Facebook Twitter

საქმე №ა-4999-შ-120-2020 25 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.კ–ი (ი.) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ი. (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის პირველი ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება #2009/49

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის პირველი ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 აპრილის #2009/49 გადაწყვეტილებით შეწყდა მ. ი–სა (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი, მან ქორწინებამდელი გვარი - კ–ი დაიბრუნა) და ა.ი–ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის 2000 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 11 დეკემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის პირველი ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 აპრილის #2009/49 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის პირველი ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 აპრილის #2009/49 გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ღია სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილების თანახმად სასარჩელო მოთხოვნა და სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა მოპასუხეს, თუმცა იგი არ გამოცხადდა და არც საწინააღმდეგო პოზიცია გამოუხატავს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის პირველი ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 აპრილის #2009/49 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ღია სასამართლო სხდომაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა და სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა მოპასუხეს, თუმცა იგი არ გამოცხადდა და არც საწინააღმდეგო პოზიცია გამოუხატავს.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ის (ი.ის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის პირველი ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 აპრილის #2009/49 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა მ. ი–სა (მან ქორწინებამდელი გვარი - კ–ი დაიბრუნა) და ა. ი–ს შორის 2000 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე