საქმე №ას-929-2020 18 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მეორე კასატორი - შპს „ი.....“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ი.....“-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან პირველი კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ უკანონო დაჯარიმებით მიყენებული ზიანის 33 408.07 ლარის, მოპასუხის მიერ ექსპერტიზის დაგვიანებით ჩატარების, თანხის დაგვიანებითა და არასრულად გადახდის გამო, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - სს „ს.ბ–ში“ 2017 წლის 1 მარტის შემდგომ გადახდილი პროცენტისა და (დამატებითი) საბანკო გარანტიისათვის გადახდილი 17 965,92 ლარის (ამ ნაწილში მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 08 ივლისის სხდომაზე შემცირდა), და ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი, მაგრამ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი და გარდაუვალი სამუშაოების (სამშენებლო ნაგვის შეგროვება და გატანა, ამწის ქვეშა კოჭებზე რელსების მონტაჟისათვის საჭირო ლითონის ელემენტების მონტაჟი, შიდა კედლების და ჭერების სამღებრო სამუშაოებისათვის ინვენტარული ხარაჩოს მოწყობა, 2 ადმინისტრაციული შენობის ლითონის კარკასის შესაღებად ინვენტარული ხარაჩოს მოწყობა) ღირებულების - 47 000 ლარის, დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 16 მაისს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/16-084. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს აღმოჩნდა გარკვეული სახის დაბრკოლებები, რომელთა გამოსწორებას მოსარჩელე ითოვდა. მან მიმართა მოპასუხეს 2016 წლის 21 ივლისს N2 წერილით და ითხოვა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაუზრდელად, სხვადასხვა მოცულობების კორექტირების ხარჯზე. აღნიშნულზე პასუხის მიუღებლობის გამო, 2016 წლის 13 სექტემბერს მიმართა დამატებით და ითხოვა არსებული პრობლემების გადაჭრა უმცირეს დროში, ვინაიდან ხელი ეშლებოდა სამუშაოების სრულყოფილად და დროულად შესრულებაში. 2016 წლის 26 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოპასუხეს ხის ფანჯრების ნაწილობრივ შეკეთების შეუძლებლობა ფანჯრების მთლიანად დაზიანებისა და მასალის სიძველის გამო და მოსთხოვა გადაწყვეტილების მიღება. 2017 წლის 9 იანვარს მოპასუხეს წერილით ეცნობა, სამუშაოების პრობლემების შესახებ. ამასთან, რადგან ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულებამდე დარჩენილი იყო რვა დღე, კომპანია დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ ახერხებდა აღნიშნულ ვადაში სამუშაოების დასრულებას, ითხოვა ყველა იმ გარემოების განხილვა, რამაც შეუშალა და უშლიდა ხელს სამუშაოების დროულად შესრულებაში.
3. 2017 წლის 10 თებერვალს, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 1 მარტი. 2017 წლის 1 მარტის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული იყო. 2017 წლის 10 მაისის წერილით, მოსარცელემ მოპასუხეს წარუდგინა საავანსო და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 2017 წლის 17 მაისის N1 წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია და ინვოისი საავანსო თანხაზე.
4. მოპასუხის N2553 წერილის პასუხად, 2017 წლის 17 მაისის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ სხვა სამუშაოებთან ერთად, ხიბურა ამწის ქვეშა კოჭებისა და ლიანდაგების სამონტაჟო სამუშაოებიც დასრულებული იყო. რაც შეეხება საამქროს წიბოვანი ფილების გამაგრებას, მოსარჩელის მიერ აღინიშნა, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება ტექნიკურად შეუსრულებადია. ფილების ქვიშის ნაკადით გაწმენდის დროს შესაძლებელია ფილები ძლიერ დაზიანდეს, ასევე, ამ სამუშაოს შესრულების დროს, ვერ მოხერხდება მუშახელისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაქმებული მუშახელის სიცოცხლეს, ამასთანავე, აღნიშნული სამუშაო პროექტში დეტალურად არ არის მოცემული. არსებული წიბოვანი ფილები საჭიროებდა დემონტაჟს და სახურავის მსუბუქი კონსტრუქციით მოწყობას.
5. 2017 წლის 22 მაისს, მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მოსთხოვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 -ს გადაგზავნა და ექსპერტიზის დაჩქარებული წესით ჩატარება და განუმარტა, რომ დაჩქარებული მომსახურების ღირებულებას გადაიხდიდა კომპანია.
6. 2017 წლის 8 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ 2016 წლის 16 მაისს გაფორმებული Nშს/16-084 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იქნა 92% - ით, რომელიც განისაზღვრა ტექნიკური ზედამხედველის მიერ, დარჩენილ სამუშაოებზე მოპასუხემ ითხოვა ექსპერტიზის დასკვნა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. დასკვნის წარდგენის შემდგომაც არ მოხდა შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 - ის ექსპერტიზაზე წარდგენა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად იქნა შესრულებული, თუმცა, მაინც არ ხდება ანგარიშსწორება მოპასუხის მხრიდან.
7. 2017 წლის 12 ივნისს, მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა Nშს/16-084 ხელშეკრულების შესაბამისად საავანსო და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები.
8. 2017 წლის 12 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა წერილობით და მიუთითა, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობისა და მოცემულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენდა 234 954.96 აშშ დოლარს დ.ღ.გ. -ს გარეშე, რაც შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარდგენილ ფორმა N2-ში ასახულ სამუშაოთა ჯამურ ღირებულებას. კომპანიას ანგარიშზე ჩაერიცხა 507 856.57 ლარი, ნაცვლად მიღება - ჩაბარების აქტით დაფიქსირებული 541 264.71 ლარისა. სხვაობამ შეადგინა 33 408.07 ლარი. შესაბამიასდ, მოპასუხეს ეთხოვა განმარტება თუ რის საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული თანხის დაკავება. ასევე, ითხოვა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ზემოაღნიშნულ ობიექტზე შპს „მ.ნ.ბ–ა“-ს მიერ სამუშაოს მსვლელობის პარალელურად შედგენილი შუალედური შემოწმების აქტები და საბოლოო 2017 წლის 19 მაისის N17/05/-1-39 კრებსითი საექსპერტო დასკვნა.
9. მოსარჩელის განმარტებით, შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულება დღემდე შეადგენს 47 000 ლარს, რაც დასტურდება შპს „თ.ა.ე.ა–“-ის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, ხოლო 2016 წლის 16 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2017 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის მოსარჩელის მიერ ბანკისათვის გადახდილი პროცენტი და საბანკო გარანტიის სახით გადახდილი თანხა, შეადგენს 30 441.38 ლარს. მოპასუხემ მოსარჩელეს 2017 წლის 17 მაისის N4252 წერილის პასუხად 2017 წლის 25 მაისს N2969 წერილით აცნობა, რომ ზედამხედველის 2017 წლის 24 აპრილის N17/04-1-31 წერილის თანახმად, მხოლოდ რელსების შეპირაპირება და ფილების გამაგრება არ არის შესრულებული, ანუ 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, სხვა ყველა სამუშაო შესრულებული იყო, რელსების შეპირაპირება და ფილების გამაგრება კი, მოპასუხის ბრალეულობით რომ არ შესრულდა და ამ ნაწილში, შესრულება შეუძლებელი იყო, დასტურდება სარჩელზე წარდგენილი დასკვნებით.
10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სპეციფიკური პირობები 8.1. პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა, რომ საბოლოო ვადების გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1 % -ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულ იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი იქნება ქართულ ლარში, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების გარეშე 5 %-ს.
11. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულება. 2016 წლის 21 მარტს მოპასუხემ გამოაცხადა თბილისის სალოკომოტივო დეპოს ელმავლების პერიოდული შეკეთების საამქროს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, რომლის პროექტი მოწოებული იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და აღნიშნული ბიუროს დასკვნებით მიეცა შპს „კ–ის“ მიერ მომზადებულ სარეაბილიტაციო პროექტს რეალიზაციის რეკომენდაცია.
12. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე კომპანიამ მას წერილით მიმართა 2017 წლის 10 იანვარს და ითხოვა ხელშეკრულების შესრულების ვადების გახანგრძლივება 2017 წლის 1 მარტის ჩათვლით, სანაცვლოდ, კი იკისრა ვალდებულება საკუთარი ძალებითა და ფინანსებით ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი და პრობლემური საკითხების მოგვარებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულება. ამასთან, აღნიშნულ წერილში მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადა იწურებოდა 2017 წლის 16 იანვარს და მას სურდა, რომ წამოჭრილი პრობლემების შესახებ შემსყიდველისათვის ეცნობებინა ვადის ამოწურვამდე, მაშინ როდესაც ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა არა 16 იანვარს არამედ 10 იანვარს, სწორედ იმ დღეს, როცა მიმწოდებელმა კომპანიას პრობლემების შესახებ აცნობა. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელეს უკვე 6 დღით ჰქონდა გადაცილებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა. ამასთან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილება შესულიყო მხარეთა შორის სამუშაოების დასრულების ვადაში და განისაზღვრა 2017 წლის 1 მარტი.
13. 2017 წლის 1 მარტს მოსარჩელემ წერილობით მიმართა კომპანიას და აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული იყო. ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაო ფასდება ექსპერტის მიერ ობიექტზე წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, მხარეებს შორის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტზე ხელმოწერის გზით. ტექნიკური ზედამხედველის შეფასებით სამუშაოები შესრულებული იყო 92% -ით. შესაბამისად, შესასრულებელი იყო საამქროს გადახურვის წიბოვანი ფილების გამაგრებისა და ხიდურა ამწისქვეშა კოჭების და ლიანდაგის მონტაჟის სამუშაოები, რომელთა ღირებულება დღგ - ს გარეშე შეადგენდა 20 335.5 აშშ დოლარს. აღნიშნული ხარვეზების შესახებ კომპანიამ 2017 წლის 5 მაისს წერილით აცნობა მოსარჩელეს და აქვე გააფრთხილა, რომ ამოქმედებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
14. მოპასუხის მოთხოვნათა შესაბამისად 2017 წლის 08 ივნისს მოსარჩელემ წარადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა N003155617, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ „საამქროს შენობის გადახურვის წიბოვანი ფილების არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული პროექტის შესაბამისად აღდგენილით სამუშაოების შესრულება შეუძლებელია“. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გათვალისწინებით მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, რომლითაც ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდია: 2016 წლის 16 მაისი - 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით. შესაბამისად, მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო ვადებს გადააცილა 65 კალენდარული დღით, კერძოდ, სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 1 მარტისათვის, მაგრამ ფაქტობრივად დაასრულა 2017 წლის 05 მაისს, რასაც თავადაც ადასტურებს ზემოაღნიშნულ მიღება - ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოთა დასრულების ვადების გადაცილება 65 კალენდარული დღით დავას აღარ უნდა იწვევდეს.
15. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ნამდვილად დაუკავდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %, რაც განპირობებული იყო ხელშეკრულების 8.1 პუნქტით. კერძოდ, მხარის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებებმა შეადგინა 65 კალენდარული დღე, შესაბამისად გამოსაყენებელი პირგასამტეხლოს ოდენობაც იქნებოდა 6.5 %, რაც აღემატება ხელშეკრულებით დადგენილ პირგასამტეხლოს დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს. ორგანიზაციამ მიმწოდებელს დააკისრა და გადასარიცხი თანხიდან დაუკავა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %, რაც თანხობრივად შეადგენს 32 658.49 ლარს. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 13 526.07 ლარი, რომლის ნახევარი დაუკავდა მოსარჩელეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაქვითულმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 39 421.53 ლარი (32 658.49 ლარი 5 %- იანი ჯარიმა, ხოლო, 6 763.04 ლარი დაჩქარებული მეთოდით ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულების 50 %). საბოლოო ჯამში კომპანიის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილმა თანხამ ავანსისა და კონსიგნაციით გადარიცხულის სახით შეადგინა 599 270.83 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33 408,07 ლარის გადახდა. სარჩელი მოპასუხისათვის 17 965,92 ლარისა და 47 000 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
19. 2006 წლის 16 მაისს მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება Nშს/16-084 დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ფილიალ „მგზავრთა გადაყვანას“ თბილისის სალოკომოტივო დეპოს ელმავლების პერიოდული შეკეთების საამქროს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2017 წლის 10 იანვრამდე, განეხორციელებინა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე 272 699.48 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხელშეკრულება ძალაში მისი ხელმოწერის დღიდან შევიდა და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს, 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით, მოქმედებდა. ხელშეკრულების საერთო პირობების 7.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) მიღებულად მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ჩაითვლებოდა. შესყიდვის ობიექტის მიღების ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით მიმწოდებელი უზრუნველყოფდა. ამავე ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომელთა გამოც, ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება, შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, როგორც სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მათი დასრულების შემდგომ, ნებისმიერ დროს, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობების ხარისხისა და ვადების კონტროლი განეხორციელებინა, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში, იმ მომსახურებათა და მოწყობილობების კონტროლი განეხორციელებინა, რომლებიც სამუშაოთა შესრულებასთან იყო დაკავშირებული. ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტით, ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. მუხლით გათვალისწინებული საბოლოო ვადის გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.1% -ის ოდენობით დაეკისრებოდა, რომელიც აშშ დოლარში ანგარიშდებოდა და მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების დღის, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლით კურსის მიხედვით, ქართულ ლარში გაიქვითებოდა. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 5%-ს მიაღწევდა. თუ მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები დაირღვეოდა, რაც შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გამოვლინდებოდა, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეუსრულებელ სამუშაოთა დასრულებისათვის მიმწოდებლისთვის დამატებითი, გონივრული ვადა, განესაზღვრა. თუ მიმწოდებლის მიერ ამ ვადაშიც არ იქნებოდა დასრულებული სამუშაოები, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულება ვადამდე მოეშალა. ამ შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 5 % - ის ოდენობით, დაეკისრებოდა (ტომი II, ს.ფ.16, 17 – 19, 20 - 23).
20. 2017 წლის 10 იანვარს, მოსარჩელემ მოპასუხეს სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ამასთანავე, სანაცვლოდ, მენარდე, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება, დატვირთვა, გატანისა და სხვა პრობლემური საკითხების მოგვარების ვალდებულებას იღებდა (ტომი I, ს.ფ. 259, ტომი II, ს.ფ. 36).
21. მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 25 იანვრის N7/4 დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მხარეებს შორის 2016 წლის 16 მაისს გაფორმებული Nშს16-084 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის 49 კალენდარული დღით გახანგრძლივება და სამუშაოების დასრულების ვადად 2017 წლის 1 მარტი განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 57)).
22. 2017 წლის 10 თებერვალს, მხარეთა შორის, შეთანხმება N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/16-084 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გაფორმდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა განისაზღვრა. ცვლილება მხარეთა შორის 2016 წლის 16 მაისს გაფორმებულ Nშს/16-084 ხელშეკრულების შესავალ ნაწილში შევიდა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმსაზღვრელი პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 30 აგვისტოსი“. ამავე შეთანხმებით მიმწოდებლის ვალდებულებად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი საბანკო გარანტიების წარდგენა განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 55 - 56).
23. 2017 წლის 2 აგვისტოს, მხარეთა შორის, 2016 წლის 16 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტი შედგა. დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდია 2016 წლის 16 მაისი - 2017 წლის 5 მაისი. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 541264.71 ლარით განისაზღვრა. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელეს ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის ოდენობით ჯარიმა დააკისრა (ტომი I, ს.ფ 59-60).
24. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებამასზედ, რომ სამუშაოების ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა მოსარჩელის ბრალით არ იყო გამოწვეული.
25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 316-ე და 317-ე მუხლებით, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების ძალით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
26. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 16 მაისის Nშს/16-084 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, თავისი არსით, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების შესრულების ვადად 2017 წლის 10 იანვარი განისაზღვრა.
27. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს აღმოჩნდა გარკვეული სახის დაბრკოლებები, რომელთა გამოსწორებას მოსარჩელე საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილებით, შემკვეთისგან ითხოვდა.
28. 2016 წლის 21 ივლისს N2 წერილით მენარდემ შემკვეთს მიმართა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაუზრდელად, სხვადასხვა მოცულობების კორექტირების ხარჯზე, ითხოვა. ამავე წერილში მხარე ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ოთხ ძირითად მიზეზზე მიუთითებდა (ტომი I, ს.ფ. 73). აღნიშნულ წერილზე პასუხის მიუღებლობის გამო, მენარდემ შემსრულებელს 2016 წლის 13 სექტემბერს დამატებით მიმართა და უმცირეს დროში, არსებული პრობლემების გადაჭრა, ითხოვა, ამასთან მიუთითა, რომ პრობლემების აღმოფხვრის გარეშე ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების დროული და სრულყოფილი შესრულება შეუძლებელი იყო (ტომი I, ს.ფ. 74-75). საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 26 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოპასუხეს ხის ფანჯრების ნაწილობრივ შეკეთების შეუძლებლობა, ფანჯრების მთლიანად დაზიანებისა და მასალის სიძველის გამო და აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა (ტომი I, ს.ფ. 76). 2017 წლის 9 იანვარს მოპასუხეს დამატებით, წერილით ეცნობა, რომ ხელშეკრულების დასრულებამდე რვა დღე იყო დარჩენილი, თუმცა მენარდე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ ვადაში სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებდა. ამავე წერილში მოსარჩელე დეტალურად აღწერდა ყველა იმ დამაბრკოლებელ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვალდებულების დროულად შესრულებას უშლიდა ხელს (ტომი I, ს.ფ. 77-78). აღნიშნულ წერილებზე შემკვეთის მიერ საპასუხო წერილების გაგზავნა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, თუმცა, საქმეში არსებული შეუდავებელი მტკიცებულებით დგინდება, რომ სს „ს.რ–ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 25 იანვრის N7/4 დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მხარეებს შორის 2016 წლის 16 მაისს გაფორმებული Nშს16-084 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის 49 კალენდარული დღით გახანგრძლივება და სამუშაოების დასრულების ვადად 2017 წლის 1 მარტი განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 57).
29. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 10 თებერვალს, მხარეთა შორის, შეთანხმება N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/16-084 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, გაფორმდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტის, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად არაუგვიანეს 2017 წლის 30 აგვისტო შეთანხმდა (ტომი I, ს.ფ. 55 - 56).
30. ზემოაღნიშნული წერილებისა და შემკვეთის კონკლუდენტური მოქმედების განხორციელების ერთობლივი კვლევის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემკვეთი მენარდის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებსა და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების დროულად შესრულების შეუძლებლობის ფაქტს დაეთანხმა და მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭომ ვალდებულების შესრულებისა და ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო. აღნიშნული მტკიცების გამომრიცხველი გარემოება საქმის მასალებში შემკვეთის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება თავდაპირველად განსაზღვრულ ვადაში, მენარდის ბრალით არ მომხდარა.
31. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს 2017 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, სამუშაოების ის ნაწილი, რომლის ობიექტურად შესრულებაც შეიძლებოდა, შესრულებული ჰქონდა.
32. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა საფუძველს იცნობს. ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან სამართლებრივი მოწესრიგებით. კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს.
33. სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები. ადგილი უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით. სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი. დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. ვალდებულების დარღვევის დროს, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა მოვალის ქმედების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა.
34. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საგულისხმოა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წანამძღვრის მტკიცების მოვალეობა მოსარჩელეს ეკისრება. ამასთან, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სსკ-ის 412-ე მუხლი კი ადგენს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
35. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 მაისის ხელშეკრულების მე-8 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. მუხლით გათვალისწინებული საბოლოო ვადის გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.1 % -ის ოდენობით დაეკისრებოდა, რომელიც აშშ დოლარში ანგარიშდებოდა და მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების დღის, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლით კურსის მიხედვით, ქართულ ლარში გაიქვითებოდა. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 5 %-ს მიაღწევდა.
36. დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მიმართა და მიუთითა, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობისა და მოცემულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით დღგ-ს გარეშე, 234 954.96 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც შპს „ი.....“-ის მიერ წარდგენილ ფორმა N2-ში ასახულ სამუშაოთა ჯამურ ღირებულებას შეესაბამებოდა. კომპანიას ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხის ნაცვლად, 507 856.57 ლარი ჩაერიცხა, სხვაობამ 33 408.07 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მენარდემ შემკვეთს სთხოვა განმარტება, თუ რის საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული თანხის დაკავება. მოსარჩელეს ეცნობა, რომ მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით, შპს „ი.....“-ის მიერ ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდია: 2016 წლის 16 მაისი - 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით. მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო ვადებს 65 კალენდარული დღით გადააცილა, კერძოდ, სამუშაოები 2017 წლის პირველი მარტისათვის უნდა დაესრულებინა, მაგრამ, ფაქტობრივად, 2017 წლის 05 მაისს დაასრულა, რასაც ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის დაკავება მოყვა შედეგად, როგორც ეს ხელშეკრულების მე-8.1 პუნქტით იყო განსაზღვრული. აღნიშნული თანხის დაკავება მოსარჩელემ არამართლზომიერად მიიჩნია. შესაბამისად სააპელაციო პალატამ იმსჯელა მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების პერიოდზე და დადგენილად ცნო, რომ საქმის მასალებში არსებული 2017 წლის 1 მარტის წერილით მოსარჩელემ წერილობით მიმართა კომპანიას და აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული იყო (ტომი II, ს.ფ. 39). ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაო ექსპერტის მიერ ობიექტზე წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, მხარეებს შორის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტზე ხელმოწერის გზით, ფასდებოდა.
37. 2017 წლის 24 აპრილის N17/04-1-31 ტექნიკური ზედამხედველის შეფასებაში (შპს „მ.ნ.ბ–ა“) იკვეთება, რომ სამუშაოები 92 %-ით იყო შესრულებული. ამასთან, შესასრულებელი იყო საამქროს გადახურვის წიბოვანი ფილების გამაგრების, ხიდურა ამწის ქვეშა კოჭებისა და ლიანდაგის მონტაჟის სამუშაოები, რომელთა ღირებულება დღგ - ს გარეშე 20 335.5 აშშ დოლარს შეადგენდა (ტომი II, ს.ფ. 40). აღნიშნული ხარვეზების შესახებ შემკვეთმა კომპანიამ 2017 წლის 5 მაისს წერილით აცნობა მოსარჩელეს და გააფრთხილა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციები ამოქმედდებოდა.
38. 2017 წლის 17 მაისით დათარიღებული წერილით, რომელიც მენარდის მიერ შემკვეთისთვისაა გაგზავნილი, მენარდე შემკვეთის წერილის პასუხად განუმარტავს, რომ სხვა სამუშაოებთან ერთად, ხიდურა ამწის ქვეშა კოჭებისა და ლიანდაგების სამონტაჟო სამუშაოებიც დასრულებულია. მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებით განმარტავდა, რომ ამ წერილით მენარდე 2017 წლის პირველ მარტს შესრულებული სამუშაოების შესახებ დამატებით ინფორმაციას კი არ აწვდიდა, არამედ შპს „მ.ნ.ბ–ას“ მიერ შედგენილ დასკვნაში მოყვანილი დაუსრულებელი სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაციას აცნობებდა. სააპელაციო პალატა აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების თარიღად 2016 წლის 16 მაისი - 2017 წლის 05 მაისია მითითებული (ტომი I, ს.ფ. 59-60), ნ.ბ–ას აქტი 2017 წლის 24 აპრილსაა შედგენილი, შემკვეთი სამუშაოს სრულად შეუსრულებლობისთვის სანქციების დაკისრების თაობაზე მენარდეს 2017 წლის 05 მაისს ატყობინებს, ხოლო მენარდე, აღნიშნულ აქტში მითითებული ხარვეზების შესრულების შესახებ ინფორმაციას შემკვეთს 2017 წლის 17 მაისს, ანუ ხარვეზის არსებობის შეტყობიდან 12 დღეში (ამ ვადაში მენარდისთვის წერილის გაგზავნისა და მისთვის ამ წერილის ჩაბარებისთვის საჭირო დრო არ არის ჩათვლილი) უგზავნის.
39. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამუშაოს შესრულების სპეციფიკის გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომლის თანახმად საქმის მასალებში 2017 წლის 24 აპრილის აქტში მითითებული სამუშაოების შესრულება 2017 წლის პირველი მარტის შემდგომ განხორციელდა, აგრეთვე მენარდის 2017 წლის 17 მაისის წერილის გონივრული განსჯის შედეგად, დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს 2017 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, სამუშაოების ის ნაწილი, რომლის ობიექტურად შესრულებაც შეიძლებოდა, შესრულებული ჰქონდა, ვინაიდან სამუშაოთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დასკვნაში მითითებული ნაკლის გამოსწორება 12 დღიან მონაკვეთში, შეუძლებელი იყო.
40. 2017 წლის 17 მაისის წერილის შინაარსი კი, სწორედ შემკვეთისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად, ვინაიდან მხარე განმარტავდა, რომ ხიდურა ამწის ქვეშა კოჭებისა და ლიანდაგის მონტაჟის სამუშაოები, სხვა სამუშაოებთან ერთად, ანუ 2017 წლის პირველ მარტს, იყო შესრულებული. უფრო მეტიც, მიღება-ჩაბარების აქტში მენარდის მიერ სამუშაოების დასრულების თარიღად 2017 წლის 05 მაისია მითითებული (ტომი I, ს.ფ. 59-60), ანუ ის თარიღი, როდესაც შემკვეთი სამუშაოს სრულად შეუსრულებლობისთვის სანქციების დაკისრების თაობაზე მენარდეს ატყობინებს, რის პასუხადაც იღებს წერილს, რომ ხიდურა ამწის ქვეშა კოჭებისა და ლიანდაგის მონტაჟის სამუშაოები, სხვა სამუშაოებთან ერთად, ანუ 2017 წლის პირველ მარტ,ს უკვე შესრულებული იყო. შესაბამისად, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტში სამუშაოების დასრულების თარიღად არა 17 მაისი, არამედ 5 მაისია მითითებული, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული პასუხი დამკვეთმა დამაკმაყოფილებლად (დადასტურებულად) ჩათვალა.
41. რაც შეეხება ნ.ბ–ას 2017 წლის 24 აპრილის აქტში მითითებულ სხვა ხარვეზს, რომელიც გადახურვის წიბოვანი ფილების შესრულებას შეეხებოდა, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ ამ სამუშაოს შესრულება მის მიერ შეუძლებელი იყო.
42. მოპასუხის N2553 წერილის პასუხად, 2017 წლის 17 მაისის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ საამქროს წიბოვანი ფილების გამაგრება, ტექნიკურად შეუსრულებადია. ფილების ქვიშის ნაკადით გაწმენდის დროს შესაძლებელია ფილები ძლიერ დაზიანდეს, ასევე, ამ სამუშაოს შესრულების დროს ვერ მოხერხდება მუშახელისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაქმებული მუშახელის სიცოცხლეს, ამასთანავე, აღნიშნული სამუშაო პროექტში დეტალურად მოცემული არ იყო.
43. 2017 წლის 22 მაისს, მოსარჩელემ მოპასუხეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 -ს გადაგზავნა და ექსპერტიზის დაჩქარებული წესით ჩატარება მოსთხოვა და განუმარტა, რომ დაჩქარებული მომსახურების ღირებულებას თავად კომპანია გადაიხდიდა. საქმის მასალებში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულება შეუძლებელი იყო (ტომი I, ს.ფ. 64-73).
44. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს 2017 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, სამუშაოების ის ნაწილი, რომლის ობიექტურად შესრულებაც შეიძლებოდა, შესრულებული ჰქონდა, შესაბამისად შემკვეთის მიერ ხელშეკრულების 8.1 პუნქტით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების წინაპირობები არ არსებობდა, რაც მოწინააღმდეგე მხარისთვის მის მიერ დაკავებული - 33 408,07 ლარის, მენარდის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი უნდა გახდეს.
45. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯის - 47 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს.
46. სსკ-ის 631-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2017 წლის 19 მაისის N17/05-1-39 კრებსითი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები 2891,24 აშშ დოლარს შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. 42-55). აღნიშნული მტკიცებულების სისწორე მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რაც სააპელაციო პალატას უქმნის ვარაუდს, რომ აღნიშნულ გაანგარიშებას მენარდე დაეთანხმა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტი ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელ ფაქტობრივ ხარჯად 2891,24 აშშ დოლარს მიიჩნევს, უნდა დავასკვნათ, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი 47 000 ლარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვან გადაჭარბებას წარმოადგენდა, რომლის ანაზღაურების კანონისმიერ წინაპირობასაც გადაჭარბების შემკვეთთან შეთანხმება წარმოადგენს, რომლის არსებობას მოცემული საქმის მასალებით არ დგინდება. გარდა ამისა, 2017 წლის 10 იანვარს, როდესაც მოსარჩელემ მოპასუხეს სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, ვადის გაგრძელების სანაცვლოდ, მან შემკვეთს საკუთარი ძალებით, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება, დატვირთვა, გატანისა და სხვა პრობლემური საკითხების მოგვარება, შესთავაზა (ტომი I, ს.ფ. 259, ტომი II, ს.ფ. 36).
47. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამ მიმართებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ მენარდემ შემკვეთს აღნიშნული საქმეების განხორციელებაში მისი დახმარების მზაობა განუცხადა, თუმცა მათი საკუთარი ხარჯებით განხორციელების ვალდებულება არ უკისრია. პალატას მიაჩნია, რომ სადავო წერილის, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე გონივრული, ლოგიკური თუ გრამატიკული განსჯის შედეგად ნების ამგვარად განმარტების შესაძლებლობა არ დგინდება. როგორც ეს წერილშივეა მითითებული, დამატებითი ვალდებულების შესრულება მენარდემ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების სანაცვლოდ იკისრა, ანუ ეს იყო მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების პირობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნება აპელანტის ინტერპრეტაციის შესაბამისად განიმარტებოდა, მაშინ საქმის მასალებში არსებული მრავალრიცხოვანი წერილებიდან, რომელიმე მათგანში მაინც უნდა ყოფილიყო დამატებითი სამუშაოების საფასურის, გადახდის წესის, მათი განხორციელების ვადისა და სხვა არსებით პირობებზე შეთანხმება/საუბარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
48. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მენარდის მიერ 2017 წლის 01 მარტის შემდგომ გადახდილი საბანკო გარანტიის პროცენტის - 17 965,92 ლარის (ამ ნაწილში მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 08 ივლისის სხდომაზე შემცირდა), გადახდის ვალდებულება არ უნდა დაეკისროს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 879-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. პალატამ განმარტა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. 2017 წლის 10 თებერვალს, მხარეთა შორის, შეთანხმება N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/16-084 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, გაფორმდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტის, განისაზღვრა. ამავე შეთანხმებით მიმწოდებლის ვალდებულებად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი საბანკო გარანტიების წარდგენა დადგინდა (ტომი I, ს.ფ. 55 - 56).
49. სააპელაციო პალატამ მოხმობილი მტკიცებულებების კვლევის შედეგად მიიჩნია, რომ მენარდე 2017 წლის 10 თებერვალს არა მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 2017 წლის 01 მარტამდე შესრულებას დაეთანხმა, არამედ ასევე თანხმობა განაცხადა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 30 აგვისტომდე განსაზღვრულიყო. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება ხსენებულ თარიღებს შორის არსებულ პერიოდს, როგორც წესი, ნარდობის ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების შემდგომ ხდება შესრულების შემოწმება, რა დროსაც, შემკვეთი მისაღები სამუშაოს ხარისხს, მოცულობას და სხვა იმგვარ მნიშვნელოვან დეტალებს ამოწმებს, რაც შემდგომში შესრულების ანაზღაურების ან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ხდება. ამიტომ, ვინაიდან შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს, მისი მოქმედება არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების თარიღამდე, არამედ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, უმნიშვნელოვანესია. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ მენარდემ 2017 წლის 10 თებერვალს, კონკლუდენტურად, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე (2017 წლის 30 აგვისტომდე) წარდგენის ვალდებულება იკისრა, რაც მის მიერ საბანკო გარანტიაზე 2017 წლის 01 მარტიდან გადახდილი პროცენტის - 17 965,92 ლარის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავს.
50. სააპელაციო სასაამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლებით და მიიჩნია, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს (მოსარჩელეს) მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების, ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების არარსებობის ან ამგვარი გადაჭარბების შემკვეთთან შეთანხმებისა და საბანკო გარანტიაზე, ვალდებულების შესრულების შემდგომ, გადახდილი პროცენტის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერება უნდა დაედასტურებინა. საქმის მასალებში წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულების, ექსპერტიზის დასკვნის, ხარჯთაღრიცხვებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ 2017 წლის 01 მარტამდე აპელანტს ყველა ის სამუშაო, რომლის შესრულებაც ობიექტურად შესაძლებელი იყო, შესრულებული ჰქონდა, ხოლო მთლიანი სამუშაოების მოცულობის 8%-ის შესრულება ობიექტურად შეუძლებელი იყო, რაც შემკვეთს შესაძლებლობას ართმევდა, არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულებით შეთანხმებული სანქცია გამოეყენებინა. რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებას, აპელანტმა ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ მოთხოვნილი თანხა ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვან გადაჭარბებას არ წარმოადგენდა ან/და იგი შემკვეთთან შეთანხმებული იყო, რაც ამ თანხის ანაზღაურების საფუძველი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, იმ პირობებში, რომ მენარდე ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას 2017 წლის 30 აგვისტომდე დაეთანხმა, მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ 2017 წლის 01 მარტიდან 30 აგვისტომდე საბანკო გარანტიისთვის გადახდილი საპროცენტო სარგებლის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები არსებობდა.
51. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი. სს „ს.რ–ა“ (პირველი კასატორი) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო შპს „ი.....“-მა (მეორე კასატორი) – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
52. პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
53. პირველი კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ სამუშაოების შესრულების დროს აღმოჩნდა ხარვეზები, რის გამოსწორებასაც მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მოპასუხე მოსარჩელისაგან მხოლოდ იმ წერილების მიღებას ადასტურებდა, რომლებსაც შესაბამისი შტამპი ჰქონდათ. პირველი წერილი არის 2017 წლის 10 იანვრის, რომელშიც აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას პერიოდულად იკვეთებოდა გარკვეული პრობლემები. აღნიშნული პრობლემების უმრავლესობა დარეგულირდა. პირველი კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, თითქოს შემკვეთი რეაგირების გარეშე ტოვებდა მენარდის შენიშვნებს. პირველი კასატორი მიუთითებს, რომ მან ვადაც კი გაუგრძელა მენარდეს 2017 წლის 1 მარტამდე. ამის მიუხედავად მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ სამუშაოების პერიოდია 2016 წლის 16 მაისიდან 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით პერიოდი. ამდენად, სახეზეა 65 დღიანი ვადაგადაცილება. ეს გარემოება კი, შემკვეთს წარმოუშობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა, გაუგებარია სასამართლომ რატომ მიიჩნია პირგასამეტეხლოს დაკისრება უსაფუძვლოდ. პირველი კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასაამრთლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ვადის გადაცილებააში მას ბრალი არ მიუძღვის. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სამუშაოების ის ნაწილი, რომლის შესრულება ობიექტურად შესაძლებელი იყო, მოსარჩელეს 2017 წლის 1 მარტისთვის შესრულებული ჰქონდა. აღნიშნულის საპირისპიროდ მეტყველებს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 2017 წლის 5 მაისი - ე.ი. 65 დღიანი ვადაგადაცილება (იხ., პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები).
54. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მიმართ სანქციების ამოქმედების საფუძველი, შესაბამისად, დაკავებული 33 408.07 ლარის მენარდისათვის დაკავების საფუძველი არ არსებობს, პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ თანხაში შედიოდა აგრეთვე, ექსპერტიზის დაჩქარებულად ჩატარების საფასურიც, რომლის გადახდის ვალდებულება მენარდემ იკისრა.
55. მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
56. მეორე კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯის - 47 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო ხარჯთაღრიცხვის სავარაუდო ოდენობა, ვინაიდან მოსარჩელის წერილობითი შეთავაზებები ითვალისწინებდა სწორედ ხარჯთაღრიცხვის გაუზრდელად შესასრულებელი სამუშაოების კორექტირების ხარჯზე ხელშეკრულების შესრულებას, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ შესასრულებელი სამუშაოს კორექტირებისას მოხდებოდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებული სამუშაოების შესრულება, ხოლო ხარჯთაღრიცხვა არ შეიცვლებოდა. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა 2017 წლის 10 იანვრს წერილის შინაარსი. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი 47 000 ლარი.
57. ამასთან, მეორე კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საბანკო გარანტიაზე 2017 წლის 1 მარტიდან გადახდილი პროცენტის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების საკითხი. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს მენარდემ, კონკლუდენტურად, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების წარდგენის ვალდებულება იკისრა 2017 წლის 30 აგვისტომდე და არ უმსჯელია დამკვეთის ბრალეულობით ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დაგვიანებასა და თანხის ჩარიცხვის დაგვიანებაზე.
58. ამასთან, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის ნაწილში, მან შეამცირა მოთხოვნა 12475.46 ლარით (თავდაპირველად, მოთხოვნა 30 441. 38 ლარს შეადგენდა და სახელმწიფო ბაჟიც შესაბამისი პროპორციულობით იყო გადახდილი). სააპელაციო სასამართლომ კი, არ იმსჯელა შემცირებულ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხზე. რომლის ოდენობა 499 ლარია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
59. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით პირველი საკასაციო საჩივარი, ხოლო 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მეორე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
60. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
61. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33 408,07 ლარის გადახდა. სარჩელი მოპასუხისათვის 17 965,92 ლარისა და 47 000 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
62. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია ორი საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა თავდაპირველად, იმსჯელებს პირველი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.
63. პირველი კასატორის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 33 408,07 ლარი. პირველი კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, თითქოს რომ, შემკვეთი რეაგირების გარეშე ტოვებდა მენარდის შენიშვნებს. პირველი კასატორი მიუთითებს, რომ მან ვადაც კი გაუგრძელა მენარდეს 2017 წლის 1 მარტამდე, ყოველგვარი პირგასამტეხლოს გარეშე. ამის მიუხედავად, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ სამუშაოების პერიოდია 2016 წლის 16 მაისიდან 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით პერიოდი. ამდენად, სახეზეა 65 დღიანი ვადაგადაცილება. ეს გარემოება კი, შემკვეთს წარმოუშობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა, გაუგებარია სასამართლომ რატომ მიიჩნია პირგასამეტეხლოს დაკისრება უსაფუძვლოდ.
64. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ კასატორს დასაშვები საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი. მითითებულ საკითხზე ამომწურავად აქვს ნამჯელი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რომლითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს, მხარეთა შორის, შეთანხმება N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/16-084 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გაფორმდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა განისაზღვრა. ცვლილება მხარეთა შორის 2016 წლის 16 მაისს გაფორმებულ Nშს/16-084 ხელშეკრულების შესავალ ნაწილში შევიდა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმსაზღვრელი პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 30 აგვისტოსი“. ამავე შეთანხმებით მიმწოდებლის ვალდებულებად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი საბანკო გარანტიების წარდგენა განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 55 - 56).
65. 2017 წლის 2 აგვისტოს, მხარეთა შორის, 2016 წლის 16 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტი შედგა. დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდია 2016 წლის 16 მაისი - 2017 წლის 5 მაისი. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 541264.71 ლარით განისაზღვრა. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელეს ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით ჯარიმა დააკისრა (ტომი I, ს.ფ 59-60).
66. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სამუშაოების ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა მოსარჩელის ბრალით არ იყო გამოწვეული. აღნიშნულს, პირველი კასატორი სადავოდ ხდის. თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2016 წლის 21 ივლისს N2 წერილით მენარდემ შემკვეთს მიმართა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაუზრდელად, სხვადასხვა მოცულობების კორექტირების ხარჯზე, ითხოვა. ამავე წერილში მხარე ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ოთხ ძირითად მიზეზზე მიუთითებდა (ტომი I, ს.ფ. 73). აღნიშნულ წერილზე პასუხის მიუღებლობის გამო, მენარდემ შემსრულებელს 2016 წლის 13 სექტემბერს დამატებით მიმართა და უმცირეს დროში, არსებული პრობლემების გადაჭრა, ითხოვა, ამასთან მიუთითა, რომ პრობლემების აღმოფხვრის გარეშე ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების დროული და სრულყოფილი შესრულება შეუძლებელი იყო (ტომი I, ს.ფ. 74-75).
67. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 26 ოქტომბრის წერილით, მოსარჩელემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოპასუხეს ხის ფანჯრების ნაწილობრივ შეკეთების შეუძლებლობა, ფანჯრების მთლიანად დაზიანებისა და მასალის სიძველის გამო და აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა (ტომი I, ს.ფ. 76).
68. 2017 წლის 9 იანვარს მოპასუხეს დამატებით, წერილით ეცნობა, რომ ხელშეკრულების დასრულებამდე რვა დღე იყო დარჩენილი, თუმცა, მენარდე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ ვადაში სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებდა. ამავე წერილში მოსარჩელე დეტალურად აღწერდა ყველა იმ დამაბრკოლებელ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვალდებულების დროულად შესრულებას უშლიდა ხელს (ტომი I, ს.ფ. 77-78). აღნიშნულ წერილებზე შემკვეთის მიერ საპასუხო წერილების გაგზავნა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, თუმცა, საქმეში არსებული შეუდავებელი მტკიცებულებით დგინდება, რომ მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 25 იანვრის N7/4 დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მხარეებს შორის 2016 წლის 16 მაისს გაფორმებული Nშს16-084 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის 49 კალენდარული დღით გახანგრძლივება და სამუშაოების დასრულების ვადად 2017 წლის 1 მარტი განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 57).
69. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 10 თებერვალს, მხარეთა შორის, შეთანხმება N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/16-084 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, გაფორმდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტის, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად არაუგვიანეს 2017 წლის 30 აგვისტო შეთანხმდა (ტომი I, ს.ფ. 55 - 56).
70. ზემოაღნიშნული წერილებისა და შემკვეთის კონკლუდენტური მოქმედების განხორციელების ერთობლივი კვლევის შედეგად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთი მენარდის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებსა და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების დროულად შესრულების შეუძლებლობის ფაქტს დაეთანხმა და მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭომ ვალდებულების შესრულებისა და ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.
71. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
72. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა, რომ მას 2017 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, სამუშაოების ის ნაწილი, რომლის ობიექტურად შესრულებაც შეიძლებოდა, შესრულებული ჰქონდა.
73. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, პირველმა კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ წარმოეშობოდა პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09). სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
74. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,Rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbeitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aufl.,Rn.6; BGH NJW 1963, S.1197).
75. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014). საურავი, ისევე როგორც ჯარიმა, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს, შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც.
76. მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სამუშაოების ის ნაწილი, რომლის შესრულება ობიექტურად შესაძლებელი იყო, მოსარჩელეს 2017 წლის 1 მარტისთვის შესრულებული ჰქონდა. საკასაციო პალატის განმარტების მიხედვით (შეადრ: სუსგ №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016), ვინაიდან პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, განსხილველ შემთხვევაში, არ არსებობს მისი დაკისრების საფუძველი.
77. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ დაკავებული 33 408.07 ლარში შედიოდა აგრეთვე, ექსპერტიზის დაჩქარებულად ჩატარების საფასურიც, რომლის გადახდის ვალდებულება მენარდემ იკისრა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია დადაგენილი 2017 წლის 12 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მიმართა და მიუთითა, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობისა და მოცემულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით დღგ-ს გარეშე, 234 954.96 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც შპს „ი.....“-ის მიერ წარდგენილ ფორმა N2-ში ასახულ სამუშაოთა ჯამურ ღირებულებას შეესაბამებოდა. კომპანიას ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხის ნაცვლად, 507 856.57 ლარი ჩაერიცხა, სხვაობამ 33 408.07 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მენარდემ შემკვეთს სთხოვა განმარტება, თუ რის საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული თანხის დაკავება. მოსარჩელეს ეცნობა, რომ მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით, შპს „ი.....“-ის მიერ ფაქტიურად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდია: 2016 წლის 16 მაისი - 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით. მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო ვადებს 65 კალენდარული დღით გადააცილა, კერძოდ, სამუშაოები 2017 წლის პირველი მარტისათვის უნდა დაესრულებინა, მაგრამ, ფაქტობრივად, 2017 წლის 05 მაისს დაასრულა, რასაც ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის დაკავება მოყვა შედეგად, როგორც ეს ხელშეკრულების მე-8.1 პუნქტით იყო განსაზღვრული (ამ განჩინების პ.36).
78. რაც შეეხება მეორე კასატორის პრეტენზიას, შემკვეთი (მოსარჩელე) მოითხოვს სარჩელის უარყოფის ნაწილში გასჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფლებაზე მოპასუხისათვის 17 965.92 ლარისა და 47 000 ლარის დაკისრების ნაწილში.
79. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
80. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.
81. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავა წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან (სსკ-ის 629- ე და მომდევნო მუხლები). აღსანიშნავია, რომ მეორე კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯის - 47 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს.
82. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რომ ნარდობის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს რთული და მოცულობითი ხასიათის სამუშაოს შესრულებაც. რთული ან მოცულობითი სამუშაოების შესრულებისას ნარდობის ხელშეკრულებას თან ერთვის სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია (ნარდობის საგნის ტექნიკური დახასიათება -ხარჯთაღრიცხვა). ხარჯთაღრიცხვა მოიცავს სამუშაოების ცალკეული ეტაპების, სახეებისა და დანახარჯების მიხედვით ანაზღაურების რაოდენობის ცალ-ცალკე და საბოლოო შეფასებას (ჯამს). თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ ანაზღაურდება. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს ორი სახის: 1) მყარი, როცა ზუსტადაა განსაზღვრული ხარჯებისა და საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის და 2) მიახლოებითი, რომელიც სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. მითითებული ნორმის მიხედვით, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ბ. მენარდემ მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბა; გ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას; დ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ მენარდემ დაუყოვნებლივ შეატყობინა შემკვეთს. სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ ყველა ზემოაღნიშნული პირობა ერთდროულად არსებობდეს. ამასთან, უპირველესად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს სწორედ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც შემკვეთი მენარდისაგან მიიღებს შეტყობინებას მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შესახებ, მას შეუძლია, მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, თუ იგი თანახმაა, გადაიხადოს გაზრდილი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ მოისურვებს გაზრდილი ანაზღაურების გადახდას, მას შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო. მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.( შდრ. სუსგ №ას-888-834-2012, 30.12.2013). მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიახლოებითია ხარჯთაღრიცხვა, რომელიც სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული საზღაური (მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული), იმ შემთხვევის გარდა, როცა გადახარჯვის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიაჩნია, „რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ საფუძველზე გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მართებულად არის გამოყენებული სსკ-ის 629 (1) და 631(2) მუხლები, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები“. ( შდრ. სუსგ №ას-362-344-2015, 31.07.2015). საკითხი იმის შესახებ, მნიშვნელოვნადაა გადაჭარბებული თუ არა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს რაიმე ციფრობრივ მონაცემს, თუ როდის ჩაითვლება მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა მნიშვნელოვნად გადაჭარბებულად. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბება არ უნდა იყოს გამოწვეული ხელშეკრულების რომელიმე მხარის ბრალით. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. (ანალოგიურ დებულებებს შეიცავს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 650-ე პარაგრაფიც.). შესასრულებელი სამუშაოს გაძვირების არახელსაყრელი შედეგებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეთა შორის შესაძლო დავების თავიდან ასაცილებლად, ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვაში შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს დამატებითი და გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯების დასაფარავად რეზერვი ანუ დამატებითი ფულადი სახსრები.
83. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 19 მაისის N17/05-1-39 კრებსითი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები 2891,24 აშშ დოლარს შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. 42-55). ეს მტკიცებულება მენარდეს სადავოდ არ გაუხდია, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). ამ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა კი წარმოშობს ვარაუდის საფუძველს, რომ მენარდე მითითებულ დოკუმენტში წარმოდგენი;ლ გაანგარიშებას დაეთანხმა. ამდენად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებაში (ექსპერტიზის დასკვნა) ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელ ფაქტობრივ ხარჯად 2891,24 აშშ დოლარია მიჩნეული, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 47 000 ლარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვან გადაჭარბებას წარმოადგენს. გადაჭარბების ამგვარი ხარისხი კი, სსკ-ის 631-ე მუხლის ნორმატიული შინაარსით საჭიროებდა შემკვეთთან შეთანხმებას.
მენარდემ, ვერც შემკვეთთან შეთანხმების არსებობა ვერ დაადასტურა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 10 იანვარს, როდესაც მოსარჩელემ მოპასუხეს სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, ვადის გაგრძელების სანაცვლოდ, მან შემკვეთს საკუთარი ძალებით, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება, დატვირთვა, გატანისა და სხვა პრობლემური საკითხების მოგვარება, შესთავაზა (ტომი I, ს.ფ. 259, ტომი II, ს.ფ. 36). სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამატებითი ვალდებულების შესრულება მენარდემ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების სანაცვლოდ იკისრა, ანუ ეს იყო მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების პირობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნება აპელანტის ინტერპრეტაციის შესაბამისად განიმარტებოდა, მაშინ საქმის მასალებში არსებული მრავალრიცხოვანი წერილებიდან, რომელიმე მათგანში მაინც უნდა ყოფილიყო დამატებითი სამუშაოების საფასურის, გადახდის წესის, მათი განხორციელების ვადისა და სხვა არსებით პირობებზე შეთანხმება/საუბარი.
84. საკასაციო პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომელიც მენარდის მიერ 2017 წლის 01 მარტის შემდგომ გადახდილი საბანკო გარანტიის პროცენტის - 17 965,92 ლარის (ამ ნაწილში მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 08 ივლისის სხდომაზე შემცირდა) გადახდის ვალდებულებას შეეხება და განმარტავს, რომ სსკ-ის 879-ე და 880-ე მუხლების სამართლებრივი გამოყენების საკითხი არაერთ საქმეშია განმარტებული (შეადრ: სუსგ №ას-1627-2018, 29 იანვარი, 2019): საკასაციო პალატის განამარტების მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სსკ-ის 879-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით – არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება – ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. სსკ-ის 887-ე მუხლის ეს დანაწესი უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის საიმედოობას და იმავდროულად, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. ამასთან, კრედიტორის(ბენეფიციარის) მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად წარდგენილი პირობებით საბანკო გარანტიის არჩევა, ნიშნავს მის თანხმობას ამ პირობებზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
85. საკასაციო სასამართლო, საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, უთითებს, რომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად ორი ხელშეკრულება იდება: 1. გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება (სსკ-ის 880-ე მუხლი) და 2. თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი გარიგებაა და წარმოშობს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ (სსკ-ის 879-ე მუხლი). ამავდროულად, საბანკო გარანტიის გაცემით გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობა დამოუკიდებელია იმ ძირითადი ვალდებულებებისაგანაც, რომლის შესრულების უზრუველსაყოფადაც არის ის გაცემული (სსკ-ის 881-ე მუხლი).
86. სსკ-ის 885-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. ამდენად, მხარეები თავისუფალი არიან საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრის წესში, რაც შეიძლება დამოკიდებული იყოს როგორც კალენდარულ თარიღზე, რაიმე პირობაზე, რაიმე მოვლენის დადგომაზე, ასევე, რაიმე მოქმედების შესრულებაზე (იხ. სუსგ 20.10.2009წ. საქმე №ას-562-871-09).
87. მაშასადამე, საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
88. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს, მხარეთა შორის, შეთანხმება N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/16-084 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, გაფორმდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტის, განისაზღვრა. ამავე შეთანხმებით მიმწოდებლის ვალდებულებად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი საბანკო გარანტიების წარდგენა დადგინდა (ტომი I, ს.ფ. 55 - 56). დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს არა მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 2017 წლის 01 მარტამდე შესრულებას დაეთანხმა, არამედ, თანხმობა განაცხადა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 30 აგვისტომდე განსაზღვრულიყო. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება ხსენებულ თარიღებს შორის არსებულ პერიოდს, როგორც წესი, ნარდობის ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების შემდგომ ხდება შესრულების შემოწმება, რა დროსაც, შემკვეთი მისაღები სამუშაოს ხარისხს, მოცულობას და სხვა იმგვარ მნიშვნელოვან დეტალებს ამოწმებს, რაც შემდგომში შესრულების ანაზღაურების ან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ხდება. ამიტომ, ვინაიდან შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს, მისი მოქმედება არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების თარიღამდე, არამედ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, უმნიშვნელოვანესია. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული.
89. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მენარდემ 2017 წლის 10 თებერვალს, კონკლუდენტურად, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე (2017 წლის 30 აგვისტომდე) წარდგენის ვალდებულება იკისრა, რაც მის მიერ საბანკო გარანტიაზე 2017 წლის 01 მარტიდან გადახდილი პროცენტის - 17 965,92 ლარის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავს.
90. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას და რაიმე გამონაკლისს რომელიმე მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე კანონი არ ითვალისწინებს. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.
91. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, რომ მენარდე ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას 2017 წლის 30 აგვისტომდე დაეთანხმა, მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ 2017 წლის 01 მარტიდან 30 აგვისტომდე საბანკო გარანტიისთვის გადახდილი საპროცენტო სარგებლის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები არსებობდა.
92. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 449 ლარის დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო.
93. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
94. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
95. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
96. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ი.....“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ შპს „ი.....“-ს (ს.კ №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ფ–ის მიერ 19.10.2020-ში №9996677040 საგადახდო დავალებით გადახდილი 3248 ლარის 70% – 2273.6 ლარი.
4. კასატორ სს „ს.რ–ას“ (ს.კ №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 17/09/2020-ში №23834 საგადახდო დავალებით გადახდილი 1670.40 ლარის 70% – 1669.28 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი