Facebook Twitter

19 ნოემბერი, 2020 წელი,

საქმე №ას-748-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შსს სახელმწიფო ს.დ. ს.ს.პ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ე–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შსს სახელმწიფო ს.დ. ს.ს.პ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან სასაზღვრო პოლიცია) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინებას, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, ზ.ე–ძისათვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ზიანის - 4949 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორი მიიჩნევს, რომ განჩინება დაუსაბუთებელია როგორც მატერიალური, ისე პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში არ წარდგენილა მოსარჩელის ბრალეულობისა და მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე ბრძანების გაცნობის შესახებ მტკიცებულება, უსაფუძვლოა, რადგან, აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის „eflow“ მეშვეობით ჩაჰბარდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების არარსებობა, სახელდობრ:

4.3. მოპასუხე 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2013 წლიდან კი, შსს სამინისტროს სსდ - ს.ს.პ–ის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის #2 (ახალციხის) სამმართველოში მობილური ოცეულის II ჯგუფის მობილური ოცეულის უმცროსი ინსპექტორის (მეტყვიამფრქვევე) თანამდებობაზე იყო დასაქმებული.

4.4. სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი და მობილურ ოცეულზე სარგებლობაში გადაცემული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი 78“, სახელმწიფო ნომრით GE- ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა), დაზღვეული იყო სს „ს.კ.ა–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადაზღვევო კომპანია ან მზღვეველი).

4.5. სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის ერთ-ერთი მატერიალურად პასუხისმგებელ პირი მოპასუხეც იყო.

4.6. ავთანდილ ბაღდადაშვილმა, რომელიც 2017 წლის 13 აგვისტოს 22:35 სთ-ზე მოპასუხესთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობს ასრულებდა #6 სასაზღვრო სექტორის #26 ბლოკპოსტზე, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ნადირისგან (დათვისგან) თავდაცვის მიზნით, რა დროსაც გასროლილი ტყვია შემთხვევით სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას მოხვდა და დაზიანდა.

4.7. მოპასუხემ სადაზღვევო შემთხვევის (ავტომანქანის დაზიანების) თაობაზე ხელმძღვანელობას დროულად აცნობა. ამ უკანასკნელს კი, აღნიშნულის შესახებ მზღვეველისათვის არ უცნობებია.

4.8. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 8 ივლისის დასკვნით, ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალი, ცვეთის კოეფიციენტისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ - 4949 ლარია.

4.9. სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე შეუტყობინებლობის გამო, დამზღვევის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარყო.

5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობამ განაპირობა. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809-776-2016, 04.04.2017).

6. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ანაზღაურებაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხს და უთითებს რომ მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, სადაზღვევო შემთხვევისას (ავტომანქანის დაზიანებისას) ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი სადაზღვევო კომპანიისა და მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დაკისრების თაობაზე მისთვის დადგენილი წესით არ უცნობებიათ. საკასაციო სასამართლო იზიარებს მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება, თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დადგენილია, რომ მოპასუხემ სადაზღვევო შემთხვევის (ავტომანქანის დაზიანების) თაობაზე ხელმძღვანელობას აცნობა, ხოლო მისთვის ბრძანების გაცნობისა და მასზე დაკისრებული დამატებითი ვალდებულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველიც არ არსებობს და სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.

7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ.#ას-791-758-2016, 29.12.2016წ). არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

8. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შსს სახელმწიფო ს.დ. ს.ს.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე