Facebook Twitter

№ას-1395-2020 7 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ თბილისის გ.ფ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ. მ–ის ..“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ „კ. მ–ის ..“ (თავმჯდომარე მ.ლ–ა) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი ა(ა)იპ თბილისის გ.ფ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "კასატორი") მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, მ–ის ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, ქ. თბილისის, მ–ის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტით დაშენებული მესამე სართულისა და სხვენის მესაკუთრედ ცნობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.12.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.06.2020წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.12.2016წ. გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხემ 30.10.2020წ. წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.06.2020წ. გადაწყვეტილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

6. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით:

სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

8. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

9. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ კასატორი არ წარმოადგენს პირს, ვისთან გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულებაც სასამართლოს აქვს.

11. მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (სუსგ №ას-923-2018, 20.07.2018წ.). ამდენად, სსსკ-ის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).

12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 11.06.2020წ. გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მოპასუხის წარმომადგენლები - ს.ს–ა და უ.ე–ძე (იხ.: მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.151). ამავე სხდომაზე გადაიდო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2020 წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე, ასევე განმარტებულ იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა (იხ.: სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.2, ს.ფ.194-211).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება საბოლოოდ გადაიდო 2020 წლის 25 ივნისს, 12:00 საათზე, რის თაობაზეც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს - ს.ს–ას (იხ.: ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტი, ტ.2, ს.ფ. 2274). სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისთვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით. ამდენად, მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის თაობაზე. კასატორი თავადაც ადასტურებს, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ჩანიშნული იყო 25.06.2020წ. (იხ.: საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.270).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს/ წარმომადგენელს სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს სასამართლოში გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი და ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება (იხ.: ხელწერილი, ტ.2, ს.ფ.243).

15. 09.10.2020წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ამავე პალატის 25.06.2020წ. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ.: სააღსრულებო ფურცელი, ტ.2, ს.ფ.247).

16. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებულია - საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა.

17. პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუშვებელია მისი გასაჩივრება სააპელაციო თუ საკასაციო წესით. სსსკ-ის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამგვარი წესი კი წარმოადგენს არა გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ, ეს არის სსსკ-ის LII თავით დადგენილი საგამონაკლისო წარმოება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს საქმის წარმოების განახლებას კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. ამ პირობათა ჩამონათვალს კანონმდებელი სსსკ-ის 422-ე (ბათილად ცნობის საფუძვლები) და 423-ე (ახლად აღმოჩენილი გარემოებები) მუხლებში გვთავაზობს (იხ.: სუსგ-ები №ას-85-85-2018, 28.02.2018; №ას-1093-1029-2015, 30.10.2015).

18. მოპასუხის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.06.2020წ. გადაწყვეტილება ჩაიბარა მხოლოდ 16.10.2020წ. (ტ.2, ს.ფ.250). მოპასუხემ საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 30.10.2020წ., რომელშიც შუამდგომლობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის თაობაზე (ტ.2, ს.ფ.270-272).

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებისა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ანუ, იმ პირობებშიც კი, თუ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სასამართლოში საჩივრის საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა, კანონი არ უშვებს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენას (სუსგ №ას-326-2019, 23.05.2019წ.). ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევდა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მხარის მიერ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, წარმოდგენილი არ არის შუამდგომლობის საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

20. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას- 936-2019, 25.06.2019 წელი).

21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 397-ე, 2591, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ თბილისის გ.ფ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე