Facebook Twitter

საქმე №ას-197-2020

16 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს „მ–ი“, შპს „ო–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ჯ.გ.დ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - მ.დ–ძე, შპს „ე–ა“, გ.ზ–ა, გ. დ–ძე, რ.ბ–ძე, შპს „პ.“, გ.კ–ი

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - სს „ტ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სესხის ძრითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთების იძულებით რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2013 წლის 5 ივლისს განუსაზღვრელი ვადით გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, მ.დ–ძეს, როგორც „მინდობილ პირს“, შპს „მ–ის“ დირექტორის, ქ.დ–ძის, როგორც „მიმნდობის“ მიერ, მიენიჭა შემდეგი სახის უფლებამოსილება: „მინდობილი პირი უფლებამოსილია გახსნას საზოგადოების ანგარიშები საქართველოს ნებისმიერ ბანკში, კერძოდ: შეიტანოს და გამოიტანოს თანხები, მოახდინოს გადარიცხვები, ისარგებლოს ინტერნეტბანკინგით და აწარმოოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია... „მიმნდობის“ სახელით მონაწილეობა მიიღოს შპს „მ–ის“ პარტნიორთა კრების მუშაობაში ხმის უფლებით, მიიღოს გადაწყვეტილებები, ხელი მოაწეროს პარტნიორთა კრების ოქმებს, ხელი მოაწეროს ყველა ხელშეკრულებას, შეთანხმებასა და დოკუმენტს... „მინდობილი პირი“ ასევე უფლებამოსილია მართოს და განკარგოს საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონება, და ქონებასთან დაკავშირებით დადოს კანონით ნებადართული ყველა გარიგება, კერძოდ: იყიდოს, გაყიდოს, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გაცვალოს, იპოთეკით დატვირთოს, მოხსნას იპოთეკა, დააგირაოს, მიიღოს გირაოდ და საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვოს თანხები, ვადები და სხვა პირობები. აწარმოოს ანგარიშსწორებები დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, დაარეგისტრიროს იგი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებში, ხელზე მიიღოს დარეგისტრირებული დოკუმენტები. ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოს და დაიცვას „მიმნდობის“ ინტერესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან“.

2. 2015 წლის 30 ნოემბერს, ერთი მხრივ, სს „კ.ბ–სა“ და, მეორე მხრივ, შპს „მ–ს“, შპს „ე–ას“ (წარმოდგენილი მ.დ–ძის სახით) და მ.დ–ძეს შორის გაფორმდა საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #32.0314507.001 გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც დადგინდა მსესხებელთა მხრიდან საბანკო პროდუქტების (საბანკო კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი და ა.შ) მიღების წესი, შეთანხმდა სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი პირობები და ფინანსირების პრინციპები. აღნიშნული ხელშეკრულებით საკრედიტო რესურსის ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით, ხოლო ვადა 2035 წლის 11 ნოემბრამდე, არანაკლებ წლიური 1%-ისა და არაუმეტეს 36% სარგებლის დარიცხვის პირობით.

3. 2015 წლის 30 ნოემბერს საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სს „კ.ბ–სა“ და შპს „მ–ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება/საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება #32.0314507.001-001, რომლის საფუძველზე, მსესხებელმა კრედიტის სახით მიიღო 500 000 აშშ დოლარი, 2024 წლის 1 აპრილამდე, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.

4. საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კ.ბ–სა“ და შპს „მ–ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (#32.0314507.001/01), რომლის საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბორჯომის რაიონი, დაბა ......., (ს/კ ......).

5. 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, ბანკმა შპს „ო–თან“ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება #32.0314507.001/02, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა შპს „ო–ის“ საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთი მდებარე 1) ქ. თბილისი, ..... ((გამაჯანსაღებელი ცენტრი) ს/კ .....) და 2) ქ. თბილისი, ...... (ყოფ. მდ. ვერეს მარჯვენა სანაპიროზე, ...... მიმდებარედ, ს/კ .......).

6. საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებები უზრუნველყოფილი იქნა ასევე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით. 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კ.ბ–სა“ და შპს „მ–ს“ შორის გაფორმდა #32.0314507.001/05 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „მ–მა“ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კ.ბ–ის“ მიმართ. თავდებობის ხელშეკრულებებით თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით.

7. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული პერიოდულობით.

8. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანახმდა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

9. აქციონერთა საერთო კრების 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სს „კ.ბ–ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა სს „ტ–ი“ (შემდგომში „ბანკი“).

10. მსესხებლებმა - მ.დ–ძემ, შპს „მ–მა“ და შპს „ე–ამ“ დაარღვიეს საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2016 წლის 11 აგვისტოდან ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება მსესხებელთა მხრიდან გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო.

11. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის (11.08.2016წ.) ბანკის მიმართ მოპასუხეებს ერიცხებოდათ შემდეგი დავალიანება:

#32.0314508.001 ხელშეკრულების ფარგლებში 482 491,64 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი თანხა 434 807,60 აშშ დოლარი და სარგებელი 47 684,04 აშშ დოლარი), 2017 წლის 23 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური სარგებელი 4348,08 აშშ დოლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო 870 აშშ დოლარი.

#32.0314507.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ერიცხებოდათ დავალიანება - 519 811,67 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი თანხა - 470 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 49 811.67 აშშ დოლარი). ასევე 2017 წლის 23 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური სარგებელი 4700 აშშ დოლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო 940 აშშ დოლარი.

#32.0314507.001-002 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა 23269,19 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხა -21 184,02 აშშ დოლარი და პროცენტი 2085,17 აშშ დოლარი). ასევე 2017 წლის 23 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 212 აშშ დოლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო 42 აშშ დოლარი.

12. 2016 წლის 27 დეკემბერს ბანკსა და სს „ს.ჯ.გ.დ.ს“ შორის გაფორმდა ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #32.0314507.001 გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული #32.0314508.001, #32.0314507.001-001, #32.0314507.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, აგრეთვე აღნიშნულ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები გადაეცა სს „ს.ჯ.გ.დ.ს“.

13. 2016 წლის 27 დეკემბრის ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების თარიღის მდგომარეობით მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო 925 992 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული პროცენტი - 74 008 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს თანხა ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში არ აისახა ბანკის მიერ მოვალეებისთვის უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს პატიების გამო.

14. 2016 წლის 27 დეკემბრის ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თაობაზე წერილობით ეცნობათ მ.დ–ძეს, შპს „მ–ს“, შპს „ე–ას“, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „პ.ს“, გ.კ–სა და შპს „ო–ს“ (შემდგომში „მოპასუხეები“)

15. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ს.ჯ.გ.დ.მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ნივთების იძულებით რეალიზაციის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

15.1 ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ 2016 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 30 ნოემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #32.0314507.001 გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული #32.0314507.001-001, #32.0314507.001/05, #32.0314507.001/02 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, აგრეთვე აღნიშნულ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები გადაეცა მოსარჩელეს, რის თაობაზეც ბანკმა 2017 წლის 4 იანვრის წერილებით აცნობა მსესხებლებს, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეებს და სოლიდარულად თავდებ პირებს.

15.2 2016 წლის 17 მარტიდან მოპასუხე მ.დ–ძემ დაარღვია 2016 წლის 2 თებერვალს შეთანხმებული განახლებული გრაფიკით განსაზღვრული ვადისა და ოდენობის შესაბამისად სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის პირობები და სარჩელის შეტანის დროისთვის მისი დავალიანება შეადგენს 482 491.64 აშშ დოლარს. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, დამატებით მ.დ–ძეს ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ერიცხება საპროცენტო სარგებელი, რაც შეადგენს თვეში 4 348.08 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 870 აშშ დოლარს, რომელიც დაირიცხება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

15.3 დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314507.001/001 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე შპს „მ–მა“ დაარღვია 2015 წლის 3 დეკემბრის განახლებული გრაფიკით განსაზღვრული ვადისა და ოდენობის შესაბამისად სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდის პირობები 2016 წლის 17 თებერვლიდან, ხოლო 2016 წლის 30 მაისიდან სერთოდ შეწყვიტა როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე დარიცხული პროცენტის გადახდა. სარჩელის წარდგენის დროისთვის დავალიანება შეადგენს 519 811.67 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 470 000 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი 49 811.67 აშშ დოლარი. ამასთან, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, დამატებით შპს „მ–ს“ ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ერიცხება საპროცენტო სარგებელი თვეში 4 700 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 940 აშშ დოლარს, რომელიც დაირიცხება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

15.4 დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314507.001/002 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე შპს „ე–ამ“ 2016 წლის 6 ივნისიდან შეწყვიტა როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე დარიცხული პროცენტის გადახდა. სარჩელის შეტანის დროისთვის დავალიანება შეადგენს 23 269.19 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 21 184.02 აშშ დოლარი და სპროცენტო სარგებელი - 2085.17 აშშ დოლარი. ამასთან, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, დამატებით შპს „ე–ას“ ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ერიცხება საპროცენტო სარგებელი თვეში 212 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 42 აშშ დოლარს, რომელიც დაირიცხება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

16. მოპასუხეთა, შპს მ–ის“, გ.კ–ის და შპს „ო–ის“ პოზიცია:

16.1 მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო გარიგება გენერალური მინდობილობის ფარგლებში შპს „მ–ის“ სახელით დადო მ.დ–ძემ, რომელმაც ბოროტად ისარგებლა გენერალური მინდობილობით და გ.კ–ის ნდობით, კერძოდ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადასახადების დამალვას, რის გამოც საგამოძიებო ორგანოებში ამჟამად მიმდინარეობს საქმისწარმოება და გ.კ–ი ითხოვს დაზარალებულად ცნობას. მ.დ–ძის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა ზიანი მიაყენა როგორც გ.კ–ს, ასევე შპს „მ–ს“ და შპს „ო–ს“. კრედიტი არ გამოყენებულა მიზნობრივად (რემონტის ჩასატარებლად). მ.დ–ძეს, არა მხოლოდ სს „ტ.ბ–თან“ არამედ სხვა ბანკებთანაც აქვს დადებული ხელშეკრულებები, მან კომპანიის ქონების ნაწილი გაყიდა, ხოლო ნაწილი იპოთეკით დატვირთა. ვალის გადაკისრება უნდა მოხდეს მოპასუხე მ.დ–ძისთვის, ვინაიდან მას არ გაუფრთხილებია გ.კ–ი კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის თაობაზე (რომ ვერ ხერხდებოდა სესხის დაფარვა), მ.დ–ძის დაუდევარი ქმედებების გამო შპს „მ–ს“ მიადგა ზიანი, მის ქონებას ადევს ყადაღა.

16.2 მოპასუხეებმა ასევე სადავოდ გახადეს მათთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების ნამდვილობა, ასევე პირგასამტეხლოსთან მიმართებით არსებული მოთხოვნა.

16.3 დაზუსტებული შესაგებლის ფარგლებში (რომელიც წარადგინეს 2018 წლის 31 ოქტომბერს) მოპასუხეებმა დამატებით განმარტეს, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს სს „კ.ბ–ს“ და შპს „მ–ს“ შორის გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ 2015 წლის 30 ნოემბრის #32.0314507.001 გენერალური ხელშეკრულება, დამატებითი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #32.0314507.001/001, იპოთეკის ხელშეკრულება #32.0314507.001/01, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #32.0314507.001/05 შპს „მ–ის“ მხრიდან ხელმოწერილია მ.დ–ძის მიერ 2013 წლის 5 ივლისს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. წარმოდგენილი მინდობილობით მ.დ–ძეს უფლებამოსილება არ გააჩნდა დაედო სადავო ხელშეკრულებები. მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკისა და სოლიდარული თავდებობის მეშვეობით ვალდებულებათა უზრუნველყოფის ჭრილში მოხდა მესამე პირის საკრედიტო ვალდებულებათა უზრუნველყოფა. ამასთან, განხორციელებული ქმედება - იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვა, სოლიდარული თავდებობა - არ მიეკუთვნება შპს „მ–ის“ და შპს „ო–ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, მეტიც, დაიდო არაორდინალური ხასიათის გარიგება - სხვა პირების მიერ მ.დ–ძის, შპს „ე–ას“ ვალდებულებების უზრუნველყოფა და ეს ტრანზაქცია არ ჯდება შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უზრუნველყოფის ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს, რამდენადაც შპს „ო–ისა“ და შპს „მ–ის“ მთელ ქონებას წარმოადგენს იპთეკით დატვირთული სხვადასხვა უძრავი ქონება და ქონების თითქმის 100%-ის გამოყენება მოხდა მესამე პირის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სახეზეა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემადგენლობა და აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი იყო პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება. ბანკს არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ დირექტორს გააჩნდა უფლებამოსილება დაედო იპოთეკის, სოლიდარული თავდებობისა და გენერალური საბანკო კრედიტის და დამატებითი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატებოდა კომპანიის აქტივების 50%-ს და ამავდროულად, სცილდებოდა კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. ამდენად, ბანკს უნდა სცოდნოდა შპს „ო–ის“ ყოფილი დირექტორის, მ.დ–ძის მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესახებ.

17. მოპასუხეთა, მ.დ–ძის, გ.დ–ძის, რ.ბ–ძისა და შპს „ე–ას“ პოზიცია:

17.1 მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის 925 991,62 აშშ დოლარის და სამივე ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული სარგებლის ფარგლებში დანარჩენ ნაწილში მოპასუხეები სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ.

17.2 მოპასუხეთა მითითებით, სარგებლის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. მართალია, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება, მაგრამ ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ, რაც სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლიდან გამომდინარე, დამატებითი შეთანხმების საგანია, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოპასუხეს ყოველთვიური პროცენტი უნდა დაეკისროს გაადაწყვეტილების აღსრულებამდე, საფუძელს მოკლებულია. გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულების 22.01 მუხლზე მოსარჩელის მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან მითითებული მუხლით მხარეები შეთანხმდნენ მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით არსებული საკრედიტო ვალდებულებების დაფარვაზე.

17.3 პირგასამტეხლოს შესახებ მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელისთვის ცნობილია ბანკის მხრიდან მოვალეთათვის პირგასამტეხლოს პატიების ფაქტი. ამასთან, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

18. მოპასუხეთა, შპს „პ.ისა“ და გ.ზ–ას პოზიცია:

18.1 მოპასუხეებმა წარდგენილი სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათთვის, როგორც თავდები პირებისათვის, არ იყო ცნობილი მ.დ–ძის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. მოსარჩელეს აღნიშნულის თაობაზე მათთვის არ უცნობებია. ამასთან, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ სესხის თანხა 20 000 ლარს ცდებოდა.

18.2 მოპასუხე გ.ზ–ას განმარტებით, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, ვინაიდან იგი არ ფლობს ქართულ ენას და წარმოდგენაც არ ჰქონდა ხელშეკრულების გაფორმებისას რაზე აწერდა ხელს. მან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მ.დ–ძის თხოვნით, რომელმაც განუმარტა, რომ სჭირდებოდა ბანკიდან 20 000 ლარის სესხის სახით აღება და ამისთვის ესაჭიროებოდა მისი, როგორც შპს „პ.ის“ დირექტორის ხელმოწერა.

19. მესამე პირის, სს „ტ–ის“ პოზიცია:

19.1 სადავო ხელშეკრულებები გაფორმებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხეთა, შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ პრეტენზიები აღნიშნულ ხელშეკრულებათა ბათილობასთან დაკავშირებით. ამასთან, გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნებზე დადგენილია ხანდაზმულობის სხვადასხვა ვადები და მათი შინაარსის გათვალისწინებით ასევე განსხვავებულია გარიგების შეცილებაზე უფლებამოსილი პირების შეცილების ფაქტობრივი საფუძვლები. ამ თვალსაზრისით კი, აშკარაა, რომ მოპასუხეები, შპს „მ–ი“ და შპს „ო–ი“ პრეტენზიას აცხადებენ ხელშეკრულებების ბათილობაზე მათი დადებიდან თითქმის 3 წლის გასვლის შემდეგ, რაც ცალსახად მიუთითებს ასეთი მოთხოვნების ხანდაზმულობაზე.

20. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „მ–ს“, შპს „პ.ს“, შპს „ე–ასა“ და გ.კ–ს 2015 წლის 30 ნოემბრის დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314508.001 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 482 491.64 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 434 807.60 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 47 684.04 აშშ დოლარი) ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „მ–ს“, შპს „პ.ს“, შპს „ე–ასა“ და გ.კ–ს დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314508.001 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური 1% - 4348.076 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „პ.ს“ და შპს „ე–ას“ დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314508.001 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო - 0.02%, 86.96 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

შპს „მ–ს“, მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „პ.ს“, შპს „ე–ასა“ და გ.კ–ს დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314507.001-001 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 519 811.67 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 470 000 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 49 811.67 აშშ დოლარი) ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

შპს „მ–ს“, მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „პ.ს“, შპს „ე–ასა“ და გ.კ–ს დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314507.001-001 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.2017 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური 1 % - 4 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

შპს „მ–ს“, მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „პ.ს“ და შპს „ე–ას“ დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314507.001-001 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.02% - 94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

შპს „ე–ას“, მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „პ.ს“, შპს „მ–ას“ და გ.კ–ს დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314507.001-002 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23 269.19 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 21 184.02 აშშ დოლარი და პროცენტი - 2 085.17 აშშ დოლარი) ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

შპს „ე–ას“, მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს, შპს „პ.ს“, შპს „მ–ას“ და გ.კ–ს დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314507.001-002 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 212 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

შპს „ე–ას“, მ.დ–ძეს, გ.ზ–ას, გ.დ–ძეს, რ.ბ–ძეს და შპს „პ.ს“ დამატებითი საბანკო კრედიტის #32.0314507.001-002 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.02% - 4.23 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

თავდებ პირთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა თითოეულ ხელშეკრულებაზე 5 000 000 აშშ დოლარით.

დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა შემდეგ უძრავ ნივთთა სარეალიზაციოდ მიქცევა:

- შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ბორჯომის რაიონი, დაბა ......., (ს/კ ......);

- შპს „ო–ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ....... ქუჩა #4, (გამაჯანსაღებელი ცენტრი) (ს/კ .......);

- შპს „ო–ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ....... ქუჩა #4 (ყოფ. მდ. ვერეს მარჯვენა სანაპიროზე, ....... მიმდებარედ) (ს/კ .......);

- მ.დ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ......... (ს/კ ........);

იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის/საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, დადგინდა მოპასუხეების მ.დ–ძის, გ.ზ–ას, გ.დ–ძის, რ.ბ–ძის, შპს „მ–ის“, შპს „პ.ის“, შპს „ე–ასა“ და გ.კ–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევა.

21. მოპასუხეების, შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, შპს „მ–მა“ და შპს „ო–მა“, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

22.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

22.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მ.დ–ძე, როგორც ორი დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელი (ერთ შემთხვევაში დირექტორი, ხოლო მეორე შემთხვევაში, დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოქმედი პირი) უფლებამოსილი იყო გარიგებათა გაფორმებისას წარმოედგინა შპს „მ–ი“ და შპს „ო–ი“, მათ შორის, ეკისრა სადავო ვალდებულებები საწარმოთა სახელით.

22.3 სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 111-ე მუხლებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და აღნიშნა, რომ არ დგინდება სადავო გარიგებათა ბათილობის კანონით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობა. აღნიშნულის საპირისპიროდ მეტყველებდა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლომ ყურადღება მიაქცია 2013 წლის 5 ივლისის მინდობილობას, რომლითაც მ.დ–ძეს შპს „მ–ის“ დირექტორის მიერ მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილება: „მინდობილი პირი უფლებამოსილია გახსნას საზოგადოების ანგარიშები საქართველოს ნებისმიერ ბანკში, კერძოდ: შეიტანოს და გამოიტანოს თანხები, მოახდინოს გადარიცხვები, ისარგებლოს ინტერნეტბანკინგით და აწარმოოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია. „მიმნდობის“ სახელით მონაწილეობა მიიღოს შპს „მ–ის“ პარტნიორთა კრების მუშაობაში ხმის უფლებით, მიიღოს გადაწყვეტილებები, ხელი მოაწეროს პარტნიორთა კრების ოქმებს, ხელი მოაწეროს ყველა ხელშეკრულებას, შეთანხმებასა და დოკუმენტს, ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოს და დაიცვას „მიმნდობის“ ინტერესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან“. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე მ.დ–ძე უფლებამოსილი იყო შპს „მ–ის“ სახელით დაედო საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და განეკარგა საზოგადოების კუთვნილი აქტივები. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ მითითებული მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით და საქმეში არ არის წარმოდგენილი დირექტორის მიერ მისი გაუქმების შესახებ მტკიცებულება. იმ გარემოებას, რომ მ.დ–ძე არ მოქმედებდა პარტნიორთა ნების საწინააღმდეგოდ, პალატის მოსაზრებით, ადასტურებს ისიც, რომ შპს „მ–ის“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი გ.კ–ი წარმოადგენს სს „კ.ბ–სა“ და შპს „მ–ს“, შპს „ე–ასა“ და მ.დ–ძეს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალურ ხელშეკრულების სოლიდარულად თავდებ პირს.

22.4 სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბერის სხდომაზე გ.კ–ის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ მისთვის ცნობილი იყო მ.დ–ძის მიერ გენერალური ხელშეკრულების დადების შესახებ (11.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი; 13:16:07 სთ). ასევე, მის კომპანიას დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად ჩაერიცხა გარკვეული რაოდენობის თანხა, რითაც დაიფარა სხვა საბანკო დაწესებულების მიმართ არსებული დავალიანება (11.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი; 13:15:24 სთ). ამასთან, ის აწერს ხელს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას (შპს „მ–ის“ 100 % წილის მესაკუთრე პარტნიორი - გ.კ–ი წარმოადგენს სოლიდარულად თავდებ პირს სს „კ.ბ–სა“ და შპს „მ–ს“, შპს „ე–ასა“ და მ.დ–ძეს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალურ ხელშეკრულებასთან მიმართებით), რაც სასამართლის მოსაზრებით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ.კ–ისთვის, როგორც შპს „მ–ის“ 100 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორისა და დირექტორისათვის ცნობილი იყო მისი წარმომადგენლის მოქმედების შესახებ და ბანკთან გარიგების დადებისას მ.დ–ძე მოქმედებდა მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, როგორც მისი წარმომადგენელი. შესაბამისად, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების აპელირება იმის თაობაზე, რომ მ.დ–ძემ, პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააფორმა სადავო გარიგებები საწარმოს სახელით.

22.5 ამასთან, სასამართლოს მითითებით, 2015 წლის 30 ნოემბერს კომპლექსურად გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება (საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება; დამატებითი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, იპოთეკის ხელშეკრულებები; თავდებობის ხელშეკრულებები), რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ გ.კ–ისათვის ცნობილი იყო მ.დ–ძის მოქმედების შესახებ და მ.დ–ძე უფლებამოსილი იყო აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში გამოსულიყო შპს „მ–ის“ სახელით, ვინაიდან მას მინდობილობის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვა.

22.6 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ პარტნიორის ინფორმირებულობა გადამწყვეტია თავად მესამე პირის - კონტრაჰენტის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან გ.კ–ის მიერ სოლიდარულად ვალდებულების აღებით, მესამე პირს შეექმნა რწმენა, რომ შპს „მ–ის“ 100 %-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორისათვის მისაღები იყო მ.დ–ძის, როგორც საწარმოს წარმომადგენლის მიერ გაფორმებული გარიგებები. პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან გ.კ–ის მხრიდან მ.დ–ძის მიერ განხორციელებული მოქმედებები შედავებული არ ყოფილა ხელშეკრულებების გაფორმებისას და იმ პირობებში, როდესაც თავად გ.კ–ი წარმოადგენს აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს, დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ საკრედიტო ურთიერთობების შესახებ, მან მოიწონა დადებული გარიგებები და თანახმა იყო მ.დ–ძეს განეხორციელებინა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს „მ–ის“ ინტერესებისათვის.

22.7 რაც შეეხება შპს „ო–ს“, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მ.დ–ძეს ხელშეკრულება დადებული აქვს, როგორც შპს „ო–ის“ დირექტორს და არა, როგორც წარმომადგენელს. შესაბამისად, შპს „მ–ის“ და შპს „ო–ის“ დირექტორის აპელირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

22.8 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაჰენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით. სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.01.2014 წლის #1/1/543 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ნორმის პირველი წინადადება და განიმარტა შემდეგი: „...მეწარმე სუბიექტთან გარიგების დადება მუდმივად არ უნდა იყოს დაკავშირებული რისკთან, რომ დირექტორის უფლებამოსილება შესაძლოა შეზღუდული აღმოჩნდეს. მესამე პირი, რომელიც შედის საწარმოსთან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, არ არის ვალდებული, შეამოწმოს საწარმოს შიდა კორპორაციული დოკუმენტები. მესამე პირებს უნდა შეეძლოთ დამატებითი შემოწმებებისა და დოკუმენტაციის მოძიების გარეშე მიიჩნიონ, რომ საწარმოს დირექტორი უფლებამოსილია, დადოს გარიგება საწარმოს სახელით. შეუძლებელი იქნებოდა ეფექტიანი სამოქალაქო ბრუნვის არსებობა, თუ ყველა კონტრაჰენტს მოვთხოვდით გარკვეულიყვნენ კონკრეტული საწარმოს შიდა პროცედურებში და საწარმოს ორგანოებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაში. ასეთი მიდგომა დააბრკოლებდა გარიგებების მარტივად და ეფექტიანად დადების შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად გაზრდიდა მხარეების ტრანზაქციულ ხარჯებს...“

22.9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბანკი არ იყო ვალდებული გადაემოწმებინა შპს „მ–სა“ და შპს „ო–ში“ განხორციელებული შიდა პროცედურები, რომლითაც მ.დ–ძემ მიიღო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს „მ–თან“ მიმართებით მინდობილობის საფუძველზე, ხოლო შპს „ო–თან“ მიმართებით, როგორც დირექტორმა. სხვა, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ბანკისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, შპს „მ–ის“ 100 % წილის მფლობელი პარტნიორისათვის ცნობილი იყო მისი წარმომადგენლის მიერ საბანკო ხელშეკრულებების დადება, რაც გამორიცხავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გარიგების ბათილად ცნობას. ასევე, საქმეში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ო–ის“ აქტივების ღირებულების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის დასკვნის გაკეთებას იმის შესახებ, რომ დარღვეულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, რაც თავის მხრივ, ასევე გამორიცხავს საბანკო ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებს. აპელანტებმა ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას ვერ წარმოადგინეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო გარიგებებით ნაკისრი ვალდებულებები აღემატებოდა მათი აქტივების 50%-ს.

22.10 სააპელაციო სასამართლომ აპელანტების არც ის პრეტენზია გაიზიარა, რომ ბანკს უნდა სცოდნოდა მ.დ–ძის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ, რადგან იგი მოქმდებდა კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი პოზიცია დაუსაბუთებელია, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება კრედიტის მიმღები კომპანიების გადახდისუუნარობის ფაქტი და ის გარემოება, რომ აღებული ვალდებულებები აღემატებოდა მათი აქტივების 50%-ს.

22.11 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სახეზე არ არის გარიგებების ბათილად ცნობის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა: ბანკმა არ იცოდა ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ (ასეთი ფაქტის არსებობა არ დასტურდება) და ის არ მოქმედებდა განზრახ საწარმოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთან ერთად იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინა მეწარმე სუბიექტისათვის.

23. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

23.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, შპს „მ–მა“ და შპს „ო–მა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

23.2 კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და საქმე განიხილა საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით (არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი), რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23.3 სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი და არასწორად დაასკვნა, რომ მ.დ–ძეს ჰქონდა სადავო გარიგებების დადების უფლებამოსილება. სასამართლომ არ გაითვალისწია ის გარემოება, რომ იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვა, სოლიდარული თავდებობა არ მიეკუთვნება შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, უფრო მეტიც, დაიდო არაორდინალური ხასიათის გარიგება - მოხდა სხვა პირების - მ.დ–ძის, შპს „ე–ას“ ვალდებულებების უზრუნველყოფა და ეს ტრანზაქცია არ ჯდება შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობაში. შესაბამისად, იგი საჭიროებდა პარტნიორთა გადაწყვეტილებას, რაც სახეზე არ არის.

23.4 გასათვალისწინებელია ისიც, რომ უზრუნველყოფის ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს, რამდენადაც შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ მთელ ქონებას წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები და სწორედ მათი თითქმის 100%-ის გამოყენება მოხდა მესამე პირის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, უსაფუძლოა სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ გარემოება, რომ სადავო გარიგებით ნაკისრი ვალდებულება აღემატება მათი აქტივების ღირებულების 50%-ს.

23.5 სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტიც, რომ კრედიტის გაცემისას ბანკს გაცნობიერებული ჰქონდა მ.დ–ძის ქცევის არამართლზომიერი ხასიათი, რომ იგი მოქმედებდა კომპანიის ინტერესების საზიანოდ (მ.დ–ძის, ისევე როგორც შპს „ე–ას“ შემოსავლები არ იძლეოდა არანაირ განცდას იმისა, რომ მსესხებლები შეძლებდნენ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მ.დ–ძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება საწარმოს სახელით დაედო შესაბამისი გარიგებები და ა.შ.), მიუხედავად ამისა, პალატამ არ დაადგინა მ.დ–ძის მხრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში ბანკის სასარგებლოდ ქონებების იპოთეკით დატვირთვა, სოლიდარული თავდებობა ცალსახად კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოა და საერთოდ არ დგინდება შესაძლო ეკონომიკური ინტერესი. პირიქით, ამგვარი ტრანზაქცია სცილდება კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს და საჭიროებს პარტნიორთა გადაწყვეტილებას. მ.დ–ძის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ასევე დასტურდება საქმეზე წარდგენილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის წერილით, სადაც შპს „მ–ი“ და შპს „ო–ი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში ცნობილი არიან დაზარალებულად მ.დ–ძის მიერ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

23.6 უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რადგან გ.კ–ი ხელს აწერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას, ამით დასტურდება ის ფაქტი, რომ მისთვის, როგორც შპს „მ–ის“ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისთვის და დირექტორისთვის ცნობილი იყო მ.დ–ძის მოქმედების შესახებ და იმის თაობაზეც, რომ მ.დ–ძე ბანკთან გარიგების დადებისას მოქმედებდა მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. გ.კ–მა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც შპს „ო–ის“ და შპს „მ–ის“ წარმომადგენელმა (გარიგების დადებისას იგი არ იყო არცერთი ამ საწარმოს დირექტორი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი). ამასთან, მისთვის საერთოდ უცნობი იყო იმის თაობაზე, რომ იმავე დღეს მ.დ–ძე შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ სახელით გააფორმებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს და საწარმოების მთელი ქონება დაიტვირთებოდა იპოთეკით მ.დ–ძისა და შპს „ე–ას“ სესხების უზრუნველსაყოფად.

24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცე–ტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორების ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი, ამავე კანონის მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები და არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძველი.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4 მუხლის (თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით) გამოყენებისთვის უპირველესად, უნდა განიმარტოს, თუ რა იგულისხმება მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვაში. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მითითებული ნორმის მესამე ნაწილი კი, ადგენს, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, შპს-ში დირექტორი ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობას, რაც გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე, საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საზოგადოების დირექტორის კომპეტენცია, ანუ ხელმძღვანელობის უფლებამოსილების (მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების) ფარგლები, განისაზღვრება კანონით ან საწარმოს წესდებით („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.3 მუხლი), შესაბამისად, სწორედ მათ საფუძველზეა შესაძლებელი საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4 მუხლში მითითებული მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვა გულისხმობს კანონით ან საწარმოს წესდებით საწარმოს დირექტორისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვას.

29. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ მ.დ–ძეს არ ჰქონდა სადავო გარიგებათა დადების სათანადო უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნულს ვერ ადასტურებენ რელევანტურ მტკიცებულებებზე მითითებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარდგენილი მასალები საწინააღმდეგოზე მიუთითებენ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „მ–ის“ დირექტორის, ქ.დ–ძის, მიერ მ.დ–ძის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული 2013 წლის 5 ივლისის მინდობილობის თანახმად, მ.დ–ძეს მიეცა უფლება შპს „მ–ის“ სახელით დაედო საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და განეკარგა საზოგადოების კუთვნილი აქტივები (იხ. ტ. 3. ს.ფ 88. „მინდობილი პირი უფლებამოსილია გახსნას საზოგადოების ანგარიშები საქართველოს ნებისმიერ ბანკში, კერძოდ: შეიტანოს და გამოიტანოს თანხები, მოახდინოს გადარიცხვები, ისარგებლოს ინტერნეტბანკინგით და აწარმოოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია... „მიმნდობის“ სახელით მონაწილეობა მიიღოს შპს „მ–ის“ პარტნიორთა კრების მუშაობაში ხმის უფლებით, მიიღოს გადაწყვეტილებები, ხელი მოაწეროს პარტნიორთა კრების ოქმებს, ხელი მოაწეროს ყველა ხელშეკრულებას, შეთანხმებასა და დოკუმენტს... „მინდობილი პირი“ ასევე უფლებამოსილია მართოს და განკარგოს საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონება, და ქონებასთან დაკავშირებით დადოს კანონით ნებადართული ყველა გარიგება, კერძოდ: იყიდოს, გაყიდოს, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გაცვალოს, იპოთეკით დატვირთოს, მოხსნას იპოთეკა, დააგირაოს, მიიღოს გირაოდ და საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვოს თანხები, ვადები და სხვა პირობები. აწარმოოს ანგარიშსწორებები დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, დაარეგისტრიროს იგი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებში, ხელზე მიიღოს დარეგისტრირებული დოკუმენტები. ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოს და დაიცვას „მიმნდობის“ ინტერესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან“).

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და არც კასატორები ხდიან სადავოდ, რომ აღნიშნული მინდობილობა არ გაუქმებულა და მისი შინაარსი სადავოდ არასდროს გამხდარა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მეწარმე სუბიექტის (შპს „მ–ის“ დირექტორის“ ან შპს „ო–ის“ დირექტორის) ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვას დაადასტურებდა.

უდავოდ დადგენილია ის ფაქტიც, რომ შპს „მ–ის“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი - გ.კ–ი წარმოადგენს ბანკსა და შპს „მ–ს“, შპს „ე–ას“ და მ.დ–ძეს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების სოლიდარულად თავდებ პირს, რაც საფუძელს აცლის კასატორთა პრეტენზიას იმის შესახებ, რომ გ.კ–მა (როგორც შპს „მ–ის“100% წილის მფობელმა პარტნიორმა) არ იცოდა მ.დ–ძის (როგორც შპს „მ–ის“ წარმომადგენლის) ქმედებების შესახებ და მ.დ–ძემ საწარმოს სახელით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გააფორმა ხელშეკრულებები.

30. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას მასზედ, რომ საქმის განმხილველ სასამართლოებს უნდა ეკვლიათ ხელშეკრულებების დადებისას მ.დ–ძის მიმართ ბანკის სუბიექტური დამოკიდებულების საკითხი (კერძოდ, იძლეოდა თუ არა მ.დ–ძის, როგორც მსესხებლის შემოსავლები განცდას იმისა, რომ იგი შეძლებდა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ჰქონდა თუ არა მ.დ–ძეს უფლებამოსილება საწარმოს სახელით დაედო შესაბამისი გარიგებები და ა.შ.), საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის #1/1/543 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება და განიმარტა, რომ „...მესამე პირი, რომელიც შედის საწარმოსთან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, არ არის ვალდებული, შეამოწმოს საწარმოს შიდა კორპორაციული დოკუმენტები. მესამე პირებს უნდა შეეძლოთ დამატებითი შემოწმებებისა და დოკუმენტაციის მოძიების გარეშე მიიჩნიონ, რომ საწარმოს დირექტორი უფლებამოსილია, დადოს გარიგება საწარმოს სახელით. შეუძლებელი იქნებოდა ეფექტიანი სამოქალაქო ბრუნვის არსებობა, თუ ყველა კონტრაჰენტს მოვთხოვდით გარკვეულიყვნენ კონკრეტული საწარმოს შიდა პროცედურებში და საწარმოს ორგანოებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაში. ასეთი მიდგომა დააბრკოლებდა გარიგებების მარტივად და ეფექტიანად დადების შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად გაზრდიდა მხარეების ტრანზაქციულ ხარჯებს...“

31. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბანკი არ იყო ვალდებული გადაემოწმებინა შპს „მ–სა“ და შპს „ო–ში“ განხორციელებული შიდა პროცედურები, რომლითაც მ.დ–ძემ მიიღო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს „მ–თან“ მიმართებით მინდობილობის საფუძველზე, ხოლო შპს „ო–თან“ მიმართებით, როგორც დირექტორმა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მ–ის“ დირექტორის მხრიდან მ.დ–ძის სახელზე გაცემული გენერალური მინდობილობის შინაარსი სადავოდ არასდროს გამხდარა.

32. საკასაციო სასამართლო კასატორთა ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვა არ მიეკუთვნება შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას და საჭიროებდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორებს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენიათ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით მათ ასევე ვერ დაადასტურეს ის ფაქტიც, რომ სადავო გარიგებით ნაკისრი ვალდებულება აღემატება საწარმოს აქტივების 50%-ს. საქმეში არ არის წარდგენილი ინფორმაცია საწარმოს აქტივების ღირებულების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის დადგინდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების (პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს) დარღვევა. მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება კი ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ და დასაშვებ შედავებად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცე–ტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის გადახდა თითოეულ კასატორს გადაუვადდა, ხოლო მათი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის – 2400-2400 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „მ–ისა“ და შპს „ო–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს - შპს „მ–ს“ (ს/კ: ....) და შპს „ო–ს“ (ს/კ: .....), თითოეულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 30%-ის – 2400-2400 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი