Facebook Twitter

№ას-1091-2020 21 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე შუამდგომლობის უარყოფა

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

მოთხოვნა - უფლებამონაცვლის დადგენა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა რ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოსარგებლე) სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი იგი ცნობილ იქნა თბილისში, .... მდებარე საცხოვრებელი სახლის, გ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან სადავო უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე) კუთვნილ 1/6 და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ს.გ–ის სახელზე რეგისტრირებული 1/6 წილიდან 29.4 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო საცხოვრებელი სადგომი) მესაკუთრედ მოპასუხისათვის - 6600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის სანაცვლოდ.

2. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კაონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილ იქნა თბილისში, ........ მდებარე საცხოვრებელი სახლის, მოპასუხის კუთვნილ 1/6 და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ს.გ–ის სახელზე რეგისტრირებული 1/6 წილიდან 29.4 კვ.მ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების - 6600 აშშ დოლარის 25%-ის, 1650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის სანაცვლოდ.

4. სადავო ქონებაზე სანივთო-სამართლებრივი შეზღუდვა (მესამე პირის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება) არ დარეგისტრირებულა.

5. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2013 წლის 16 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსასრულებლად წარდგენამდე, სადავო საცხოვრებელი სადგომი მოპასუხემ იაშა კახნიაშვილზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის უფლებამონაცვლე) გაასხვისა, რომელმაც თავის მხრივ, იპოთეკით დატვირთა აღნიშნული სადგომი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა მოპასუხის უფლებამონაცვლედ.

6. კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით, 2018 წლის 18 ივნისს სადავო საცხოვრებელი სადგომი იძულებით აუქციონზე ა.ა–მა შეიძინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორი ან ამჟამინდელი მესაკუთრე).

7. 2019 წლის 24 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სადავო საცხოვრებელი სადგომის ამჟამინდელი მესაკუთრის უფლებამონაცვლედ ცნობა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის გაჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის ანუ მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კერძო საჩივრის ავტორი.

9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ამჟამინდელმა მესაკუთრემ მისი გაუქმებისა და უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე შუამდგომლობის უარყოფის მოთხოვნით. მისი მტკიცებით, აუქციონის პირობების მიხედვით, რაიმე დავალიანება ან სხვა სახის პრობლემა უძრავ ქონებას არ ჰქონია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, არასწორად ცნო უფლებამონაცვლედ, რადგან, არც მესაკუთრესთან და არც მოსარგებლესთან რაიმე შემხებლობა მას არ ჰქონია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

11. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერების საკითხი, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხის უფლებამონაცვლედ კერძო საჩივრის ავტორის ცნობის თაობაზე.

12. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

13. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილ იქნა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების - 6600 აშშ დოლარის 25%-ის, 1650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის სანაცვლოდ. 2013 წლის 16 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსასრულებლად წარდგენამდე, სადავო საცხოვრებელი სადგომი მოპასუხემ მესამე პირზე (იაშა კახნიაშვილზე) გაასხვისა, რომელმაც თავის მხრივ იპოთეკით დატვირთა აღნიშნული უძრავი ნივთი. მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით, 2018 წლის 18 ივნისს სადავო საცხოვრებელი სადგომი იძულებით აუქციონზე გაიყიდა. ნივთი კერძო საჩივრის ავტორმა შეიძინა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნივთის აუქციონზე რეალიზაციისას მასზე მოსარჩელის სასარგებლოდ სანივთო ან ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა (მესამე პირის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია რამდენად შეიძლებოდა სცოდნოდა, ან იცოდა აუქციონზე ქონების შემძენმა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ. როგორც წესი, ნივთის საჯარო აუქციონზე რეალიზაციისას, მასზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაენაცვლოს მოვალეს, თუ მისთვის ცნობილი იყო შეზღუდვის შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75.5 მუხლის (სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე) დანაწესის გამოყენება ზემოაღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციასთან, რომლის გაქარწყლებაც არ მომხდარა.

14. დადგენილი პრაქტიკით ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საჯარო აქტით მოპოვებულ საკუთრების უფლებასა და მის დაცულობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ ოთხი წლის მანძილზე არ დაიცვა და არ აღასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სწორედ, სანივთო, ან ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობა გამორიცხავს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის ანუ მოპასუხის უფლებამონაცვლედ, სადავო საცხოვრებელი სადგომის ამჟამინდელი მესაკუთრის ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (შდრ. სუსგ. # ას-394-373-2013, 20.05.2014წ).

15. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე