საქმე №ას-71-2019 24 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ე.ლ.ქ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ბ.ე.ლ.ქ.მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 40 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში კ.ს–ძის მეშვეობით მოპასუხე დაუკავშირდა მოსარჩელეს და სთხოვა იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევა შპს „დ–თან“ წარმოებულ დავაში, რომელსაც ჰქონდა მისი ვალი 400 000 აშშ დოლარი. 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის შესახებ. მოპასუხე, ხელშეკრულების პირობების დარღვევით, მოსარჩელე მხარის გვერდის ავლით და მასთან შეუთანხმებლად, მოურიგდა შპს „დ–ს“, რომ უარს იტყოდა სარჩელზე, გაუქმდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სანაცვლოდ მიიღებდა ძირითად თანხას _ 400 000 აშშ დოლარს მიუღებელი შემოსავლის გარდა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მოპასუხემ 2015 წლის 2 თებერვალს განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. მოვალემ პირადად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეწყვეტის შემდეგ მიიღო შეპირებული თანხა 400 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ საკუთარი ინიციატივით მოშალა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება, რის გამოც წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მოსარჩელეს გადაუხადოს დავის საგნის ღირებულების 10% _ 40 000 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა ყალბია, საჭიროა მისი ნამდვილობის დადგენა. მხარეთა შორის ხელშეკრულება არც წერილობით და არც ზეპირი ფორმით არ გაფორმებულა. მნიშვნელოვანია, რომ ხელმოუწერელია ხელშეკრულების პირველი ორი გვერდი, სადაც გაწერილია ხელშეკრულების ყველაზე კაბალური პირობები. რაც შეეხება მოსარჩელის შეთანხმებას ადვოკატ გ.ქ–თან, მას შემდეგ რაც სხვადასხვა მიზეზის გამო აღმოჩნდა, რომ წარდგენილი სარჩელი საფრთხის შემცველი იყო მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესებისათვის, მოვალე შეუთანხმდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომ გამოითხოვდა სარჩელს და მოსარჩელე მიიღებდა ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსათვის, რაც გამოიხატა სარჩელისა და უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების მომზადებაში. მოგვიანებით მოსარჩელემ, გაუგებარი მიზეზების გამო, ყოვლად უსაფუძვლოდ შეიცვალა პოზიცია, უარი თქვა შეთანხმებულ თანხაზე და მოითხოვა 40 000 აშშ დოლარის ანაზღაურება იმ პირობებში, როდესაც შპს „დ–ს“ დავალიანება დღემდე არ აუნაზღაურებია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა (მოპასუხე) მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო, მეორე აპელანტმა (მოსარჩელე) _ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩვრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა. მოგვიანებით კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის VI განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც დაწყებულია გამოძიება სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე და იშუამდგომლა სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოპასუხემ 2014 წლის 9 დეკემბერს სანოტარო წესით გასცა მინდობილობა, რომლითაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა გ. ქ–სა და დ.კ–ს;
1.2.2. 2014 წლის 30 დეკემბერს გ.ქ–მა და დ.კ–მა, როგორც მოპასუხის წარმომადგენლებმა შპს „დ–ის“ მიმართ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის 400 000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის _ 43 332.9 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენდა. აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 დეკემბერის განჩინებით ყადაღა დაედო შპს „ტ.პ–ას“ საწესდებო კაპიტალში შპს „დ–ის“ კუთვნილ 85%-იან წილს, ამასთანვე, შპს „დ–ის“ შპს „ტ.პ–ას“ 85%-იანი წილის მფლობელს აეკრძალა შპს „ტ.პ–ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა (მდებარე ქ.თბილისში, ..... (ნაკკ. ....) ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო. დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 1, მშენებარე საერთო ფართით 1385 კვ.მ-დან 1321.53 კვ.მ. საკადასტრო კოდი N ....). 2015 წლის 8 იანვარს აღნიშნული განჩინება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის სარეგისტრაციო ხარჯებიც გაიღო მოსარჩელემ;
1.2.3. 2015 წლის 28 იანვარს მოპასუხის წარმომადგენელმა გ.ქ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შპს „დ–ისთვის“ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი;
1.2.4. 2015 წლის 2 თებერვალს მოვალემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და უარი განაცხადა შპს „დ–ის“ მიმართ აღძრულ სარჩელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით განმაცხდებელმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272- ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება;
1.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვალის განჩინებით შპს „დ–ის“ საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა. ამავე დღეს სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც ნ.გ–ის სარჩელზე შპს „დ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ შეწყდა საქმის წარმოება, განჩინებას საფუძვლად დაედო ნ.გ–ის 2015 წლის 2 თებერვლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ;
1.2.6. განსახილველი სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მიუთითებს კომპანიასთან გარიგების არარსებობაზე, კერძოდ, მოპასუხის მტკიცებით, 2014 წლის 15 დეკემბერს იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და შესაბამისად, სარჩელში მითითებული ოდენობით მოსარჩელის მიმართ ჰონორარის გადახდის ვალდებულებაც არ წარმოშობია. სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არანამდვილობის დადასტურების მიზნით მოპასუხემ ექსპერტიზის დასკვნებზე მიუთითა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ივნისის #003274716 დასკვნის მიხედვით, კითხვაზე: „2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე მომსახურების შესახებ, ხელმოწერა ნ.გ–ის სახელით შესრულებულია თუ არა ნ.გ–ის მიერ?“, ექსპერტმა უპასუხა შემდეგი: „გადაწყვეტა საკითხისა ხელმოწერა, ნ.გ–ის სახელით, განლაგებული ხელშეკრულებაზე, იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე, 2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით, მეხუთე გვერდზე, გრაფაში: „დამკვეთის ხელმოწერა“ შესრულებულია თუ არა ნ.გ–ის მიერ შეუძლებელია, გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 25 ივლისის #03-ე-16 დასკვნის მიხედვით, ნ.გ–ის მიერ ექსპერტისთვის დასმულ კითხვაზე: „2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ მომსახურების ხელშეკრულებაზე გაკეთებული ხელმოწერა ნ.გ–ის სახელით შესრულებულია თუ არა ნ.გ–ის მიერ?“, ექსპერტმა უპასუხა შემდეგი: „2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ „იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე“ ორმხრივ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ნ.გ–ის გვარი სავარაუდოდ შესრულებულია არა ნუნუ გ–ის, არამედ სხვა პირის მიერ. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ გამოსაკვლევ ხელმოწერაში გრაფიკული მასალის სიმცირის გამო განსხვავებითი ნიშნების ერთობლიობა საკმარისია მხოლოდ სავარაუდო უარყოფითი დასკვნისთვის. ამდენად, ვერც ერთ ზემოთ დასახელებულ დასკვნაში ექსპერტი დასმულ შეკითხვას ვერ სცემს ზუსტ პასუხს, გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივ აგებულებაზე, გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირეზე და გრაფიკული მასალის სიმცირეზე მითითებით. მოპასუხე სადავოდ არ ხდის გ.ქ–თან და დ.კ–თან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს და განმარტავს, რომ სარჩელზე უარის თქმის შემდეგ მათ შორის შედგა შეთანხმება უკვე გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ;
1.2.7. წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესრიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გ.ქ–ია, ამავე საზოგადოების პარტნიორები არიან გ.ქ–ი და დ.კ–ი.
1.2.8. მოპასუხემ, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სარჩელზე უარის თქმის შემდეგ გ.ქ–ს უკვე გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე შეუთანხმდა, რასაც ეს უკანასკნელი არ დაეთახმა, ვერ წარადგინა სარწმუნო მტკიცებულება და ვერც ის გარემოება დაადასტურა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა არა კომპანიასთან, არამედ _ გ.ქ–თან და დ.კ–თან;
1.2.9. მხარეთა შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს ანაზღაურების წესი და პირობები. 4.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრა 100 ლარით, რომელიც სრულად იყო გადახდილი დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე. 4.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შთანხმდნენ, რომ დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდიდა პრემიას 10%-ის ოდენობით იმ თანხებიდან ან/და სხვა მატერიალური ქონებიდან, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად უნდა მიეღო დამკვეთს ან რომელთა გადახდისგან იგი გათავისუფლდებოდა. 4.6. პუნქტით დამკვეთის მიერ მოწინააღმდეგე მხარესთან (საპროცესო ოპონენტთან) მორიგების, ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, დამკვეთის ვალდებულებად განისაზღვრა შემსრულებლისთვის ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასურის სრულად გადახადა;
1.2.10. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა მოპასუხის მიერ შპს „დ–ისგან“ 400 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. სადავო გარემოება ვერც სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს სარწმუნოდ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს ევალება მოთხოვნის განმაპირობებელი შემდეგი ფაქტების მითითება/დამტკიცება (შესაგებელში გამოთქმული შედავებების გათვალისწინებით): მხარეთა შორის დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, დავალების სასყიდლიანი ხასიათი, მარწმუნებლის მხრიდან საზღაურის გადაუხდელობა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ დავალების ხელშეკრულების სიყალბის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო კვლევები არ იძლევა კატეგორიულ დასკვნას ხელმოწერის სიყალბის თაობაზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი), შესაბამისად, საპირისპიროს დამტკიცებამდე წერილობითი დოკუმენტის ნამდვილობა პორეზუმირებულია. ასეც რომ არ იყოს, უდავოა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირისა და მისი პარტნიორის სახელზე გაცემულია მინდობილობა (იხ. სკ-ის 107.1 მუხლი, ასევე, სსსკ-ის 96.1 მუხლი), ამასთანავე, მინდობილი პირების მხრიდან განხორციელდა მოვალის სასარგებლოდ გარკვეული საპროცესო მოქმედებები, რაც წერილობითი ხელშეკრულების ბათილობის/მისი არარსებობის პირობებშიც კი, პრეზუმირებულს ხდის მხარეთა შორის ზეპირი დავალების ხელშეკრულების არსებობას, რომელიც ფორმათავისუფალი გარიგებაა. ამ ვითარებაში კი, სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში ნიხრის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უნდა განისაზღვროს (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა). უდავოა, რომ შპს „დ–ის“ მიმართ დაწყებული დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 400 000 აშშ დოლარს (სსსკ-ის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), რომლის 4%-ს არ აღემატემა კასატორისათვის დაკისრებული თანხა, ამასთანავე, სარჩელის აღძვრის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისა და მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების შესახებ საპროცესო მოქმედებების შესრულების პირობებში დაკისრებული თანხა წარმოადგენს სამართლიან ოდენობას. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღურის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობა:
საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ შესაძლო ყალბი დოკუმენტის გამოყენების თაობაზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება. საკასაციო პალატა უარყოფს შუამდგომლობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს საქმის წარმოების შეჩერების ორ შემთხვევას, კერძოდ, 279-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს სასამართლოს ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილი ერთ-ერთი ან რამდენიმე შემთხვევის არსებობისას შეაჩეროს საქმის წარმოება, რაც შეეხება 280-ე მუხლს, მასში მოცემული გარემოებების არსებობისას სასამართლო მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წყვეტს შეაჩეროს თუ არა განხილვა. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მიიჩნევს შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას, რაც არც ერთი ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების საპროცესო წინაპირობა არ არის. ამდენად, პალატა შუამდგომლობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და არ აკმაყოფილებს მას.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და წარმოადგინა მტკიცებულებები, ასევე, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე. პალატა ურყოფს მხარეთა შუამდგომლობებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, არამედ, პრეტენზიათა საფუძვლიანობა სასამართლოს მხრიდან მოწმდება საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომ სასამართლოებში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების სწორად შეფასების თვალსაზრით. ამ გარემოებიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს მტკიცებულებათა მიღებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დოკუმენტებს უბრუნებს მათ წარმომდგენებს.
4. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.ღ–ას მიერ 11.02.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 665 ლარის 70% _ 465,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 279-ე, 280-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორს დაუბრუნდეს 2019 წლის 17 ოქტომბრის #ა-4693-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 6 (ექვსი) ფურცლად, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარეს _ 2019 წლის 24 ოქტომბრის #ა-4859-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 21 (ოცდაერთი) ფურცლად.
4. ნ.გ–ს (პ/#0.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ღ–ას მიერ 11.02.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 665 ლარის 70% _ 465,5 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი