საქმე №ას-1144 -2020 18 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.შ–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.ბ–ი’’ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,თ.ბ–მა’’ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ლ.შ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 1.1. 2015 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11 269.47 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9 159.21 ლარი, სარგებელი - 1 534.58 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი, დაზღვევა - 75.68 ლარი. 1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 9 159.21 ლარზე, 2017 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა 2019 წლის 10 თებერვლისა წლიური 8% სარგებლის გადახდა. 1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 03 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 9 159.21 ლარზე, 2017 წლის 27 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05 %-ის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. 1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 11 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6 895.36 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4 900 ლარი, სარგებელი - 1 895.36 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი. 1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 11 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 4 900 ლარზე, 2017 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 8% სარგებლის გადახდა. 1.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 11 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 4 900 ლარზე, 2017 წლის 27 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05 %-ის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს 100 ლარისა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.01.2018წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. ხოლო, ამავე სასამართლოს 31.05.2018წ.-ის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა ხარვეზის ვადის გაგრძელებაზე და მისი სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.07.2019წ.-ის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.05.2018წ. განჩინება საქმე სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივნისის განჩინებით აპელანტს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 14 დღე - აპელანტს დაევალა მითითება კონკრეტულად რა ნაწილში ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ასევე, მითითება რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას. ასევე, სახელმწიფო ბაჟის 1202,62 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
7. 2020 წლის 19 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით, რადგან სურს მოიძიოს ადვოკატი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსები ვადა 10 დღით.
9. 10.07.2020წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის წარმოების დასრულებამდე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
12. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივნისის განჩინებით აპელანტს დაევალა მითითება კონკრეტულად რა ნაწილში ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ასევე, მითითება რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას. ასევე, სახელმწიფო ბაჟის 1202,62 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
13. დადგენილია, რომ 2020 წლის 19 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით, რადგან სურს მოიძიოს ადვოკატი.
14. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.
15. დადგენილია, რომ 10.07.2020წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის წარმოების დასრულებამდე.
16. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
17. კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარე ამას მოითხოვს და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც სახელმწიფო ბაჟის გადავადების აუცილებლობაზე მეტყველებს.
18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მეექვსე მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მეექვსე მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მეექვსე მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
20. სააპელაციო სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
21. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
22. ამასთან, სასამართლო ხარჯის გადახდის გადავადება სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რა დროსაც, მხედველობაში მიიღება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, რაც თავის მხრივ, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის განჩინება, საქმე №ას-50-2020).
23. ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
24. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს ჯერ მიეცა ხარვეზის შევსების ვადა 14 დღე, ხოლო შემდეგ მისი შუამდგომლობის საფუძველზე ერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. მიუხედავად ამისა, მას არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის თუნდაც მცირე ნაწილი, რათა დავის მიმართ საკუთარი ინტერესი დაედასტურებინა, ასევე, არ წარმოუდგენია მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ამასთან 10.07.2020წ-მდე არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. პალატა განმარტავს, რომ აპელანტს 19.06.2020წ. განცხადებაში საერთოდ არ მიუთითებია სასამართლოსათვის მისი მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე და არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აპელანტი მის უსახსრობაზე საუბროს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ ახლავს განცხადებას თან.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა და არ არსებობს მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.
26. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
27. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
28. ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა წარდაგინა კერძო საჩივარი, რომელშიც განამარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგოობა სახელმწიფო ბაჟის გადავადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არის უკანონო, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ გააჩნია შემოსავალი, რომ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. მისი შემოსავალი 500 ლარია, რაც საკმარისი არ არის ოჯახის გამოსაკვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
34. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადავადებოდა, დაუსაბუთებელია.
35. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
36. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
37. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივნისის განჩინებით აპელანტს დაევალა მითითება კონკრეტულად რა ნაწილში ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ასევე, მითითება რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას. ასევე, სახელმწიფო ბაჟის 1202,62 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
38. 2020 წლის 19 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით, რადგან სურს მოიძიოს ადვოკატი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.
39. დადგენილია, რომ 10.07.2020წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის წარმოების დასრულებამდე.
40. კერძო საჩივრის ავტორი იმ გარემოებაზე უთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
41. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
42. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად. აპელანტებს ჰქონდათ საკმარისად დიდი დრო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ან ისეთი მტკიცებულების წარმოსადგენად, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის ბაჟის გადახდა არ შეეძლოთ და შესაბამისად მისი გადახდა საქმის განხილვის ბოლომდე უნდა გადავადებულიყო.
43. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
44. ამასთან, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ-ები №ას-1194-2019, 5 ივნისი, 2020 წელი; ას-254-239-2011, 11.05.2011).
45. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
46. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
47. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე