Facebook Twitter

№ას-456-2020 27 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ–ძე, გ. მ–ძე, გ. მ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ. მ–ძემ, გ. მ–ძემ და გ. მ–ძემ წარადგინეს სარჩელი ი.მ–ძის(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი კასატორი“), მ. მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე კასატორი“) და გ. მ–ძის (შემდეგში ტექსტში პირველ და მეორე კასატორთან ერთად მოხსენიებული, როგორც "მოპასუხეები") მიმართ და მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომლის ფართია 72.68 კვ.მ., ს/კ-ით ....., თითოეული მოსარჩელის 1/7 წილის თანამესაკუთრეებად ცნობა.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 26.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 186-196). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა კასატორმა და მეორე კასატორმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.07.2020წ. განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად. მას წარმოდგენილი ჰქონდა 2020წ. ცნობა მასზე, რომ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. შესაბამისად, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საკასაციო პალატამ მეორე კასატორს განუმარტა, რომ იგი არ იყო ცნობაში მითითებული.

5. შესაბამისად, რადგან არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება მასზე, რომ მეორე კასატორი ამჟამად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, მას დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით მეორე კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მეორე კასატორის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.07.2020წ. განჩინება მეორე კასატორს ჩაბარდა პირადად 13.10.2020წ. (იხ.: შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ს.ფ. 430). ჩაბარების დასტურზე აღნიშნულია როგორც გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერა (ხელრთვა), ისე მისი პირადი ნომერი.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, მეორე კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო ჩაბარების მეორე დღეს და ამოიწურა ამავე წლის 23 ოქტომბერს. ამდენად, მეორე კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მეორე კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი, №ას-97-2020, 2 აპრილი, 2020 წელი, №ას-242-2020, 28 ივლისი, 2020 წელი).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეორე კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე