას უარი უნდა ეთქვას მიღებაზე შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ.ზ–ძეს გ.ჭ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფძველზე გადახდილი თანხის _ 9 000 აშშ დოლარის დაბრუნება, ხოლო, ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის _ 23 917,4 ლარის ლ.ზ–თვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში თავდაპირველი სარჩელი უარყოფილ იქნა. ამავე გადაწყვეტილებით გ.ჭ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და ლ.ზ–ძეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა უძრავი ქონება (გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი), მასვე შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის საგნის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ხარჯის გადახდა, რომელიც გაიქვითა გ.ჭ–თვის გადასახდელ 9 000 აშშ დოლარში და ამ უკანასკნელის ვალდებულება განისაზღვრა 26 016,42 ლარით, მასვე ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კრედიტორის ნების მისვლიდან _ 2019 წლის 6 ივლისიდან უძრავი ქონების დაბრუნებამდე ყოველთვიურად დაეკისრა 630 აშშ დოლარის გადახდა. ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით. ხსენებულ განჩინებას არ ეთანხმება გ.ჭ–ძე და საკასაციო საჩვრით მოითხოვს მის გაუქმებას, ასევე, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო, შეგებებული სარჩელის უარყოფას.
ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, საკასაციო პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1395.87 ლარისა და 409.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით საკასაციო პალატამ, ფაქტობრივი საფუძლების არარსებობის გამო არ გაიზიარა კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, პალატამ განუმარტა მხარეს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების/მისი გადახდისაგან მხარის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა არა ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა, რომელიც ზედმიწევნითაა ცნობილი საკასაციო სასამართლოსათვის, არამედ მხარის ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც დადასტურებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი მტკიცებულებებით.
სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 20 (ოცი) დღით გაგრძელების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რასაც ემატება კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისი. საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გ.ჭ–ძის წარმომადგენლის მ.ღ–ას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ.ჭ–ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1395.87 ლარისა და 409.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელსაც ერთვის სახელმწიფო ბაჟის _ 1 396 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კასატორი შუამდგომლობს ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 409,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობა ემყარება კვლავ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს და აღნიშნულია, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შემცირდა კასატორის მატერიალური სახსრები, რის გამოც, მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის ამ ეტაპზე გადახდა, ამასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელმისაწვდომობა სასამართლოზე, მხარე მოითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატა მხარეთა პრეტენზიების ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ კასატორის მოთხოვნების კონკრეტულ ფარგლებს მოწინააღმდეგე მხარისათვის ბინის რემონტზე გაწეული ხარჯის _ 23 917,4 ლარის დაკისრება, ასევე, 26 016,42 ლარისა და 2019 წლის 6 ივლისიდან უძრავი ქონების გათავისუფლებამდე თვეში 630 აშშ დოლარის გადახდისაგან კასატორის გათავისუფლება წარმოადგენს (9 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებულია, ხოლო, ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა, რომელიც გამორიცხავდა ამ თანხის დაბრუნებას არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას რაც შეეხება ვინდიცირებას, ამ ქონების შესაძენად გადახდილი თანხის კასატორისათვის, როგორც მყიდველისათვის დაბრუნების მოთხოვნით ის ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლისა და ორმხრივი რესტიტუციის საკითხს სადავოდ არ ხდის). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 23 917,4 ლარისა და 26 016,42 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, საჩივარი უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვროს ვადა 5 (ხუთი) დღით, ამასთანავე, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დასაშვებობის საკითხს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა განიხილავს მხარეთა დასწრების გარეშე.
რაც შეეხება 2019 წლის 6 ივლისიდან ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის დაკისრების კანონიერებას, ამ ნაწილში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის საფუძველზე, მისი პრეტენზიები განუხილველად დატოვებას ექვემდებარება. პალატა კვლავ განუმარტავს კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე-48-ე მუხლების ფარგლებში დადგენილია რა სასამართლო ხელმისწვდომობის იმგვარი გარანტიები, როგორიცაა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება, ამ გარანტიათა გამოყენება დამოკიდებულია მხარის ქონებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია სარწმუნო მტკიცებულებები წარუდგინოს სასამართლოს, რომელთა ანალიზი მიიყვანს მოსამართლეს დასკვნამდე, რომ მხარეს მართალც არ გააჩნია საკმარისი მატერიალრი სახსრები სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის. პალატა კვლავ ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, ისე _ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკითა და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული საპროცესო შეღავათების ერთ-ერთი მხარის მიმართ გავრცელებისათვის სავალდებულოა მტკიცებულებებით დადასტურდეს ამ მხარის ქონებრივი მდგომარეობა. ამგვარი მტკიცებულებები კასატორს, მიუხედავად საკასაციო პალატის ამომწურავი განმარტებისა, არ წარმოუდგენია, რაც შეეხება პანდემიას, იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით გათვალისწინებულ საყოველთაოდ ცნობილ გარემოებას წარმოადგენს და არ საჭიროებს მტკიცებას, თუმცა, ამ პანდემიის გავლენა კასატორის ქონებრივ მდგომაროებაზე იმგვარად, რომ მას შეუმცირდა შემოსავალი/მან დაკარგა შემოსავლის წყარო, არ არის დადასტურებული კონკრეტული მტკიცებულებით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ არსებობს პანდემია, ცალკე აღებული ვერ გახდება შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, პალატა უარყოფს კასატორის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 409,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდუს გადავადების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ხარვეზი არ არის გამოსწორებული, გარდა ამისა, სასამართლომ ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობა ერთხელ უკვე არ დაკმაყოფილა, რაც გამორიცხავს მხარის მოლოდინს ამ შუამდგომლობის გაზიარების თაობაზე. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელებისათვის არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლი) განსაზრვრული წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 63-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი _ 409,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ამასთანავე, პალატამ უარყო მისი შუამდგომლობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 6 ივლისიდან ქონების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაბრუნებამდე ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 48-ე, 63-ე, 284-ე, 396-ე, მე-400, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ჭ–ძის შუამდგომლობა სახელმწოფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 409,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
2. გ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი ლ.ზ–ძის სასარგებლოდ 2019 წლის 6 ივლისიდან უძრავი ქონების დაბრუნებამდე ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად, ხოლო, დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში მიღებულ იქნას წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებად.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში (არა უგვიანეს 2021 წლის 28 თებერვლისა) მხარეთა დასწრების გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე