7 დეკემბერი, 2020 წელი
№ას-1075-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ქ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 791 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც მდებარეობს ქ. ყვარელში, ...... (ს/კ ......), მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით (შემდეგში - გასაჩივრებული განჩინება) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის კასაციის საფუძვლების მითითებით და ამონაწერის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დღის მდგომარეობით ან სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. კასატორს მიეცა 5-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული განჩინება კასატორს 2020 წლის 27 ოქტომბერს პირადად ჩაჰბარდა.
6. 2020 წლის 2 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა ვადიანი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კასატორს სასამართლოს ინიციატივით გაუგრძელდა დარჩენილ ნაწილში ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ასლი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ თუ ხარვეზი ვადაში არ შეივსებოდა, საკასაცო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორს 2020 წლის 24 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
8. 2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის განცხადება, რომელსაც თან ერთვის საკასაციო საჩივარი, რომელშიც არ არის მითითებული კასაციის საფუძვლები და არც რაიმე დასაბუთებას მოიცავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მან ნაწილობრივ - სახელმწიფო ბაჟის ნაწილში შეავსო ხარვეზი. აღნიშნულის შემდეგ, ამავე სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა ხარვეზის დარჩენილი ნაწილის - დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის აღმოსაფხვრელად.
11. 2020 წლის 27 ნოემბერს კასატორმა კვლავ დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივარი წარმოადგინა სასამართლოში.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორს უკვე ორჯერ დაუდგინდა ხარვეზი ამ ნაწილში - დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად, თუმცა, დადგენილი ხარვეზი მან სრულად არ შეავსო. გასათვალისწინებელია, რომ ხარვეზის შევსება კასატორის ინტერესიდან გამომდინარეობდა და მან მაინც არ აღმოფხვრა აღნიშნული. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის დამატებით გაგრძელება შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვიდაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მზია თოდუა