Facebook Twitter

საქმე №ას-1355-2020 14 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ხ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.კ.უ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,ს.კ.უ–მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.მ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 3959 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოპასუხე რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 216-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილით იქნა გაფრთხილებული. ამასთან, უდავოა, რომ მან სააპელაციო საჩივარი, 2020 წლის 18 აგვისტოს წარადგინა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლომ მიუთითა იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზეც, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებზე და აღნიშნა, ვინაიდან, აპელანტი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის, დროისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, ის ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2020 წლის 3 ივლისიდან) არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (2020 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით), გამოცხადებულიყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2020 წლის 2 აგვისტოს), რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის კანონით დადგენილი ვადის მიხედვით არ მიუმართავთ, ამიტომ აპელანტისათვის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა 2020 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და 2020 წლის 17 აგვისტოს, 24:00 საათზე დასრულდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ 2020 წლის 18 აგვისტოს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და სსსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია, რასაც სააპელაციო საჩივარზე მის მიერ დასმული თარიღი - 17.08.2020წ. ადასტურებს და სააპელაციო სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ თარიღშია წარდგენილი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა დაარღვია.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე მის მიერ დასმული თარიღით - 17.08.2020წ. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობათ, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

15. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

16. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

17. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით [უდავოა ის ფაქტი, რომ აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს].

18. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (შდრ. სუსგ. №ას-873-2018, 2019 წლის 31 იანვარი). სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

19. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება №ას-1161-1106-2014).

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მართალია, არ ესწრებოდა მოპასუხე, თუმცა მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე. 2020 წლის 29 ივნისის მთავარ სხდომაზე, რომელსაც მოპასუხე და მისი წარმომადგენელი ესწრებოდნენ, მოსამართლემ სხდომის დასასრულს მხარეებს აცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2020 წლის 3 ივლისი, 17:00 სთ (იხ. სხდომის ოქმი და ხელწერილი ს.ფ. 83-84, 88), თუმცა მოსარჩელეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა - გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 2 აგვისტოდან და იმავე წლის 17 აგვისტოს ამოიწურა.

23. კერძო საჩივრის ავტორის პრეტეზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის მიხედვით - 2020 წლის 17 აგვისტოს წარადგინა, რასაც სააპელაციო საჩივრზე მის მიერ დასმული თარიღი ადასტურებს.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია, სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნება და, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული თარიღი სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღია, რომელიც ბუნებრივია ვერ შეფასდება სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღად. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ დასმული სააპელაციო საჩივრის სარეგისტრაციო შტამპით (იხ. ს.ფ. 96) დასტურებდა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2020 წლის 18 აგვისტოს.

25. პალატის აზრით, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თავად კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც სასამართლოში რეგისტრირებულია იმავე დღეს, ანუ 2020 წლის 18 აგვისტოს, სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციის შემდეგ [სააპელაციო საჩივარი რეგისტრირებულია შემდეგი ნომრით - №4836, ხოლო გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება №4837 (იხ. ს.ფ. 95-96)] .

26. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება.

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2020 წლის 18 აგვისტოს წარადგინა, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე