საქმე №ას-1207-2020 30 ნოემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე,
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ.კ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ.პ.დ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს ,,მ.პ.დ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, კომპანია, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.კ–ას (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 20 თებერვლის განკარგულების საფუძველზე, თბილისში, ... ..... მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა.
3. მოსარჩელის მითითებით, უძრავი ქონება კვლავ ძველი მესაკუთრის - მოპასუხის მფლობელობაში რჩება, რომელიც, არაერთი თხოვნის მიუხედავად, ქონებას არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2009 წლის 30 ივლისს, მას და ფიზიკურ პირს სასონ ჰოკს შორის, რომელიც მოსარჩელე კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეებს შორის საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში 2012 წლის 26 ივლისს მორიგების აქტი დამტკიცდა. იმავე წლის 28 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა და 2013 წლის 18 თებერვლის პირველ იძულებით აუქციონზე მოსარჩელემ უძრავი ქონება 35 7000 ლარად შეიძინა.
5. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე იძულებულს ხდიდა, დასთანხმებულიყო ხელშეკრულების კაბალურ პირობებზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ბევრად მეტს აკისრებდა, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა. მოსარჩელემ ქონების ხელში ჩაგდების მიზნით მოპასუხე მიზანმიმართულად გახადა გადახდისუუნარო. ამასთან, მოსარჩელემ უძრავი ქონება ბევრად ნაკლებ ფასად შეაფასებინა.
6. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონების მის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, მოპასუხე სადავო უძრავ ქონებაში აღარ შეუშვა და საშუალება არ მისცა, საკუთარი უძრავი ნივთები გაეტანა, რომელთა ღირებულება 1500 000 აშშ დოლაზე მეტია.
7. მოპასუხის მითითებით, მესამე პირმა მოსარჩელეს დავალიანების სრულად დაფარვა შესთავაზა, რაც გამორიცხავდა უძრავი ქონების რეალიზაციის გზით კრედიტორის დაკმაყოფილების უკიდურესი ზომის გამოყენებას, რომელიც უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა შეფასდეს.
8. მოპასუხის მტკიცებით, კრედიტორს ევალებოდა, გულისხმიერი დამოკიდებულება გამოეჩინა და დავალიანების დაფარვის რამდენიმე სახეობიდან ამოერჩია ყველაზე ხელსაყრელი და, ამავდროულად, მსესხებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.
9. მოპასუხე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრას აპირებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების კანონიერებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, მესაკუთის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებული უძრავი ქონების გადაცემა.
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო, მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება დაებრუნებინა.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
15. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მას ეკუთვნის.
16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, იმავე კოდექსის 248-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტი არც სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შესდავებია, რაც ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა.
17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, სადავო ქონების მართლზომიერ ფლობასთან დაკავშირებით.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 159-ე მუხლის შინაარზე და განმარტა, რომ ამჟამინდელ მესაკუთრეს აპელანტისათვის სადავო ნივთი მფლობელობაში არ გადაუცია. მოსარჩელე ამ ნივთთან დაკავშირებული გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით აპელანტის მიმართ შებოჭილი არ არის. აპელანტს კანონით გათვალისწინებული ნივთის დაკავების უფლება არა აქვს, შესაბამისად, მას სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძველი არ გააჩნია, ე.ი. ის ნივთის არამართლზომიერი მფლობელია.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ის გარიგებები, რომლებიც სადავო ნივთზე საკუთრების წარმოშობას წინ უსწრებდა აპელანტს დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია და მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აპელანტის პოზიცის იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ნივთზე საკუთრება უკანონოდ შეიძინა, დაუსაბუთებელია.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა და იგი უცვლელად უნდა დარჩენილიყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ 2018 წლის 25 ივნისს ამავე სასარჩელო მოთხოვნით სარჩელი აღძრა სასამართლოში. მოსარჩელის წარმომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელემ საქმის იურიდიული ინტერესი დაკარგა და საქმისწარმოება შეწყდა.
23. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 11 თებერვალსაც განმეორებით მიმართა სასამართლოს, რომელმაც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა სააპელაციო საჩივარიც არ დაკმაყოფილდა.
24. კასატორის საკასაციო პრეტენზიები, შესაგებელში მითითებული გარემოებების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 4-9 პუნქტები).
25. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარე უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი არ არის. მან კასატორს იძულებით და მოტყუებით დაათმობინა უძრავი ქონება, გადახდისუუნარო გახადა, ვალდებულების შესრულებაში ხელი არ შეუწყო და იძულებითი აუქციონის გზით მოპასუხის ერთადერთი საცხოვრებელი ბინა მიისაკუთრა.
26. კასატორი მიუთითებს, რომ 2013 წლის 11 თებერვალს მისი განცხადების საფუძველზე მოსარჩელის მიერ განხორციელებული იძულებისა და თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა ნაცნობ-მეგობრული კავშირი გამოიყენა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქმისწარმოების შეწყვეტის დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში.
27. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანხამად, მას ის გარიგებები, რომელიც სადავო ნივთზე საკუთრების წარმოშობას წინ უსწრებდა, სადავოდ არ გაუხდია. კასატორის განმარტებით, მას საქმეში წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები, რომლის თანახმად, იძულებით დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება აქვს წარდგენილი პროკურატურაში. კასატორის მითითებით, 2012 წლიდან დავობს, რომ მოსარჩელესთან დადებული გარიგებები მის ნებას არ გამოხატავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
31. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
32. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:
34. მოსარჩელე იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეა, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მას მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
35. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.
36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები: „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
37. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
38. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
40. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
41. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
42. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
43. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთების ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ ის დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.
44. საკასაციო პალატის განმარტებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ არგუმენტაციას არ წარმოადგენს და ამ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების ქონების მართლზომიერად ფლობის დადასტურება, რაც მოსარჩელის საკუთრების უფლების ბოჭვის კანონისმიერ საფუძვლად განიხილება.
45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორს სათანადო წესით არ უარყვია.
46. სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზია, წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნული პრეტენზია სხვა სამართლებრივი დავის საფუძველი შეიძლება გახდეს და მას განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის.
47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება, რაც მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოებული დავის ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.
48. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
49. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
51. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
53. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.კ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. თ.კ–ას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ.ო–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 10119637158/ გადახდის თარიღი 16.11.2020), 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე