საქმე №ას-1154-2020 30 ნოემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,ტ.დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ჯ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ჯ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ტ.დ–ის“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), ნ.ს–ას (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი), ამხანაგობა ,,ძ.უ–ის“ (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი), შპს ,,ძ.უ–ის“ (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი), თ.ლ–ძის (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე), ა.კ–ის, თ.კ–ის, მ.ე–ის, ს.გ–სა და ხ.ბ–ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხის პოზიცია:
2. პირველმა-მეხუთე მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს. დანარჩენ მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სააპელაციო საჩივარი
4. პირველმა-მეოთხე მოპასუხეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტებს 2020 წლის 16 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადა განესაზღვრათ და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია.
7. აპელანტებმა 2020 წლის 15 ივნისს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, რომელიც 2020 წლის 16 ივნისის განჩინებით 7 დღით გაგრძელდა.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ, მეორე და მესამე აპელანტებს მისამართზე - თბილისი, ......, ხოლო მეოთხე აპელანტს მისამართზე - თბილისი, ....... გზავნილი 2020 წლის 22 ივნისს მათ წარმომადგენელ თ.ტ–ს (შემდგომ - მოპასუხეთა წარმომადგენელი, პირველი აპელანტი კომპანიის დირექტორი) პირადად ჩაჰბარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით, მეორე, მესამე და მეოთხე აპელანტების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხიველად.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ პირველი აპელანტი კომპანიის დირექტორს სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე 2020 წლის 31 აგვისტოს ჩაჰბარდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველმა აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადის მიხედვით არ შეავსო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი. ამ უკანასკნელისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა 2020 წლის 7 სექტემბერს ამოიწურა.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის განჩინება პირველი აპელანტის დირექტორს ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-78 მუხლების შესაბამისად, მაგრამ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით არ შეავსო განჩინებაში მითითებული ხარვეზი, სსსკ-ის 368-ე მე-5 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
14. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ არ ჩაჰბარებია. განჩინების ჩაბარების შემთხვევაში, იგი ბაჟს გადაიხიდიდა და უფლებებს სრულად და დეტალურად შეისწავლიდა.
15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლოში ინტერესების დაცვის უფლება შეეზღუდათ.
16. განჩინება, რითაც შეიძლებოდა ინფორმაცია მიეღო არსებულ საქმესთან დაკავშირებით, არ ჩაჰბარებია. მხარე ელოდებოდა განჩინების ჩაბარებას, რათა გამოესწრორებინა ხარვეზი და დროულად დასრულებულიყო საქმის განხილვა.
17. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დავა საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და, სსსკ-ის 46-ე მუხლის შესაბამისად, მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
21. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
22. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
23. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღეში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ: ა) დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობისა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ასაბუთებს სააპელაციო საჩივარს და გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები; ბ) დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის შევსებული ელექტრონული ვერსია; გ) სახელმწიფო ბაჟის - 784 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი; დ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.
24. აპელანტთა თხოვნით აღნიშნული ვადა 2020 წლის 16 ივნისის განჩინებით 7 დღით გაგრძელდა და აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
25. აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე. მეორე აპელანტს გზავნილი ჩაჰბარდა პირადად, მესამე და მეოთხე აპელანტისათვის გაგზავნილი განჩინება კი - 2020 წლის 22 ივნისს ჩაჰბარდა მათ წარმომადგენელს (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით იხ. ტ.1, ს.ფ. 135-136). რაც შეეხება პირველ აპელანტს, მას ორჯერ გაეგზავნა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, თუმცა მოუძიებლობის გამო ვერ ჩაჰბარდა, რის შემდგომაც, სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 31 აგვისტოს პირველი აპელანტის კომპანიის დირექტორს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. ტ.2, ს.ფ. 116) აცნობა განჩინების შინაარსი და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ათვლაც სწორედ სატელეფონო შეტყობინების აქტის შედგენის მომენტს დაუკავშირა.
26. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მას განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ არ ჩაჰბარებია, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
27. სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
28. ამავე კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის თანამშრომლისა, ამ ორგანოს, ორგანიზაციის საქმეზე. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მხარის ინტერესების დაცვის უფლებას კანონმდებელი ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, ვინც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან.
29. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ ნორმის თანახმად, შესაძლებელია, საჭირო საპროცესო დოკუმენტები სასამართლომ გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყველა აპელანტის ინტერესებს სასამართლოში იცავდა თ.ტ–ი, რომელიც პირველი აპელანტი კომპანიის დირექტორი (იხ. ტ.1, ს.ფ. 224) და მინდობილობის საფუძველზე დანარჩენ აპელანტთა წარმომადგენელია, რომელმაც საწყის ეტაპზე პირადად ჩაიბარა ოთხივე აპელანტისათვის გაგზავნილი სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება და სწორედ მან მიმართა აპელანტთა სახელით სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მას ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მესამე და მეოთხე აპელანტებისათვის გაგზავნილი განჩინება 2020 წლის 22 ივნისს ჩაჰბარდა, მისთვის გზავნილის ჩაბარება პირველი აპელანტისათვისაც გზავნილის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მისთვის უკვე ზემოაღნიშნული თარიღიდან ცნობილი იყო პირველი აპელანტისათვისაც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელების შესახებ.
31. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
32. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების პირველი აპელანტი კომპანიის დირექტორისათვის ჩაბარების მომდევნო დღეს - 2020 წლის 23 ივნისს და იმავე წლის 29 ივნისს ამოიწურა.
33. პალატა მიიჩნევს, რომ პირველ აპელანტს გონივრული ვადა (7 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის.
34. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
35. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მე-17 პუნქტში მითითებული არგუმენტი. პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, გარდა სახელმწიფო ბაჟისა, სხვა საფუძვლებითაც ჰქონდა ხარვეზი დადგენილი, რაც მოცემულია წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტში.
36. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსაც, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით. შესაბამისად, ამ ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა ინსტანციაში თავისუფლდება მხოლოდ მოსარჩელე (იხ. სუსგ. №ას-556-531-2016; 5 ოქტომბერი, 2016 წელი). დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს მოპასუხეს, რომელსაც შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, რის გამოც მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება დაუშვებელია.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. სუსგ. №ას-693-2019, 2019 წლის 28 ივნისის განჩინება; №ას-1615-2019, 2020 წლის 14 იანვრის განჩინება).
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ტ.დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე