21 დეკემბერი, 2020 წელი,
საქმე №ას-1251-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ს–ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ს–ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა (ძირითად სარჩლში), უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და ქონების ამ ნაწილზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ს–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე ან კასატორი) სარჩელი ლ.ს–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთას, არ დაკმაყოფილდა.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის შეგებებული სარჩელი შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობისა და ქონების ამ ნაწილზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცნობილ იქნა შეგებებული სარჩელით მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე, ქალაქ თბილისში, ......, ბინა #36-ში, 60.62 კვ.მ. ფართის (ს/კ #......) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ და ქონების ამ ნაწილზე გაუქმდა შეგებებული სარჩელით მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 2 700 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2020 წლის 10 დეკემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 2 700 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2020 წლის 10 დეკემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონის შესაბამისად, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორი სრულად უნდა გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 2 700 ლარის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ნ.ს–ას საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ნ.ს–ას (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) სარჩელის გამო, ლ.ს–ას (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთის (ძირითად სარჩლში), უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობისა და ქონების ამ ნაწილზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების (შეგებებულ სარჩელში) თაობაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე