Facebook Twitter

საქმე №ა-5043-შ-122-2020 25 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.ყ–ი (პ.)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. პ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ბერზენბრუკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის დადგენილება #12 F 127/18S

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, ბერზენბრუკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის #12 F 127/18S დადგენილებით დავით პ–სა (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი, მან დაიბრუნა ქორწინებამდელი გვარი - ყ–ი) და კ. პ–ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის, ბერზენბრუკის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის წინაშე 2012 წლის 20 ივლისს, რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი #E71/2012) შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 14 დეკემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა გერმანიის, ბერზენბრუკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის #12 F 127/18S დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. გერმანიის, ბერზენბრუკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის #12 F 127/18S დადგენილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის საფუძველზე. დადგენილების თანახმად მოპასუხეს იგი არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის, ბერზენბრუკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის #12 F 127/18S დადგენილების და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის საფუძველზე. დადგენილების თანახმად მოპასუხეს იგი არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ყ–ის (პ.ის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ბერზენბრუკის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის #12 F 127/18S დადგენილება, რომლითაც დავით პ.სა (მან დაიბრუნა ქორწინებამდელი გვარი - ყ–ი) და კ. პ.ს შორის, ბერზენბრუკის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის წინაშე 2012 წლის 20 ივლისს, რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი #E71/2012) შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე