Facebook Twitter

საქმე №ას-1193-2019 2 დეკემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს.ხ–ი, ო.ხ–ი, მ.ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ხ–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თავდაპირველი მოპასუხეები – თ.ლ–ძე, მ. (დ.) ა–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ.ხ–ის სარჩელი ა.ბ–ის, დ.დ–ის, ე.დ–ის, მ.ბ–ის, ე.ბ–ის, ვ.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძის, გ.ს–ძის, ს.ს–ძის, ა.ს–ძის, თ.ბ–ის, მ.ხ–ას, მ.ხ–ას, შ.ო–ის, ლ.ო–ის, მ.ჯ–ას, ნ.ბ–ძის, ნ.გ–ას, ნ.ბ–ძის, თ. ბ–ძის, ქ. ბ–ძის, ო.ხ–ის, დ. ხ–ის, ს.ხ–ის, ლ. ხ–ის, ს. ხ–ის, ლ. ხ–ის, თ. მ–ის, თ.დ–ის, მ.ბ–ის და მ.ს–ის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელ, გ.ჟ–ს, ჩაბარდა 2019 წლის 14 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ხ–ის, ო.ხ–ის და მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელ, გ.ჟ–ს, ჩაბარდა 2019 წლის 14 ნოემბერს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული ყველა კასატორი ცხოვრობს ერთ მისამართზე და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ისინი არიან ოჯახის წევრები. ო.ხ–ი არის თეკლა მ–ის მეუღლე, ხოლო ს.ხ–ი არის მათი ოჯახის წევრი. ასევე მ.ბ–ი არის კასატორი მ.ბ–ის დედა.(აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილებით) შესსაბამისად, მათთვის ყველასთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე.

დადგენილია, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 15 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 22 ნოემბერს (პარასკევი). ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი გამოესწორებინათ 2019 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ხ–ის, ო.ხ–ის და მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი